"პიარშიკების" პოლიტიკური ომი - კვირის პალიტრა

"პიარშიკების" პოლიტიკური ომი

"ირონიაა, რომ რუსული ჯგუფი ადანაშაულებს ოპონენტს პრორუსულ ორიენტაციაში"

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე "კვირის პალიტრასთან" საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აფასებს.

- მოლოდინი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურშივე მოიგებდა, თუმცა ასე არ მოხდა. გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მობილიზებული არ იყო, მათი დიდი ნაწილი საარჩევნო უბანზე არ მივიდა.

- ამას როგორ ხსნით? - "ქართული ოცნებისთვის" ეს არ იყო საუკეთესო კანდიდატი. სალომე ზურაბიშვილთან კი არა მაქვს პრეტენზია, ამით იმის თქმა მინდა, რომ ის ვერ აღიქვეს "ქართული ოცნების" კანდიდატად, მოსახლეობა "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს, მან კი გვიან გამოაცხადა, რომ ზურაბიშვილს უჭერდა ხმას. მგონი, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი იმან დააბნია, რომ სალომე ზურაბიშვილი კონტრასტს ქმნის ამ პარტიის პოლიტიკასთან. ამიტომაც მისი გამოჩენა "ქართული ოცნების" კანდიდატად გაუგებარი აღმოჩნდა ბევრისთვის. ვთქვათ, კახი კახიშვილის კანდიდატურა რომ წამოეყენებინა "ქართულ ოცნებას", ის უფრო მოახერხებდა ამომრჩევლის მობილიზებას. გარდა ამისა, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ელოდა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი ისედაც გაიმარჯვებდა. არადა, ხმები გადანაწილდა სხვა კანდიდატებზეც, "გირჩის", უსუფაშვილისა და სხვათა სასარგებლოდ. ამასთან, "ნაცმოძრაობამ" შეძლო თავისი ელექტორატის მაქსიმალურად მობილიზება და ძალიან აგრესიული კამპანიაც ჰქონდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "ქართულ ოცნებას" ეგონა, იოლად გავიდოდა ფონს ზურაბიშვილის მეშვეობით.

- რატომ ეგონა ასე?

- ვფიქრობ, ზერელედ, არასათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდნენ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს არ არის შემთხვევითი, "ოცნებამ" იმთავითვე ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ის უნდა დაეთმოს დამოუკიდებელ კანდიდატს და ამანაც წარმოშვა გაუგებრობა. ზურაბიშვილი წარმოადგინეს როგორც უპარტიო კანდიდატი და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, რომ ის ყველაზე კარგი კანდიდატია. ამბობდა, მე ზეპარტიული პრეზიდენტი ვიქნებიო, ეს კი ამომრჩევლისთვის არაფრისმომცემია. მას უნდოდა მოესმინა დაპირებები, თუნდაც სოციალური, რაც "ნაცმოძრაობამ" უტიფრად გააკეთა - ის ხომ ყველა არჩევნების წინ, სულ ჰპირდება ხალხს პენსიის მომატებას.

- აქვე მათ პიარსამსახურებზეც გავამახვილოთ ყურადღება.

- ვაშაძის პიარჯგუფი რუსებისგან შედგება, თავის დროზე ისინი ქსენია სობჩაკზე მუშაობდნენ. სობჩაკი იყო კანდიდატი, რომელსაც უნდა დაეკავებინა ოპოზიციური ლიბერალური ნიშა, რასაც მიაღწია კიდეც და ამის შედეგად მიიღო ბონუსი, მათ შორის მატერიალური. ეს იყო პუტინის რეჟიმის "გაპრავება". სწორედ ის პიარჯგუფი მუშაობს ახლა საქართველოში. ირონიაა, რომ რუსული ჯგუფი ადანაშაულებს ოპონენტს პრორუსულ ორიენტაციაში.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" პიარს, იმთავითვე მცდარი იყო, მაგრამ პირველი ტურის შემდეგ "ქართული ოცნება" თუ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი ძალიან გააქტიურდა, მიზანს მიაღწევენ.

- როგორ ფიქრობთ, რა სცენარი შეიძლება დაიხატოს ერთი მხარის გამარჯვების შემთხვევაში და რა - მეორე მხარის? - "ქართული ოცნება" დარწმუნდა, რომ საჭიროა ძირეული რეორგანიზაცია, საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი რესურსია გამოსაძებნი, გასატარებელია რეფორმები, მისახედია ადგილობრივი თვითმმართველობა, პარტიული სტრუქტურები და გადასახედია პარტიული აპარატის დაკომპლექტების წესი. თავის ბოლო გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ დაანახა ყველას, რომ მას აქვს ინფორმაცია ამ პრობლემების შესახებ და მათი გადასაჭრელი გეგმაც. დაველოდოთ, რა მოხდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში.

ახლა, რა მოხდება გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში - ეს ძალა არც მალავს, რომ მისი უპირველესი საქმე შეწყალება, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა იქნება. ეს ყველაფერი კი დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ეს რეალურად გამოცხადებული გეგმაა. აი, მერე ნახონ, როგორი იქნება დოლარის კურსი ლართან მიმართებაში, მერე ნახონ უცხოური ინვესტიციების მკვეთრად შემცირება, პოლიტიკური ვითარების დაძაბვა და ა.შ.

- რა არის საჭირო, რომ ამომრჩევლის ის 54%, რომელიც პასიური იყო პირველ ტურში, მეორე ტურში გამოცხადდეს არჩევნებზე? - მეორე ტურში დარჩენილია ორი კანდიდატი და ბევრი ამომრჩევლისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა, შესაბამისად, შეიცვალა არჩევნებზე წასვლის მოტივაცია-მობილიზაციის ხარისხი. ამასთან, შედეგი, რომელიც მიიღო "ნაცმოძრაობამ" მათი მაქსიმუმია. მართალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაკი "ევროპულმა საქართველომ" მხარი დაუჭირა ვაშაძის კანდიდატურას, შესაძლებელია ხმების გადადინება, მაგრამ ამას არ ექნება სინერგიის ეფექტი. ვფიქრობ, გაერთიანებული ოპოზიციის, ანუ "ნაცმოძრაობის", კანდიდატმა შეიძლება აიღოს 800, დიდი-დიდი, 850 000 ხმა. რაც შეეხება "ოცნების" ამომრჩეველს, მისთვის მოტივაცია ის არის, რომ რეპრესიაზე ორიენტირებული ძალა არ უნდა დაბრუნდეს. ამიტომ "ქართული ოცნების" კანდიდატი "ნაცმოძრაობის" კანდიდატის დამარცხებას 50-100 000 ხმით შეძლებს.

- მეორე ტურამდე არც ისე დიდი ხანია დარჩენილი. - მიუხედავად საკუთარი პოლიტიკურ-პარტიული უპირატესობებისა, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველას უწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე. არ უნდა აჰყვნენ პროვოკაციებს, უნდა იცოდნენ, რომ არიან ძალები, რომელთაც აწყობთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია.

ეკა სალაღაია