"ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის" - კვირის პალიტრა

"ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის, - ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც და რა ფორმითაც სურთ, ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა.

"ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მისი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად მთელი ჩვენი გუნდი და მეც ვარ და ყოველთვის ვიქნები. სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში, რეალურად, მსგავსი ინტერპრეტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აღვნიშნავ, რომ გუშინდელი მოვლენებისას, რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ნაძვის ხის და საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო მომიტინგეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ ნოემბრის დასაწყისში. ცხადია, ეს არის მტკნარი სიცრუე და თავად, გამოხატვის პროცესის შეურაცხყოფა. აქციის მონაწილეებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც სურთ და რა ფორმითაც სურთ, ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს არ ყოფილა და ჩვენმა ოპონენტებმა ეს ძალიან კარგად იციან“, - აღნიშნა მან.

ამასთან, კახა კალაძემ ბრიფინგზე ზაზა სარალიძისა და მერიის მიმოწერაც წარმოადგინა. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის პასუხში საუბარია იმაზე, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონია 15 დეკემბერს იმართება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 15 დეკემბერს დაგეგმილ მოვლენას გუშინ ღამით მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.

"მე კანონი მავალდებულებს, რომ პასუხი, რადგან დეკემბრის თვეში დაგეგმილი იყო საახალწლო ღონისძიებები და ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად, პასუხი იქნა გაცემული. წერილში პირდაპირ არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია იმართება. საუბარია 15 დეკემბერზე და სხვა ღონისძიებები ეს არის დეკემბრის ბოლო დღეები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერიის წერილს მხოლოდ ამის გამო ვერ ექნებოდა გუშინდელ მოვლენებთან კავშირი. თანაც, მერიის პრეროგატივა არ არის ვინმესთვის აქციის ჩატარების უფლების მინიჭება ან აკრძალვა. მერიას მხოლოდ შეუძლია, ამ საკითხზე რეკომენდაცია გასცეს. სამწუხაროა, რომ საარჩევნო ბატალიების ფონზე ხდება ყველა თემის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკური პროცესების ქაოსად ინტერპრეტაცია და მით უმეტეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ამ მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პოლიტიკისთვის უკვე ტრადიციად იქცა მსგავსი ამორალური ქმედებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

"არც მე და არც მერიას არ აქვს იმის უფლებამოსილება და პრეროგატივა, რომ დაუშვას ან აუკრძალოს კარვის გაშლა კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენს წერილში წერია, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონის მეათე მუხლის შესაბამისად იმოქმედონ და დეკემბრის 15 რიცხვში მიიღონ გარემოებად, რომ იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გამართვა და შეცვალონ დრო და ადგილი. ჯერ დეკემბრამდე არის დრო. როდესაც დეკემბერი მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ. წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა მწუხარება გამოხატა ხორავას ქუჩაზე მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახის მიმართ. მისი თქმით, სანამ ის თბილისის მერია, პოლიტიკურ პარტიებს არ მისცემს უფლებას, ეს ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.