"რაც ვიცი, ნეტავ, ისიც არ ვიცოდე..." - ჯუმბერ პატიაშვილის გულახდილი ინტერვიუ
20-11-2018
"რაც ვიცი, ნეტავ, ისიც არ ვიცოდე..."  - ჯუმბერ პატიაშვილის გულახდილი ინტერვიუ
ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა სასაუბროდ მცხეთაში მიმიწვია. მისი კარიერული გზა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კომკავშირული მოღვაწეობით დაიწყო. სხვადასხვა საფეხურის გავლის შემდეგ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, ხოლო "9 აპრილის" მერე თანამდებობიდან გადადგა. ბატონი ჯუმბერი ყოფილი მიწათმოქმედების ინსტიტუტის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ერთხანს ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. მან სახლში მოწყობილი ფოტოგალერეა, სამახსოვრო ნივთები და საკუთარი მეურნეობა დამათვალიერებინა. საამაყოდ მიიჩნევს ილია II-ს მიერ გამოგზავნილ წერილს, რომელიც სასულიერო აკადემიის გახსნაში მის წვლილს უკავშირდება. ამბობს, რომ კედელზე
გამოფენილ ფოტოებში მისი ცხოვრებაა ასახული, სადაც დგას ირაკლი აბაშიძის, იოსებ ნონეშვილის, თენგიზ მირზაშვილის, ვალენტინა ტერეშკოვას, პოლიტიკური მოღვაწეების, მსახიობების გვერდით...

- დასამალი არაფერი მაქვს. თუმცა, არის თემები, რომლებზეც არ ვსაუბრობ, რადგან ფაქტობრივად, დაუჯერებელია. ადრეც ახერხებდნენ ჩემთვის ჩირქის მოცხებას და ახლაც არ ერიდებიან, მაგრამ ამ საკითხს არ
შევეხები. ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, მომავალზე... სიცრუით ქვეყანა არ აშენდება. პრეტენზია არ მაქვს, რომ ყველაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ნეტავ, ისიც არ ვიცოდე.
საბჭოთა კავშირის დროს ერთადერთი რესპუბლიკა ვიყავით, რომელსაც დიასპორა არ ჰყავდა, მხოლოდ საფრანგეთში იყო მცირერიცხოვანი ნაწილი თავმოყრილი. მიმაჩნია, რომ პატარა ქვეყნისთვის დიასპორა წამგებიანია, ერთად უნდა ვიყოთ, ერი უნდა შეიკრას. ერთ-ერთი მტკივნეული თემა არჩევნების გაყალბებაა. ამომრჩევლის ზუსტი რაოდენობა დღესაც არ ვიცით. გაყალბებას საფუძველი 90-იან წლებში სწორედ შევარდნაძის დროინდელმა არჩევნებმა ჩაუყარა. ეს ვიცი, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატი ვიყავი. ამაზე ხმამაღლა როცა ვლაპარაკობ, ჰგონიათ, თანამდებობას მივტირი, ასე არაა...

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- მიჭირს პასუხის გაცემა. ბევრი რამ გაუქმდა სხვადასხვა სფეროში, მეცნიერება აღარ არსებობს. თუნდაც, ჩვენი დარგის სპეციალისტები ავიღოთ, მიწათმოქმედების ქვეყანაში შეიძლება, მიწათმოქმედების ინსტიტუტი არ არსებობდეს? კვლევითი ცენტრები იყო და სელექციური მუშაობა მიდიოდა, გვქონდა ჩვენი წარმოებული პროდუქცია. დღეს ყველაფერი შეწყვეტილია. მეცნიერებათა აკადემია ფორმალურად არსებობს. გულახდილად ვამბობ, გამოსწორების გზებს ვერ ვხედავ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი დამახინჯებული იქნება ყველა მხრიდან. როგორც ანბანში ასოებს თავისი ფუნქცია და ადგილი აქვთ, ასევე ჰქონდა საქართველოს, მაგრამ ახლა ფუნქცია დაკარგული გვაქვს...
ჩვენთან ზოგი დარგი კი არ დაიშალა, დაინგრა და განადგურდა. დაშლასა და ნგრევას შორის დიდი სხვაობაა. ახლა ინვესტიციებზე ბევრს ლაპარაკობენ, ეს წარმოებას ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, მეცნიერებისთვის ინვესტიციაზე არავინ ფიქრობს.

- კომუნისტური პარტიის წევრი როდის გახდით და როგორ გახსოვთ ის დღე?
- პარტიაში სტუდენტობის დროს შევედი. განსაკუთრებული და გამორჩეული არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჯერ ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი ვიყავი, მერე ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე და ბოლოს, მდივანი. კარგად ვსწავლობდი და სტალინური პრემიის სტიპენდიანტი გავხდი. იმ დროს ყველაფერი იდეალურად რომ არ იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ უფროს-უმცროსობა და ურთიერთპატივისცემა არსებობდა... მაშინ სასწავლებელში უპირატესობას ჯარგამოვლილებსა და სტაჟიანებს ანიჭებდნენ, მთავარია, გამოცდებზე არ ჩაჭრილიყვნენ. მე პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე, მაღალი ნიშნები მივიღე და ჩავირიცხე.
ჯუმბერ პატიაშვილი, ედუარდ შევარდნაძე
- რამდენიმე წლის წინ თქვენი მოგონებების წიგნი "ოცდასამი წლის შემდეგ" გამოვიდა. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამდე სათქმელი მიიტანეთ?
- ნაწილობრივ მივიტანე. მთლიანად შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი პრეტენზია არც მქონია. წიგნის წაკითხვის შემდეგ, ბატონმა რეზო ჩხეიძემ დოკუმენტური ფილმის გადაღება შემომთავაზა. თავიდან უარს ვეუბნებოდი, მერე კი გადაიღეს ფილმი "სიკეთე მაინც მოდის", რომლის კონსულტანტი ბატონი რეზო გახლდათ.

წიგნის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ როცა თავისუფალი დრო გაქვს, ბუნებაში ხარ და განვლილ გზას გადახედავ, თან ხედავ, რომ ქვეყანაში ის პროცესები, რომლის მოწმეც თავად გახლდით, ყოველგვარი გარკვევისა და შეფასების გარეშე მიდის, გადავწყვიტე, ჩემი მოგონებები დამეფიქსირებინა. საზოგადოების ერთი ნაწილი დაიჯერებს, ნაწილი - არა. აღმოჩნდება ოპონენტი, რომელიც თავისებურად ახსნის რომელიმე ეპიზოდს... როდის იყო მექრთამეს უთქვამს, ქრთამი ავიღეო? არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.

- კორუფციული და გახმაურებული საქმეებიდან "შამპანურის ბოთლების საქმე" გამიგია...
- მაშინ კვების მრეწველობის სფერო ჩემთან არ შემოდიოდა, ამიტომ დეტალებს ვერ გავიხსენებ, მაგრამ ფაქტია, წარმოება "მარცხენა" საქონელს უშვებდა. ვთქვათ, 10 მილიონი შამპანურის ბოთლი შეუძლია ჩამოასხას და 15 მილიონს უშვებდა. რაიონს შეუძლია, დავუშვათ 20 000 ტონა ყურძენი გადაამუშაოს და 30 ათას ტონას ამზადებს. ამას ფალსიფიკაცია მოჰყვება, ეს უკავშირდება შაქრის რაოდენობის გაზრდას. ისეთი დატვირთვით მუშაობდნენ, რომ ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში რკინიგზა შეიყვანეს, რათა ცისტერნა პირდაპირ შესულიყო და იქ დაემუშავებინათ, ე.ი. ნაკლები ხარჯი ჰქონოდათ... მოკლედ, დადგა 90-იანი წლები, შევარდნაძე დაბრუნდა და ვინც ასეთი რაღაცების გამო დასჯილი იყო, ყველა გამოუშვეს. მათ ასპარეზი მისცეს და ზოგმა თანამდებობა დაიბრუნა კიდეც. ერთმა ბაზრის დირექტორმა ქალბატონმა ისეთი მოგონებები დაწერა, რომ წაიკითხავ, გაგიჟდები, თავი ანგელოზად მოაქვს. უკვე პატიმრობა მისჯილი ჰქონდა, როცა ციხიდან გამოიპარა (ორგანოების ხელშეწყობით) და ჩავიდა მოსკოვში სხვისი პასპორტით. იქ თავისი ჭკუით საქმე ჩააწყო, ჟურნალის რედაქტორს მისცა ინტერვიუ. ამ ფაქტის შესახებ დოკუმენტური მასალა არსებობს.

- ცეკაში სოფლის მეურნეობის დარგის მდივანი როცა იყავით, დარღვევებზე მკაცრად ესაუბრებოდით რაიონის ხელმძღვანელებს?
- ვერ ვიტყვი, რომ ნეგატიურ მოვლენებზე მოფერებით ველაპარაკებოდი. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი. უზომოდ გაბერილ ციფრებს რომ მეუბნებოდნენ, პარტიულ ფუნქციონერებს ვეკითხებოდი: ვინ მოკრიფა და როგორ? სად გაქვთ ამდენი ძირი, რა ფართობი უკავია? თქვენთან საერთოდ არსებობს ეს ხილი? ბუჩქებიც კი რომ მოეთხარათ, იმ რაოდენობის ხილს მაინც ვერ მოაგროვებდნენ. საგარეჯოს რაიონში თათბირი ტარდებოდა, რომელსაც ქართლისა და კახეთის რაიკომის მდივნები ესწრებოდნენ, შევარდნაძეც იქ იყო. სიღნაღის რაიონიდან ბუჩუკურმა ყურძნის საკმაოდ გაზვიადებული რაოდენობა - 25-30 ათასი ტონა ახსენა. რთველი მთავრდება და კარგად მახსოვს, 300 ჰექტარია დარჩენილი დასაკრეფი, ამდენი როგორ უნდა დაამზადონ? ვდგები და ყველას თანდასწრებით ვამბობ: როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და ა.შ. შევარდნაძე მიხვდა, რომ არ გავჩერდებოდი, თათბირი დამთავრებულად გამოაცხადა და თბილისში დავბრუნდით. ჩვენ ერთ მანქანაში ვისხედით და მთელი გზა არ დამლაპარაკებია, ასე დავშორდით იმ დღეს ერთმანეთს. ბუჩუკურმა ისევ ისე გააგრძელა თავისი საქმიანობა...
ერთი საინტერესო წიგნი მინდა გაჩვენოთ, ის გორბაჩოვის დაწერილია და თავისი თბილი წარწერით გამომიგზავნა. ერთგან უწერია იმის შესახებ, რასაც შევარდნაძე მთავაზობდა 9 აპრილის შემდეგ, რომ ვითომ ჯარი მე შემოვიყვანე. ასე არ ყოფილა და ეს რატომ უნდა ვთქვა-მეთქი? - შევარდნაძეს რომ ვკითხე, ასე მითხრა, - გორბაჩოვმა გთხოვაო. მაშინ შეხვედრა მინდოდა გორბაჩოვთან და წერილი მივწერე, მაგრამ არ მიმიღო და მერე, მეც მაგარი პასუხი გავუგზავნე. სიმართლის გაგება რთულია, ამიტომ ვთხოვდი შევარდნაძეს შევხვედროდით ერთმანეთს და გაგვემართა დებატები, თუმცა, მან ეს თხოვნა არაფრად ჩააგდო.

- თქვენი გვარი საიდან მოდის?

- პატიაშვილები კახეთიდან არიან. პაპაჩემის ოჯახი, სამი ძმა კახეთიდან ქართლში - თეთრიწყაროში გადმოსახლდა, სოფელს შავსაყდარი ჰქვია. ჩემი დიდი ბაბო იყო არსენა ოძელაშვილის და. თავს ქართლ-კახელად ვთვლი, ასე უფრო სწორია. გურია ჩემი დედულეთია. ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი სამეგრელოს მიუძღვის. მამიდა ნანო პატიაშვილი და ბიძა დავით ჯიჭონაია საოცარი ადამიანები იყვნენ. დავითის მსგავსი უკეთილშობილესი კაცი იშვიათად მინახავს, მისგან აუგი სიტყვა არ გამიგია. ბიძაჩემი ცნობილი ფინანსისტი და სოციალისტური შრომის გმირი იყო.

- ფეხბურთი და კალათბურთი გიყვართ, თამაშობდით ბავშვობაში?
- საერთოდ, სპორტი მიყვარს, ბავშვობაში უფრო კალათბურთს ვთამაშობდი. ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს და მათ ლეგენდარულ მწვრთნელ ნოდარ ახალკაცს, მე მივეცი ამ დასახლებაში მიწის ნაკვეთები. სხვათა შორის, "დინამოს დასახლების" სახელი უბანს დღემდე შემორჩა. ბევრი მათგანი აქ ცხოვრობდა კიდეც. რამაზ შენგელია აქ გარდაიცვალა.

- საზღვარგარეთ ხშირად დადიოდით?
- უცხოეთში ყოველ წელს შემეძლო წასვლა, მაგრამ იშვიათად დავდიოდი. შვებულებას საქართველოში ვატარებდი ხოლმე.

- ცეკაში წერილებს რომ გზავნიდა ხალხი, ვინმე კითხულობდა?
- როგორ არა, გარდა ამისა, ყოველ ორშაბათს ე.წ. მიღების დღე გვქონდა. მინიმუმ 15-20 კაცს ვიღებდით ხოლმე. პირველი პირი როცა ვიყავი, რა თქმა უნდა, მაშინაც ვიღებდი ხალხს და არ ყოფილა თხოვნა, რომლის დაკმაყოფილება შესაძლებელი იყო და არ გავაკეთე. ერთ მაგალითს გეტყვით: მხატვარმა ნინო შალიკაშვილმა თხოვნით მომმართა, რადგან საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა. აღარც მახსოვდა, რომ მისი თხოვნა დავაკმაყოფილე. წლების შემდეგ, როცა შემხვდა, მადლიერება გამოხატა და თავისი სურათი მაჩუქა. აგერ, კედელზე მიკიდია.

- გქონიათ შემთხვევა, გულში სხვას ფიქრობდით და სიტყვით სხვას ამბობდით?
- არა... რასაც ვფიქრობდი, იმას ვამბობდი, რაც ხანდახან არასწორადაა შეფასებული. ზოგი მეუბნება, რომ თავი უნდა შევიკავო.
ჯუმბერ პატიაშვილი ოჯახთან ერთად
- მიამბეთ, ამ დასახლებაში როგორ ცხოვრობთ...
- დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ. სამწუხაროდ, სოფელს სახელი ჯერ ვერ დავარქვით, წელს გზა გავაკეთეთ. აქ არის სკოლა, რომელიც 1990 წელს გავხსენი. სოფლის ბავშვები სკოლაში მცხეთაში დადიოდნენ, უჭირდათ შორ მანძილზე სიარული. მოსწავლეების რაოდენობა საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ განათლების მაშინდელი მინისტრი თამაზ კვაჭანტირაძე დამეხმარა, ანგარიში გამიწია და შევძელით ყოფილი ინსტიტუტის ერთ შენობაში სკოლის განთავსება. საკმაოდ წარმატებული საშუალო სკოლა გვაქვს. წელს ილიას დარბაზი გავაკეთე. ერთ-ერთი ძველი შენობა აღვადგინე, სადაც ვიდეოჩვენებებსა და სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობთ. გვაქვს უამრავი დოკუმენტური ფილმი, მათ შორის ილიაზე, რომელიც მისი 150 წლისთავისთვის შეიქმნა, მაშინ საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. გვქონდა შეხვედრა ურამ დოჩანაშვილთან, ახლა ვგეგმავთ ბესიკ ხარანაულის მოწვევას. ეს ყველაფერი მოსწავლეებისთვის გავაკეთე, ამ წიგნებსაც დავალაგებთ და ბავშვები ყოველდღიურად ბიბლიოთეკით ისარგებლებენ. ჩემი პირადი წიგნებია, სახლიდან წამოვიღე.

- მეურნეობას ეწევით, რომელი ხეხილი გაქვთ და რა მოგყავთ?
- ვაშლის ხეივანში, თითოეულ ხეზე ორი სხვადასხვა ჯიშია დამყნობილი, ე.ი. სამი ჯიშია. წელს ნიშანი მოგვცა, მომავალ წელს მოსავალი - დაახლოებით 30 ჯიშის ვაშლი გვექნება. ამ ადგილს კაკლიანს ვეძახი, უეკლო მაყვალი წელს რატომღაც გაგვიხმა. აი, ჩინური კომშის ხე, ბამბუკების ღობე - აჭარიდან ჩამოვიტანე 30 ძირი და სწრაფად გამრავლდა. ბროწეულებს ერთ ადგილზე მოვუყარე თავი. ყვავილები მიყვარს, მაგრამ არც ისეთი მეყვავილე ვარ. ბოსტანს ვამუშავებ, წელს პომიდვრის კარგი მოსავალი მქონდა. ნახეთ, რა ორიგინალური ფორმის კვახებია. ეს დიაბეტის სამკურნალო მცენარეა - ტოპინამბური. რთველი გვქონდა და ყურძენიც დავწურეთ. კიდევ სამი კუ, თუთიყუში კოტიკა (სახელი შვილიშვილმა დაარქვა) და ძაღლი მყავს.

ისტორიულ ამბავს მოგიყვებით: თეირანის კონფერენციის შემდეგ, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა სტალინის ავტორიტეტი, საზეიმო ვახშამზე სტუმრებს საქართველოდან ჩატანილი ვაშლიც მიართვეს. ჩერჩილმა საოცარი შეფერილობისა და ფორმის ვაშლი ხელში აიღო და თქვა: ეს უთუოდ ფრანგულიაო. - არა, იტალიურს ჰგავსო, - ბრძანა რუზველტმა. - ტყუილად კამათობთ ამხანაგებო, ეს საბჭოთა ვაშლიაო, - თქვა სტალინმა ღიმილით და ამის დასტურად, ვაშლი ორად არა სიგრძეზე, როგორც ეს მიღებულია, არამედ სიგანეზე გაჭრა. ორივე მხარეს შუაგულში წიბოების ნაწილში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სიმბოლო, ხუთქიმიანი ვარსკვლავი გამოისახა.
ადრე სოფელი ძლიერი იყო თავისი დამოუკიდებელი ეკონომიკით - ეს დავკარგეთ. გაყიდეს და დაანაწილეს მიწები ორ შაურად. ვინც მეპატრონე უნდა ყოფილიყო და ვინც იმუშავა, იმან ვერაფერი მიიღო. ამან გამოიწვია ნგრევა.

- ამ სილამაზეში, ალბათ, უფრო ხშირად ოპტიმისტური ფიქრები მოდის.
- სამწუხაროდ, არა ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და რა ვქნა? ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი უმცროსი ვაჟი პაატა ორი თვეა ვაშინგტონში, ჩვენს საელჩოში უფროს მრჩევლად მუშაობს და ორივე შვილი წაიყვანა საზღვარგარეთ. 4 შვილიშვილი მყავს, სამი ბიჭი და ერთი გოგო. უფროსი ვაჟის, გიგას ბიჭმა კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა და ისიც წასულია. ძალიან მოწყენილი ვარ. შვილიშვილი მარიამი გათხოვდა, ბავშვს ელოდება და ეს მახარებს, ჩემი პირველი შვილთაშვილი დაიბადება.

- პოლიტიკური გაერთიანება "ერთობის" თავმჯდომარე ხართ. ამ კუთხით რა სიახლეებია?
- გაერთიანება დღეს არ მოქმედებს. ერთი მხრივ გული მწყდება, მეორე მხრივ ასპარეზს ვერ ვხედავ იმდენად, რამდენადაც პოლიტიკურ არენაზე ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ვფიქრობ, ჩემი მონაწილეობა პროცესებში სასიკეთოს არაფერს მოიტანს...


ნანული ზოტიკიშვილი
ვატო
03 დეკემბერი 2018 07:06
ბატონი ჯუმბერი არის პატრიოტი კაცი. დღეს ეს სიტყვა ფასდაკარგულია, მაგრამ ეს კაცი ცეკას პირველი მდივნის პოსტზეც პატრიოტი იყო და მერეც ასეთად დარჩა, - აე არ გახლავთ ადვილი საქმე. ვესაც ეეჭვება, მიმოიხედოს ირგვლივ და თვალი გადაავლოს ჩვენს უახლეს წარსულს...
ცისოს
23 ნოემბერი 2018 09:31
წესიერი რატომ უნდა ყოფილიყო ამხელა თანამდებობაზე...თუ მოკლე მეხსიერება გვაქვს და დიდი დროა მას აქეთ? :)))
İvana
21 ნოემბერი 2018 12:15
MASHİN MTAVROBASBİ CHAMDNEN İSE ROGORC QOCEBİ CHAMEN UMOWYALOD İİTOM VART GHARİBEBİ.

რედაქტორის რჩევით