"ამაზრზენი იყო სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ზურაბიშვილი ქართველი არ არის. ეს თქვა კაცმა, რომელმაც პირველივე მოსახვევში მოისროლა საქართველოს პასპორტი"
11-11-2018
"ამაზრზენი იყო სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ზურაბიშვილი ქართველი არ არის. ეს თქვა კაცმა, რომელმაც პირველივე მოსახვევში მოისროლა საქართველოს პასპორტი"
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" პოეტმა დათო მაღრაძემ ისაუბრა, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ჩვენს ბოლო ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ბრძანეთ, რომ გითხრათ, რომელიმე კანდიდატმა ჩემში ისეთი ენთუზიაზმი აღძრა, მისი მხარდაჭერა გადავწყვიტე-მეთქი, მოგატყუებთო, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ მხარდაჭერა აშკარად გამოუცხადეთ სალომე ზურაბიშვილს.

- ამ გადამეტებულმა კოაბიტაციამ სადემარკაციო ხაზი "ნაციონალურ­ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შო­რის უკიდურესად გააფერმკრთალა. ამას თვითონაც მიხვდნენ და "ქართული ოცნების" ლიდერები იძულებული გახდნენ, ზურაბიშვილის წარდგენისას ერთად
დამდგარიყვნენ და ყოფილ ხელისუფლებას გამიჯვნოდნენ.

გარდა ამისა, აშკარად გაჩნდა აგრესიული რევანშის საფრთხე. ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. აღარ ვაპირებდი ამ წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო განცხადების გაკეთებას, მაგრამ გადავწყვიტე, ხმამაღლა გამომეხატა ჩემი პოზიცია. სალომე ზურაბიშვილს ეტყობა, რომ კულტურულ წიაღშია აღზრდილი. ამაზრზენი იყო სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ზურაბიშვილი ქართველი არ
არის. ეთნიკურადაც რომ არ იყოს ადამიანი ქართველი, მაგრამ ქართველობა უნდოდეს, ასეთი რამ მაშინაც არ უნდა თქვა....

მერე საკითხავია, ამას ვინ ვის ეუბნება? სააკაშვილი, რომელმაც, როცა დადგა არჩევანის წინაშე, დათმო საქართველოს მოქალაქეობა და პირველივე მოსახვევში მოისროლა საქართველოს პასპორტი.

და ვის ეუბნება ამას? სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც, როცა დაუდგა არჩევანი, დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს სასარგებლოდ. ვინ არის ქართველი და ვინ - არა?!

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს აგრესიულ რევანშს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებისგან მომდინარეობს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად ვიცნობ, შემქმნოდა შთაბეჭდილება, რომ ის არავის თოჯინების თეატრის პერსონაჟი არ გახდება.

ჩვენი ხელისუფლების ერთი თვალსაჩინო დამსახურება არის ის, რომ სააკაშვილის შეშინებული ადამიანები, რომელთაც იმ ამაზრზენი რეჟიმის წინააღმდეგ სიტყვა არ დაუძრავთ, ახლა დიდი გაკაპასებით ებრძვიან ხელისუფლებას, ისე, რომ არავისი ეშინიათ. მე ამას დავარქვი ნებადართული სიმამაცე, მაგრამ მინდა შევასწორო და ნებადართულ სიკაპასედ მოვიხსენიო.

- იმედი გაქვთ, რომ თუ ხელისუფლება მოახერხებს ამ საარჩევნო პროცესის გამარჯვებით დასრულებას, საკუთარ მიდგომებს მნიშვნელოვნად შეცვლის?
- უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, გათავისუფლდეს იმ დამნაშავეებისგან, რომლებითაც დახუნძლულია სახელისუფლებო შტოები. საზოგადოების, ხალხის ხმის იმედი მაქვს და არა ხელისუფლების კეთილი ნების.

ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო... რაც საქართველო გათავისუფლდა, მესმის, რომ ქვეყანაში განათლების რეფორმა ტარდება. ამდენი წელი გავიდა და ყველა ახალი მინისტრი ახალ რეფორმას იწყებს. ამდენწლიანი ვითომ რეფორმით დღეს მოვედით იმ ეტაპზე, რომ სკოლაში ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი" აღარ ისწავლება - მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს ასწავლიან. გოგებაშვილის "დედაენაც" ვერ გაცოცხლდა ვერანაირად. აი, განათლების რეფორმის დიდებული შედეგები! ჰოდა, საზოგადოება აქეთაც, ასეთი საკითხებისკენაც უნდა იყოს მიმართული.

რაღაც აქოთდა ისევ დანიის სამეფოში, თუმცა გამოსავალი ისევ შეგნებული არჩევანია. მე - ერთი მოქალაქე ამ ქვეყნისა, ვეცდები, ხელისუფლების კეთილი ნების იმედად არ დარჩეს საქართველო. 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაზღვეული ვიყოთ, რომ ეს სიბინძურე აღარ განმეორდება და არ განვითარდება. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რადიკალური ზომები მიიღოს.

- ქუჩაში საპროტესტოდ გასული დათო მაღრაძე არაერთხელ გვინახავს. შეიძლება კიდევ გიხილოთ?
- ქუჩაშიც ვმდგარვარ, სტრენ­დის კათედრასთანაც, სახლშიც ვმჯდარვარ... სადაც დასჭირდება ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები! ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთჯერადი აქტი არ არის...
აქვე ვიტყვი: არა მგონია, სოლომონ დოდაშვილს, დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას და სხვა ჩვენს დიდ წინაპრებს მოსწონებოდათ კანაფის მომყვან ქვეყნად ქცეული სამშობლო... ილია ჭავჭავაძემ თავის ფარზე დაიტანა ტრიადა - ენა, მამული, სარწმუნოება. ამის საპირწონე ვერასდროს გახდება - ფული, კანაფი, ინოვაცია! იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით