"დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად" - კვირის პალიტრა

"დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად"

"მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში" - მერიის განცხადება

თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

თბილისის მერია ეხმიანება წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ ზაზა სარალიძის მიმართვა მერიისადმი და შემდგომში მერიის პასუხი პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს, რომელიც პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ და განვმარტოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისადმი.

გაცნობებთ, რომ ამა წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწიურად, ტრადიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.

თბილისის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს. თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.