ქართული პოლიტიკის გადამალული პოლიტიკოსები - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკის გადამალული პოლიტიკოსები

ლევან რაზმაძის ბლოგი

ერთმანეთისთვის "რუსეთის აგენტობის" დაბრალების გარდა, ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციაც აქვს  - "პოლიტიკოსების გადამალვა", ანუ ამომრჩევლისთვის არაპოპულარული სახეების მედიასივრციდან დროებით აორთქლება.

ამ ხრიკს მმართველი პარტიები კრიზისული მდგომარეობის დროს მიმართავენ ხოლმე - იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამომრჩევლებს აღიზიანებენ და მათში აგრესიას იწვევენ, უკრძალავენ ტელეეთერებში გამოჩენას და განცხადებების კეთებას. მედიასცენაზე კი შედარებით "კეთილი ძიებს, დეიდებს" და "ბუნჩულა ბიჭებს" უშვებენ, რომლებიც შესაძლოა, დიდ სიმპათიებს არ იწვევენ საზოგადოებაში, მაგრამ არც აღიზიანებენ.გია ბარამიძე

თუ არ ვცდები, პირველი გადამალული პოლიტიკოსის სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნის გია ბარამიძეს. ეს "მოქკავშირისა" და შევარდნაძის მმართველობის დროს მოხდა. ოღონდ მაშინ ბარამიძე ამომრჩეველს კი არა, ერთ კონკრეტულ ადამიანს გადაუმალეს - ასლან აბაშიძეს. ბარამიძემ სკანდალური განცხადებები გააკეთა აბაშიძეზე, აჭარის მმართველი მის თავს ითხოვდა, ჰოდა, ზურაბ ჟვანიამ ბარამიძე სასწრაფოდ ამერიკაში გაუშვა "სასწავლებლად". როცა სკანდალი ჩაცხრა, ბარამიძეც მორჩა "სწავლას" და დაუბრუნდა აქტიურ პოლიტიკას.

ამომრჩევლისთვის პოლიტიკოსების გადამალვის ხრიკი "ნაცმოძრაობამ" მასშტაბურად გამოიყენა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ტელეეთერებიდან ერთმანეთის მიყოლებით აორთქლდნენ ყველას და ყველაფრის მიმართ ჰიპერაგრესიული მაია ნადირაძე, "ღმერთი არ გაგიწყრეთ" გიგა ბოკერია და "სულს ამოგხდით თქვე ნაძირლებო" გივი თარგამაძე. წინა პლანზე წამოსწიეს "კეთილი ძია" და "ბუნჩულა ბიჭი" დავით ბაქრაძე და მას შემდეგ, ის სულ ამ როლს ასრულებდა. დღესაც ასრულებს "ევროპულ საქართველოში" უგულავა-ბოკერიას ფონზე. მოგვიანებით "ნაციონალურ მოძრაობას" ასევე დასჭირდა გადაემალა ნუგზარ წიკლაურ, რომელსაც "ნაცმოძრაობაში" გამოჩენის შემდეგ, აგრესიული განცხადებების გამო, "გიგა ბოკერია 2"-საც კი ეძახდნენ.

სხვათა შორის, მაია ნადირაძე სამუდამოდ გადამალეს და მისი აქტიური პოლიტიკური კარიერა დასრულდა, კომპენსაციად მიიღო მაღალხელფასიანი სამსახური კომუნიკაციების კომისიაში.

"ქართულ ოცნებას" "პოლიტიკოსების გადამალვის" მეთოდის გამოყენების საჭიროება აქამდე არ ჰქონია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ივანიშვილის პერსონა აკომპენსირებდა ყველაფერს - გოგი თოფაძეებს, თამაზ მეჭიაურებს, სოსო ჯაჭვლიანებს, ლუკა კურტანიძეებს და ა.შ.

თუმცა 2018 წლის ნოემბერში სხვა რეალობაა - "ოცნებას" წინ აქვს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, ძნელად პროგნოზირებადი ტური და მისი სტრატეგიული ამოცანაა, იმ ხალხის მიმხრობა, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა. შესაბამისად, "ოცნება" ამ ამომრჩევლის თვალში ნაკლებად გამაღიზიანებელი უნდა იყოს. ჰოდა, მმართველმა პარტიამაც მიმართა თავისი წინამორბედი ხელისუფლების ხრიკს.

მამუკა მდინარაძე და გუგული მაღრაძე საფუძვლიანად გადამალეს. ნახევრადგადამალულია არჩილ თალაკვაძეც (ეპიზოდურად ჩნდება მედიაში, ოღონდ იმ დოზით აღარ, როგორც ადრე). არჩილ თალაკვაძე

ასევე, ნახევრადგადამალულია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. უბრალოდ, ძნელია, ქვეყნის მეორე პირის სტატუსის მქონე ადამიანი საბოლოოდ ჩამოაშორო ტელეეთერებს, თორემ ალბათ, კობახიძეც გაიზიარებდა გუგული მაღრაძისა და მდინარაძის ბედს.

ეკა ბესელიას კი, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივისთვის ისევე საიმედოდ უპირებენ გადამალვას, როგორც თავის დროზე "ნაცმოძრაობამ" მაია ნადირაძე გადამალა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ეკა ბესელიას პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის(იურიდიული კომიტეტი) თავმჯდომარეობიდან ვიცე-სპიკერად უპირებენ გადაყვანას. ვიცე-სპიკერობა დღეს მხოლოდ ფორმალური თანამდებობაა და საერთოდ ხმა რომ არ ამოიღო, არც არავის გაახსენდები.

თუმცა "ოცნებას" ამ გადამალვა-გადამალვაში "გამოეპარა", რომ ტელეეთერებს დაუბრუნდნენ კარგად დავიწყებული ძველი სახეები - სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ოლეგ იაძე და ა.შ. ეტყობა, მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს ივანიშვილის მიმართვის პასაჟი "ძველი გვარდიის" შესახებ.

ამაზეა ნათქვამი: "გვინდოდა უკეთ, გამოვიდა როგორც ყოველთვის".

იხილეთ ასევე: ვინ არიან და რას მოღვაწეობენ დღეს ერთ დროს ქართული პოლიტიკის გავლენიანი ქალბატონები?!