"მათ აქვთ შესაძლებლობა ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები" - რას პასუხობს კალაძე ზაზა სარალიძეს? - კვირის პალიტრა

"მათ აქვთ შესაძლებლობა ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები" - რას პასუხობს კალაძე ზაზა სარალიძეს?

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ, დედაქალაქის მერია მათ კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს.

კახა კალაძის თქმით, მერია საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს, ამიტომ იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ვერ გამოიყენებდნენ, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს დედაქალაქის მერიამ უკვე განუმარტა.

"დედაქალაქის მერიას დაწყებული აქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ეს მე არ მომიფიქრებია და ეს არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად მათ განუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის და მათ აქვთ შესაძლებლობა ნახონ ქალაქში სხვა ადგილი სადაც არა იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ხელის შეშლა არ მოხდეს ერთმანეთისთვის. მათ მიეცემათ ამის უფლება, არანაირი პრობლემა არ არსებობს”, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ტერიტორიას არ დატოვებენ, მერია რა ზომებს მიიღებს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ამისთვის ძალიან მარტივი გამოსავალი არის კანონი.

"კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ამისთვის. ტერიტორია თავადაც შეუძლიათ აირჩიონ, შეზღუდული არავინ არ არის და დედაქალაქის მერია კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს”,- განაცხადა კალაძემ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, თბილისის მერიისგან მიიღეს წერილი, რომ უნდა შეცვალონ ლოკაციის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ აპირებენ ნაძვის ხის დადგმას. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.