ვინ არის ქალი, რომელმაც ატოცში მყოფ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა - კვირის პალიტრა

ვინ არის ქალი, რომელმაც ატოცში მყოფ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

ლანა ღვინჯილია, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოკუპაციის ხაზთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.

"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია" - ასე მიმართა სოფელ ატოცში ჩასულ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ადგილზე მყოფმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“.

„მე ჩამოსული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი. მე ვაკეთებ განცხადებას, როგორც, მომავალი პრეზიდენტი“, - აღნიშნა მან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა ტერიტორიულ მთლიანობასა და საოკუპაციო ხაზის მოშლაზე უნდა იზრუნოს.

„დღეს ეს ყველაზე დიდი ტკივილია. ეს არის ის, რაზე მომავალმა პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს, რომ ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ამ ტერიტორიის, ჩვენი ქვეყნის საზღვრები. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე დღეს, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელსაც არ შეუძლია, მშვიდად იცხოვროს და არ აქვს ის პირობები, რომ მშვიდად იმუშაოს და უზრუნველყოფილი იყოს.

პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე; პრეზიდენტი, როგორც ყველა მოქალაქის პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ამ ადამიანების ბედზე, ყოველდღიურ ბედზე. ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება, რამეთუ უსაფრთხოების გარეშე ცხოვრება და განვითარება მშვიდი არ არის, მაგრამ ასევე ეს არის მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც არის მთლიანად დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე და ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც მაღალმთიან რეგიონებს და ეს არის ძალიან სწორი პოლიტიკა, ასევე საზღვრის პირას სოფლებს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას საქმიანობდნენ პრეზიდენტობის კანდიდატის მშობლები?