"ჩამოვედი იმიტომ, რომ მდგომარეობამ მოითხოვა. აქ ვარ ჩამოსული, რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე" - სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან - კვირის პალიტრა

"ჩამოვედი იმიტომ, რომ მდგომარეობამ მოითხოვა. აქ ვარ ჩამოსული, რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე" - სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან

"ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც გენერლებთან ერთად იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. სალომე ზურაბიშვილმა ატოცში განხადებები გააკეთა და თქვა, რომ მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან.

"მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

"როგორც მომავალი პრეზიდენტი, იქნება ჩემი მეორე ტურის კამპანია. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავიანთი არჩევანი, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და მე ვაჩვენებ როგორი მომავალი ექნება ამ ქვეყანას, როგორც პრეზიდენტი. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მდგომარეობამ მოითხოვა. მე აქ ვარ ჩამოსული, რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე. ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ჩვენ ავყვეთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რას აპირებს აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მთავარია მუშაობა პარტნიორებთან.

"მთავარია მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება, ამავე დროს ეს არ გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.