"ოცნების" მთავარი შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილის ხაფანგში გაება"
16-11-2018
"ოცნების" მთავარი შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილის ხაფანგში გაება"
ფოტო:დავით უსუფაშვილი, ბიძინა ივანიშვილი
"ამ არჩევნებით ხელისუფ­ლება არ იცვლება. მაგრამ ორივე მხარის განწყობა ისეთია, რომ იცვლება და ეს ქმნის ფეთქებადსაშიშ ვითარებას"

"ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ­ გაიაზროს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე თვითონაა ყველას მთავრობა. უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ერთპიროვნული მმართველობა დასრულებულია", - ამბობს­ "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი. არსებობს თუ არა ამის შანსი, ეს ყველაფერი როგორ აისახება არჩევნების მეორე ტურზე და, როგორც ხელისუფლება წინასწარმეტყველებს, მართლაც მოსალოდნელია თუ არა არჩევნების შემდგომ ვითარების დაძაბვა, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" დავით
უსუფაშვილი
ესაუბრა:

- 2012 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იცვლებოდა, "ქართული ოცნების" მთავარი დაპირება იყო საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა, მისი გამთლიანება, ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ყველას ხელისუფლება იქნებოდა, მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრება, სადაც პარტიები და მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი ძალები ერთმანეთის კონკურენტები იქნებოდნენ და არა მტრები. "ქართული ოცნების"
ყველაზე მეტად შეუსრულებელი და მიუღწეველი ამოცანა ის არის, რომ მეექვსე წლისთავზე მივიღეთ პოლარიზებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მთლიანად საზოგადოება. ვითარებას ამწვავებს ისიც, რომ ხელისუფლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთობლივი მონდომებით პოლიტიკურ სპექტრშიც მოხდა სხვა პოლიტიკური ძალების ნიველირება და ამან შედეგად მოიტანა საზოგადოების თითქმის შუაზე გაყოფა, ორად გაყოფილ საზოგადოებაში კი დესტაბილიზაციის საფრთხე გაცილებით მაღალია.

საზოგადოდ, დემოკრატია მეორე ტურით მხოლოდ იგებს და ეს სასურველი­ რეალობაა, მაგრამ ჩვენთან ერთ მხარეს­ აღმოჩნდა სახელისუფლებო რესურსი და დაბალი ნდობის მქონე კანდიდატი, მეორე მხარეს კი რევანშის მოსურნე და ხელისუფლებით უკმაყოფილო აქტიური ამომრჩეველი.­ მსგავს ვითარებაში, როცა დემოკრატიულ ქვეყანაში მეორე ტურში­ ერთ-ერთი­ კანდიდატი იგებს, დამარცხებულსა­ და მის მხარდამჭერებს არა აქვთ განცდა,­ რომ ყველაფერი დაკარგეს. მათ აქვთ განცდა, რომ მიიღეს არასასურველი, მაგრამ ასატანი პრეზიდენტი. ეს არის კონკურე­ნცი­ის შედეგი და ვინაიდან ჩვენთან კონკურენცია კი არა, მტრობა და ერთმანეთის განადგურებამდე ბრძოლაა, დამარცხებულს აქვს განცდა, რომ საერთოდ განადგურდება და მისი ადგილი აღარ იქნება ქვეყანაში.
მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, პრეზიდენტის რეზიდენციაში 2012 წელს
"ქართული ოცნების" მთავარი შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილის დაგებულ ხაფანგში გაება და საპრე­ზიდენტო არჩევნები სახელისუფლებო არჩევნებად გადააქცია, მაშინ, როდესაც ამ არჩევნებით ხელისუფ­ლება არ იცვლება. მაგრამ ორივე მხარის განწყობა ისეთია, რომ იცვლება და ეს ქმნის ფეთქებად­საშიშ ვითარებას. რატომ? ხელისუფლება წაგების შემთხვევაში ფიქრობს, რომ დაკარგა ხელისუფლება, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ვერ მოიპოვა ნანატრი ხელისუფლება.

ამის გამო კი ვიღებთ შეშინებულ და დაზაფრულ ხელისუფლების მომხრეებს. ხელისუფლება თავისი მომხრეების შიშით მობილიზებას ცდილობს, მაგრამ იმდენს ვერ ხვდება, რომ ამ რიტორიკით დამატებით ენერგიას აძლევს მოწინააღმდეგის ამომრჩევ­ელს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხელის გაწვდენაზეა, მით უმეტეს, არჩევნების შედეგებით აქვს უპირატესობა და ეს მათთვის სტიმულია. ოპოზიციის მხარეს ენთუ­ზიაზმი, ხალისი და ჟინია, ხოლო შიში და დაბნეულობა ხელისუფლებისა. სწორედ ამ ტიპის დაპირისპირებაა სახიფათო.

- როგორ ფიქრობთ, თუ გაიმარჯვა, ვაშაძე მართლაც შეიწყალებს იმ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელთაგან ზოგი ციხეშია და ზოგი გაქცეულია? რამდენად რეალურია, რომ ამან გაამძაფროს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე?
- სწორედ იმაშია საქმე, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, ვაშაძე გახდება­ თუ არა პრეზიდენტი და შეიწყალებს თუ არა ვინმეს, დრო მაინც გადის და იმ პირთა­ პატიმრობის ვადები იწურება, ადრე თუ გვიან, მათ გარეთ ვიხილავთ და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ
აპოკალიფსური გააზრება იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძელით "ნაცმოძრ­აობის" მოსპობა და ახლა ისინი ციხეებიდანაც გამოვლენო, შეცდომა­ და ოპონენტთან ისეთი დამოკიდებულებაა, როგორიც­ მომხდურ მტერთან გექნებ­ოდა, ვთქვათ, ჯალალედინის შვიდასათ­ასიან ჯართან. ასეთი დამო­კიდებულებაა ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ და ეს იკითხება "ოცნების" აქტიურ მხარდამჭერებს­ შორის. იგივე ხდება ოპოზიციის მხარეს - ცოტა დაგვაცადეთ და, თქვენ იქნებით ჯალალედინის ლაშქარი, რომელსაც განვდევნით ქვეყნიდანო.

რაც შეეხება სააკაშვილისა და "ნაცმოძრ­აობის" რეიტინგის ზრდას, ეს ივანიშვილისა­ და მისი გუნდის ორი სტრატეგიული შეცდომის ბრალია: პირველი - გადაწყვიტეს, რომ "ნაცმოძრაობა" მათთვის საუკეთესო სპარინგპარტნიორია, რადგან მის ფონზე "ოცნება" ყოველთვის გაცილებით უკეთესი გამოჩნდებოდა. ამიტომ ჩათვალეს, რომ ყველა არჩევნებს მოიგებდნენ, სანამ ეგონათ, რომ სააკაშვილსა და მათი ხმების 20-25%-იან მაქსიმუმს აკონტროლებდნენ; და მეორე - მათ არ უნდოდათ ნამდვილი ოპონენტი­ და "ნაცმოძრაობას" რაც უნდა ეთქვა, მარტივად ეუბნებოდნენ, თქვენ არა გაქვთ ამის თქმის უფლება, თქვენ ჩვენზე უარესები ხართო, რასაც დღესაც აკეთებენ.

ამიტომ არ დაუშვეს სხვა პოლიტიკური ძალების ფეხზე დადგომა. ყველას უთხრეს, რომ პარტია გაეუქმებინა, "ქართულ ოცნებაში" შესულიყო და ვიღაცებმა ეს ძალიანაც მარტივად გააკეთეს. ვინც უარი ვთქვით, კეთროვანებად გამოვცხადდით.

- მეორე ტურის წინ სხვადასხვა პარტია უფრო აქტიურად უჭერს მხარს ამა თუ იმ კანდიდატს. ესეც ამ პოლიტიკის შედეგია თუ გამარჯვებისთვის ბრძოლა?
- ეს არის სწორედ ტოტალიტარული­ წნეხი - თუ ხმას არ აძლევ ვაშაძეს, ბიძინას­ მონა ხარ, თუ ხმას არ აძლევ სალომეს, "ნაცი" ხარ. ეს სწორედ იმ ორი პოლუსის შექმნის მცდელობაა, რაზეც ვილაპარაკე. ბევრ მოქალაქეს აქვს დილემა, ჩემი პრინციპულობით არ დავაზიანო ქვეყანა­ და რამე უბედურება არ მოხდესო. ამიტომ, რადგან­ ჩვენ საარჩევნო სუბიექტი აღარ ვართ, ახლა პარტიული დირექტივებისა და პარტიული დისციპლინის დაცვის დრო არ არის და ინდივიდუალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დროა, ჩვენს გუნდში ამ მხრივ თავისუფლება გამოვაცხადეთ.
პირადად მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანის ექვსი წლის განმავლობაში პრეზიდენტობაზე, რადგან არც ერთი აპირებს მთელი ქვეყნის პრეზიდენტობას და არც მეორე, ერთიც ერთი გუნდის სამსახურშია და მეორეც მეორისაში.
დავით უსუფაშვილი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ­ გაიაზროს - შემდეგ საპარლამენტო არჩევ­ნებამდე ეს იქნება ყველას მთავრობა და ყველა მოქალაქის სახელით მიიღებენ გადაწ­ყვეტილებას, მომხრისაც და მოწინააღმდეგისაც. ისინი ხელისუფლებაში არიან არჩევნების შედეგების მიუხედავად, და თუ დღეს გვეუბნებიან, რომ წაგების შემთხვევაში­ ვიღაც სხვა იღებს ძალაუფლ­ებას, ამით თავად ამბობენ უარს ხელისუფლებზე, თავად ემიჯნებიან იმ ფუნქციებსა­ და პასუხისმგებ­ლობას, რაც მათ აკისრიათ. ამიტომ მე მათ ვეუბნები - იმ ხმასთან ერთად, რომელსაც ითხოვენ ყველასგან, მათი მოთხოვნებიც გაითვალისწინონ.

- რა გაითვალისწინონ, რას ითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან?
- ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ, რომ ნებისმიერი გზით ზურაბიშვილის გამარჯვება შესაძლოა "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი დამარცხება აღმოჩნდეს. ნებისმიერ გზაში ვგულისხმობ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის არასწორად გამოყენებას. თუკი ამას შეეცდებიან და მიიღებენ სასურველ შედეგს, ზურაბიშვილს გამარჯვებულად გამოაცხადებენ, თავად იმ წუთშივე დამარცხდებიან.

ყველა მოგება არ არის მოგება. უნდა გაი­აზ­­რონ, რომ მათი ამოცანაა ქვეყნის მართვა მანამ, სანამ ხალხი მხარს უჭერს, მათ უნდა დაანახონ ხალხს გზა სახელისუფლებო ცვლი­ლებებისკენ. დღესვე უნდა თქვან, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება­ პროპორციული და არჩევნების თარიღი იქნება მოლაპარაკების საგანი. ასეთ შემთხვევაში ამ არჩევნებზე დაძაბულობა აღარ იქნება და მათაც მიეცემათ შვებით ამოსუნთქვის საშუალება... და კანდიდატიც გამო­აჩინონ, ნუ მალავენ. მიმართონ მოსახლეობას ძალიან მკაფიო მესიჯით - ხალხო,­ იძულებით ნურავინ ნურავის მისცემთ ხმას, თქვენი პასუხისმგებლობით მიიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ ვცდილობთ ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ გეშინიათ, ქვეყანა ცეცხლის ალში არ გაეხვევაო. ასეთ შემთხვევაში, ჩემი ღრმა რწმენით, ხმასაც მეტს მიიღებენ და მოქალაქეებსაც აღარ ექნებათ განცდა, რომ მთავრობა მათ აშანტაჟებს. თუ ხელისუფლება ამას მოახერხებს, შეიძლება ეს პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ გავიაროთ.

- ძველი სახეების წამოწევა რა მიზანს­ ემსახურება? აქვს ამ კატეგორიას ის რესურსი, რომ საზოგადოებამ მათ გამო მისცეს ხმა?
- ემოციური შეძახილებითა და სადღეგრძელოებით ვერაფერს მიაღწევენ. მოგვეცით კიდევ ერთი წელი და ბევრ რამეს­ გამოვასწორებთო, ამაში კონკრეტიკა არ ჩანს, რას გამოასწორებენ და როგორ. დიდი-დიდი, ვინმე შეცვალონ, მაგრამ ეს ხომ სისტემის შეცვლას არ ნიშნავს?! არადა, სისტემის შეცვლაა აუცილებელი. ე.წ. ძველი გვარდიიდან ოლეგ იაძე და კიდევ ვიღაცები გამოსულან და უთქვამთ, ივანიშვილთან უსუფაშვილმა დაგვბლო­კაო. ჯერ ერთი, 2016 წელს სიას ვინც ადგენდა, კარგად იციან და მე არაფერ შუაში ვარ, და მეორე, ნეტავ მეტი მომეხერხებინა ზოგიერთის­ იმ მთავარ საქმეებთან არმისაშვებად, ვინც ახლა მსაყვედურობს.

თუ ახლა ამ ადამიანების დაბრუნებაზეა ლაპარაკი, ამით რა გამოვა, ცხადია. თუმცა­ ეს მათი გადასაწყვეტია, რა კადრებით წარდგება "ქართული ოცნება", მაგრამ მინისტრებმა და ხელისუფლებამ უნდა გაითავისონ, რომ ისინი მხოლოდ პარტიის არ არიან და მათ სახელმწიფო აბარიათ. სახელმწიფო ინტერესი უნდა დააყენონ მაღლა და არა პარტიული. უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ერთპიროვნული მმართველობა უკვე დასრულებულია არა "ნაცმოძრაობის" სიძლიერის, არამედ მათივე სისუსტისა და უნიათობის გამო.

ეს კრიზისი დღეს არ დაწყებულა, ივანიშვილმა ეს, მინიმუმ, შარშან და­ინახა. ასე რომ, ერთმმართველო­ბის ეპოქა დასრულდა და უნდა მოემზადონ, რომ სამართლიანი და პროპორციული არჩევნების ჩატარების შემდეგ მათაც შეძლონ მმართველ კოალიციაში მონაწილეობა.
რაც მთავარია, ახლა ძველი სახეების წამოწევა ის მესიჯია, თუ ვინმე ნაწყენი ხართ, ახლა დაგვიჭირეთ მხარიო, და არა ის, ხელისუფლებაში გაბრუნებთო, თუმცა ბევრმა სწორედ ასე გაიგო, ახლა ჩავდგები რიგში და იქნებ რამე შემხვდესო.

- პირველი ტურის შემდეგ თქვენ თუ გქონდათ ივანიშვილთან კომუნიკაცია? კულუარული ინფორმაციით, მან თქვენ ღია მხარდაჭ­ერა მოგთხოვათ და ამის გამო ვერ მორიგდით.
- არანაირი შეხება ივანიშვილთან არ მქონია უკვე ორ წელზე მეტია. თუ რამეს ვამბობ მიმდინარე მოვლენებსა თუ სტრატეგიულ საკითხებზე, ვამბობ საჯაროდ. თუკი სურს, მოისმინონ მანაც და სხვამაც. არ ვთვლი, რომ შეხვედრაა საჭირო და ჩვენ შორის რაიმე გასარკვევია. ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყარა და ყველა ჩვენსას ვცდილობთ, მაგრამ, როდესაც საქმე მიდგება საერთო-პოლიტიკურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, დიალოგიც შეიძლება და ურთიერთობაც. თუმცა ისიც უნდა გავიაზროთ, აზრი აქვს შეხვედრას თუ არა. ორი დღის მოსული არა ვარ პოლიტიკაში, რომ რაღაც დაპირებებს წამოვეგო. ეს ყველამ კარგად იცის. არც ივანიშვილია მარტივი ადამიანი, უცბად რამეზე რომ დამეთანხმოს. ამიტომ შეხვედრის ამბავი ჭორია.

რუსა მაჩაიძე
სან დრო©
19 ნოემბერი 2018 11:03
მე არ მესმის იმ "მარტოხელა" პოლიტიკოსის რომლის რეიტინგი ქვეყანაში 3 % არ გადასცილებია. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს და ბარიერი 3%-ი, ის გარეთ დარჩებოდა და დაერქმეოდა არასაპარლამენტო ოპოზიცია რომელიც დღეს ძალიან მრავლად გვყვავს. 1,5 წელში უსუფაშვილი ვერ მოასწრებს იმ რაოდენობის ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზებას, რომელიც საჭიროა მესამე ძალად ჩამოყალიბებისათვის (ვერც გაერთიანებთ). ყველა პოლიტიკოსის (პარტიის) ნამდვილ სახეს კი საპარლამენტო არჩევნებზე დაინახავთ.
ადამიანი
19 ნოემბერი 2018 04:13
პოლიტიკურად განათლებულია.დიპლომატიური გამოცდილებაც აქვს და გარკვევით საუბრობს, მაგრამ შენ, ი. ალასანიას და თქვენნაირებს არაფერი გეშველებათ! მე ხმას მაინც არ მოგცემთ, რატომ? იმიტომ რომ კორუფციაში არ ერევით, ანუ არ ჩალიჩობთ მაყუთის კეთებას! ბიუჯეტიდანაც კი არ იღებდით დიდ პრემიებს. არ იგინებით და აგრესიულები არ ხართ! არც გიჟები ხართ და არც მილიონერები. მაფიოზურ-ქურდულ-კლანურ ურთიერთობებს ეწინააღმდეგებით და აბა მასეთები ვის რაში ჭირდებით საქართველოში.

რედაქტორის რჩევით