"მიტევების კვირა": სააკაშვილი - უგულავა - ოქრუაშვილი - ბერძენიშვილი... - კვირის პალიტრა

"მიტევების კვირა": სააკაშვილი - უგულავა - ოქრუაშვილი - ბერძენიშვილი...

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პროცესები ისე განვითარდა, არავინ რომ არ ელოდა. ყველაზე მოულოდნელი მაინც მიხეილ სააკაშვილთან ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და ლევან ბერძენიშვილის შერიგება იყო, რადგან ერთმანეთს წლების განმავლობაში მოღალატეებს ეძახდნენ და ერთმანეთის განადგურებით იმუქრებოდნენ.

"რუსეთის აგენტობიდან" "ბოდიშამდე"

მართალია, ლევან ბერძენიშვილმა სააკაშვილთან შერიგების შემდეგ განაცხადა, ადამიანი რომ ბოდიშს მოიხდის, უნდა აპატიოო, მაგრამ შერიგებამდე ერთმანეთზე ნეგატიური განცხადებები არ დაუშურებიათ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ლევან ბერძენიშვილი რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა, ცოტა ხნის წინ კი ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე ლევან ბერძენიშვილს სააკაშვილმა ბოდიში მოუხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ბერძენიშვილმა გაავრცელა და ბოდიშს "სასიამოვნო ფაქტი" უწოდა. სააკაშვილის ბოდიშამდე ბერძენიშვილს თანამშრომლობა პარტიათა კოალიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ შესთავაზა. მან ის"საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ პატრიოტად მოიხსენია, მაგრამ მაშინ ბერძენიშვილმა თანამშრომლობაზე უარი თქვა, პირველი ტურიდან ორ დღეში კი რესპუბლიკურმა პარტიამ და პირადად ლევან ბერძენიშვილმა სააკაშვილის გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სააკაშვილი: "გიგიმ ოქრუაშვილი გამახსენა და შემეცოდა"

იმის გამო, რომ "ევროპულმა საქართველომ" ევროპაში დადებული პირობა შეასრულა და სააკაშვილის ფავორიტ კანდიდატს მხარდაჭერა არჩევნებში დამარცხების დღესვე გამოუცხადა, სააკაშვილისა და ამ გუნდის ერთმანეთზე "კილოს შერბილებაც" არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი. თუმცა უგულავასა და სააკაშვილის შეხვედრა მაინც მოექცა ყურადღების ცენტრში, თუნდაც იმის გამო, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი ერთმანეთზე პირადად აკეთებდნენ ნეგატიურ განცხადებებს.

მათი ერთ-ერთი ბოლო კინკლაობა სექტემბერში გაიმართა. სააკაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, "მე მათ ბევრი რამ ვასწავლე, ხეზე ასვლის გარდა", რასაც უგულავას კრიტიკა მოჰყვა. "თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. "ტურფა საბაღნარო""თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ"," - წერდა გიგი უგულავა.

მათი კინკლაობა 2017 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც "ევროპული საქართველო" "ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო და ციხიდან ახალგამოსული გიგი უგულავა სწორედ მათთან დადგა. მაშინ სააკაშვილი მიანიშნებდა, უგულავა ციხიდან იმიტომ გამოუშვეს, რომ ივანიშვილმა მოისყიდაო.

"ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის შესრულება,"განდგომილების" რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვნობასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა", - განაცხადა სააკაშვილმა 2017 წლის 12 იანვარს.

ამას უგულავას პასუხი მოჰყვა "ევროპული საქართველოს" პირველ ბრიფინგზე: "მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი, მაგრამ ეს ადამიანი უკვე აღარ ასხივებს ლიდერობას. ამას ვამბობ გულისტკივილით, იმიტომ, რომ ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა. ჩვენ, პოლიტიკოსები, ვართ მანქანებივით, რომელიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, მოუარო როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ის ანტიკვარად არ იქცა და ისევ გაწუხებს, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მანქანა შეიძლება ჯართში მოისროლო".

ოქრუაშვილი: "სააკაშვილი ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის"...

დაპირისპირება სააკაშვილსა და ოქრუაშვილს შორის "ვარდების რევოლუციიდან" მალევე დაიწყო. ოქრუაშვილმა 2007 წლის სექტემბერში სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა, მათ შორის იყო მკვლელობების შეკვეთა. ამ განცხადებებიდან ორი დღის შემდეგ ოქრუაშვილი დააკავეს. დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ მან უარყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, ყოფილი მინისტრი გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გააძევეს.

2012 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს, თუმცა მომდევნო წლის იანვარში სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს და უნდა გადადგეს... სააკაშვილის დღეები დათვლილია," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა 2008 წლის 15 სექტემბერს.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან გამართლებულია ნებისმიერი ჰუმანური მეთოდით. იგი დღეს ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის და უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე რუსეთი... სააკაშვილი, რომელსაც თითქმის არანაირი მხარდაჭერა არა აქვს დასავლეთში... უფრო მისაღებია რუსეთისთვის. ახალი ლიდერი საქართველოში ნიშნავს ახალ იმედს. ერთი რამ ნათელია: სააკაშვილი არის თავის ტკივილი როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის", - ეს კი ირაკლი ოქრუაშვილმა 2009 წლის 28 მარტს თქვა.

2017 წლის მაისში ოქრუაშვილმა სასამართლოს სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და გირგვლიანის საქმეზე პირადად სააკაშვილი დაადანაშაულა.

გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს მუდმივად სიცრუეში ადანაშაულებდნენ, არც შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუკლიათ.

"საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს დამარცხება, როდესაც ის ერთიანია, აბსოლუტურად შეუძლებელია, მაგრამ მათ ისიც კარგად იციან, რომ ყოველთვის არის რაღაც პროცენტი მოღალატეებისა", - განაცხადა სააკაშვილმა 2007 წლის 29 სექტემბერს, წინადღეს ოქრუაშვილის მიერ გამართული აქციის საპასუხოდ.

"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 28 დეკემბერს.

დღეს ვითარება მოულოდნელად შეიცვალა - ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საშიშია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ხელისუფლებაში არ მოვიდეს. ამასთან, 2018 წლის 9 ოქტომბერს მან სააკაშვილთან დაკავშირებული რიტორიკაც შეცვალა: "აგვისტოს ომში სააკაშვილის დადანაშაულება საკუთარი სამშობლოს დადანაშაულებას ნიშნავსო".

რუსა მაჩაიძე