"მოიგებენ თუ წააგებენ, საბოლოოდ "ოცნება" უფრო მეტს დაკარგავს" - კვირის პალიტრა

"მოიგებენ თუ წააგებენ, საბოლოოდ "ოცნება" უფრო მეტს დაკარგავს"

"ივანიშვილის მთავარი შიში ისევ სააკაშვილია და მეტი არავინ. სხვა მას რეალურად საფრთხეს ვერ უქმნის და ამით აიხსნება ყველაფერი", - ამბობს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას. მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსი აქვს და ხელისუფლება მის გაყვანას უსამართლოდ თუ შეეცდება, მისთვისვე იქნება სახიფათო.

- ვითარება იმიტომ დამძიმდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტური სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად გამოაცხადა. თავადვე მაღლა ასწია თამასა და რომ არ ყოფილიყო ძალიან მძიმე ფონი მეორე ტურის წინ, მათთვის წაგება უფრო იოლი იქნებოდა, ახლა კი კატასტროფის ტოლფასი იქნება, მით უმეტეს იმ განცხადებების შემდეგ, არიქა, სამოქალაქო ომი დაიწყებაო. ამიტომ ყველანაირად უნდა შეეცადონ, რომ მოიგონ, მოგებისთვის კი უკანონო, გაუმართლებელ ქმედებებზე მიდიან, მაგალითად, როგორიც იყო ახალქალაქში ძალადობის და ცემის ორი ფაქტი. ამიტომაც, თუ არჩევნები ზურაბიშვილმა მოიგო, ეს კარგად არ იქნება აღქმული არსად, არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ. თუ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ეს ძვირი დაუჯდებათ, ამაში დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან და ეს მათთვისვე არის პრობლემა. მოიგებენ თუ წააგებენ, საბოლოოდ "ოცნება" უფრო მეტს დაკარგავს.

- როგორც ამბობთ, ახლა ხელისუფლებას ორი ცუდი არჩევანი აქვს. ქვეყნისთვის უფრო ცუდი რომელია?

- ჩემი აზრით, მათთვის უფრო ცუდი იქნება გაყალბებით ზურაბიშვილის გაყვანა. თუ ის გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში, პრობლემა არ არის, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ამ ქალბატონს სამართლიან არჩევნებში გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვს.

- თავიდან ეს არჩევნები თითქოს არც კი აინტერესებდათ. მეორე ტურისთვის რატომ გახდა ასეთი აქტუალური მაინცდამაინც ზურაბიშვილის გამარჯვება? - ეგონათ, ვინც უნდა დავასახელოთ, "ნაცმოძრაობის" კანდიდატს მოუგებსო. მაგრამ ამან 5 წელი იმუშავა, მეექვსე წელს კი, არა. ალბათ, იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობას" ჰყავდა მისი საუკეთესო კანდიდატი, მათ კი - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უარესი. ამას ახლდა ძალიან მძიმე ფონი - დაწყებული მარიხუანას საკითხით და დამთავრებული ტაქსების გადაღებვით თუ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანით. ეს შეცდომების კასკადი ბოლოს ზურაბიშვილის კანდიდატურამ "დაამშვენა". ჩანს, ძალიან დაბრმავებული იყვნენ. სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლება არა მხოლოდ აბრმავებს, ინტელექტუალურ დონესაც სწევს დაბლა.

მახსენდება სააკაშვილის შეცდომები, როცა ივანიშვილი გამოჩნდა. ჯერ იყო და, მოქალაქეობა წაართვა, მერე კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომ ივანიშვილს ჰქონოდა კენჭისყრის უფლება, 2012 წელს კი მერაბიშვილსა და ადეიშვილს მოუწოდა, გადით ხალხთან და იმუშავეთო. დაახლოებით იგივე ხდება ახლაც, "ოცნების" დეპუტატებსაც გამოუცხადეს, ხალხში გადითო.

- თუმცა ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში იშვიათად ჩნდება შეხვედრებზე... - მგონი, რაღაც ახალი მესიჯბოქსის ჩამოყალიბებას ელოდებიან.

არ გამოვრიცხავ, რომ დაქირავებული ჰყავთ ძვირად ღირებული უცხოელი პიარტექნოლოგები და მუშაობენ, თუ როგორ გამოასწორონ ის კატასტროფა, რომელიც მიიღეს. არადა, ეს იოლი არ იქნება, იმიტომ, რომ ზურაბიშვილს იმდენი რამე აქვს ნათქვამი, ახლა რაც უნდა ჭკვიანურად ილაპარაკოს, ძველს დაუტრიალებენ. მხოლოდ "ნაცმოძრაობის" ლანძღვით გაუჭირდებათ მოგება.

მარტო იქით ხელი იშვირო და ამ დროს დამალო შენი კანდიდატი, არასწორია. თუ კიდევ იმის ძახილი უნდათ, არიქა, ის 9 წელი დაბრუნდებაო და ამიტომ დაგვამადლონ სალომე, არ იმუშავებს. რაც უნდა ნეგატივი ახლდეს ვაშაძეს იმ 9 წლის გამო, თუ შენ საკუთარ კანდიდატს მალავ, ეს ნეგატივი აღარ იმუშავებს.

- ახლა მუშაობენ იმ ამომრჩეველზე, ვინც არც ერთის მხარეს არ იყო. მათი მიზიდვის შანსი რამდენად აქვს "ოცნებას"?

- ნაწილს, ალბათ, მიიზიდავენ. საკითხავი ის არის, გადაფარავენ თუ არა ამ ნაწილით მობილიზებულ "ნაცმოძრაობას", საკმაოდ მობილიზებულ "ევროპული საქართველოს" ამომრჩევლებსა და რესპუბლიკური პარტიის ერთ პროცენტს, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი აღმოჩნდეს.

- სამოქალაქო ომით დაშინება რამდენად სწორი სვლაა საარჩევნო თვალსაზრისით? შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა დადგეს? - სამოქალაქო ომი როგორ უნდა დაიწყოს? შეიარაღებულ ძალებს "ქართული ოცნება" აკონტროლებს. მათ, ვინც უნდა დაუძახოს, თუნდაც სააკაშვილმა, გამოდითო, დარწმუნებული ვარ, არ გამოვლენ.

იარაღი თუ აქვთ დაფლული "ნაცებს" და ვაშაძე აისხამს თოფს თუ ხანჯალს და გავარდება ტყეში? "ნაცმოძრაობას" რომც უნდოდეს, იმდენ ხალხს ვერ გამოიყვანს მშვიდობიან მიტინგზე, რომ ახალი "ვარდების რევოლუცია" მოაწყოს. ნამდვილად არ არის ამის მუხტი.

ასე რომ, ეს ყველაფერი, მე ვიტყოდი, უნამუსო და არასწორი სპეკულაციაა. 25 წლის წინ დამთავრდა სამოქალაქო ომი, დღესაც ძალიან მძიმედ გვახსოვს და ამის ხელახლა ხსენება არ არის სწორი.

- მხარდამჭერების ფიზიკური დაპირისპირება რამდენად მოსალოდნელია? - ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები. ერთ მხარეს კი არ უნდა იდგნენ, მათ შორის უნდა ჩადგნენ. მოდი, ასევ თქვათ - თუ მოიგებს "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს, ბუნებრივია, მას ხალხის გამოყვანა არ დასჭირდება, ხოლო თუ საპასუხოდ "ოცნება" აპირებს ხალხის გამოყვანას და "ნაცმოძრაობის" ჩაქოლვას, მაშინ გამოდის, მთავრობა იწყებს სამოქალაქო დაპირისპირებას. ომს არა, იმიტომ, რომ იმედია, ჯარს არ გამოიყვანენ ქუჩაში.

- "ქართული ოცნება" არ თვლიდა პრეზიდენტის პოსტს მნიშვნელოვნად. ივანიშვილმა ისიც თქვა, გამიხარდება, ოპოზიცია თუ გაიმარჯვებსო.

- "ნაცმოძრაობის" მოგება მათთვის ძალიან მძიმე იქნება. რომ ყოფილიყო თეორიულად შესაძლებელი, მოეგო, ვთქვათ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს, პრინციპში, მიიღებდნენ. იფიქრებდნენ, რომ ის მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებდა. ივანიშვილის მთავარი შიში ისევ სააკაშვილია. სხვა მას საფრთხეს ვერ შეუქმნის.

- რამდენად რეალურია, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება რუსეთის მოთხოვნის შესრულებაა? - არ მომწონს, სალომეს რომ რუსეთის აგენტს ეძახიან. დავუშვათ, მართლაც დაურეკეს ივანიშვილს, ზურაბიშვილი დაასახელეო, მაგრამ რა ბერკეტი აქვს მას, რომ ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს? ბევრად მარტივი იქნებოდა, მაგალითად, ივანიშვილისთვის ეთქვათ, დანიშნე ჩვენი ხალხი თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებადო.

ეს უკვე სულ სხვა თემაა და თუკი ეს მოხდება, ამაზე მერე ვისაუბრებთ.

რუსა მაჩაიძე