"7 ნოემბერი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან დიდი ჩავარდნა - როცა ხელისუფლება ხარ, შენი პასუხისმგებლობაა, საქმე აქამდე არ მიიყვანო" - კვირის პალიტრა

"7 ნოემბერი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან დიდი ჩავარდნა - როცა ხელისუფლება ხარ, შენი პასუხისმგებლობაა, საქმე აქამდე არ მიიყვანო"

იმას, რაც 7 ნოემბერს მოხდა, პოლიტიკურად შეცდომა ჰქვია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

ბოკერია 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელი ხელისუფლების “ჩავარდნას“ უწოდებს და ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება ძალას იყენებს, ძალის გამოყენება უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც 7 ნოემბერს მოხდა.

"ქართული საზოგადოების და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანაა, რომ საქართველოში 7 ნოემბრის მსგავსი მოვლენები აღარასდროს მოხდეს. რა თქმა უნდა, როცა საქმე აქამდე მიდის, ეს ყოველთვის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცეოდა მაშინდელი ოპოზიცია ან რას ცდილობდნენ სხვა ძალები - როცა ხელისუფლება ხარ, შენი პასუხისმგებლობაა, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანო და ასევე, ძალის გამოყენებისას კანონის უზენაესობას ჰქონდეს ადგილი. ორივე თვალსაზრისით ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან დიდი ჩავარდნა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიგა ბოკერიამ.

მისივე შეფასებით, დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება 7 ნოემბრის მოვლენებს ხალხის შესაშინებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს, რაც განწირულია მარცხისთვის. “ხალხმა მაშინდელი ხელისუფლების ჩავარდნა ძალიან მძიმედ შეაფასა. ეს პოლიტიკური ფასი არის ის, რომ წინა ხელისუფლება 2012 წელს გადაირჩიეს. მოქმედმა ხელისუფლებამ ხალხს ის უნდა აჩვენოს, თავად რას სთავაზობს. ამ თვალსაზრისით ვერანაირი შეცდომიდან გაკვეთილი ვერ გამოუტანიათ. უფრო მეტიც, იქ, სადაც ჩვენი გუნდის მიერ დაწყებული საქმეები უნდა გაეგრძელებინათ, გააფუჭეს, ხოლო იქ, სადაც უნდა გამოესწორებინათ, ვერ გამოასწორეს და პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავეს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"