რას ამბობს პრემიერი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე, ლარზე, სალომე ზურაბიშვილსა და ხელფასების გაზრდაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს პრემიერი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე, ლარზე, სალომე ზურაბიშვილსა და ხელფასების გაზრდაზე

პრემიერ - მინისტრიმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც არაერთ საკითზე ისაუბრა. პრემიერი გამოეხმაურა სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

"რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან. ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ. ამ პროცესის შესახებ ინფორმირებულია ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს. მტკიცე მხარადაჭერა გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უსამართლობას აუცილებლად შევაჩერებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ოჯახების დახმარებას“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, 2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.

მამუკა ბახტაძე:

„2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით. 2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 14 000 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი. ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, ეს არის დაახლოებით 2900 ადამიანი. 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფაზე და განაცხადა, რომ 2020 წლისთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებები შესრულდება.

„სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც სწორედ 2013 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. დღემდე 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა, დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებიდან თანხების მობილიზება. 2020 წლისთვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა მოხდება სამ ეტაპად და 2020 წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

თუ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, სად არის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი და რატომ არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი წინასაარჩევნო შეხვედრების გრაფიკი, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურიც. თუ მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად, ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წინასაარჩევნო კამპანიაში იმდენი ტყუილი, დეზინფორმაცია თუ ფეიკნიუსი ფიქსირდება, არ მგონია რომელიმე სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში თუ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ამის მაგალითად გრიგოლ ვაშაძის დაპირება მოიყვანა 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით და ოპონენტებს კალკულატორის გაგზავნაც შესთავაზა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავცემ პასუხს იმ ცრუ დაპირებას, რომელიც 400-ლარიან პენსიას უკავშირდება. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, რამდენიმე კალკულატორი შემიძლია გავუგზავნო ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი, ვიდრე საერთო ხელფასი რაც ეკუთვნის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებული. არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილებს ეუბნებიან?",- განაცხადა ბახტაძემ

ის ასევე გამოეხმაურა ლარის დევალვაციის საკითხს. მისი მტკიცებით, არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ყველაფერს ხელი შეუწყო,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება, საკმაოდ შინაარსიანი და ობიექტური იყო.

„ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება არის საკმაოდ შინაარსიანი და ის ობიექტურ რეალობას ეყრდნობა. არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ყველაფერს ხელი შეუწო. ჩვენთვის მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი: ეს არის პირველ რიგში ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი ჩვენთვის და მეორე არის დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარიზაცია. ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე კურსის ცვლილება. ჩვენ გვერგო ეს მემკვიდრეობით, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. დავიწყეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იცით, რომ ლარიზაცია გაზრდილია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე და ის რისკები, რომელიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, იყოს დაბალანსებული“,- განაცხადა ბახტაძემ.