"სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს არათუ ამდენს არავინ გააბედვინებდა, შესაძლოა მისი ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს არათუ ამდენს არავინ გააბედვინებდა, შესაძლოა მისი ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ"

"ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?!"

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სამზადისია, თუმცა აშკარად ნაკლებად აქტიურობენ თვითონ საპრეზიდენტო კანდიდატები. ამის მიუხედავად, დაძაბულობა იზრდება, აშკარაა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა პროცესების ესკალაციას მიზანმიმართულად ცდილობს. 10 ნოემბერს ვითარება დაიძაბა რუსთაველის პროსპექტზე, ე.წ. მამების აქციაზე. პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზი ისევ პარლამენტის წინ კარვების გაშლა გახდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს ამჯერადაც დაპირისპირება მოუხდა პატრულის თანამშრომლებთან. მანამდე კი ის აცხადებდა, რომ მერია მას აქციის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა, რადგან იქ საახალწლო ნაძვის ხის დადგმასა და შესაბამის ღონისძიებას გეგმავს. საბოლოოდ სარალიძეს მიეცა კარვების გაშლის საშუალება.

შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, თავდაპირველად პოლიციის ასეთი ქცევის მიზეზი ის იყო, რომ დესტაბილიზაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა დაეცვათ. "დესტაბილიზაციას ქვეყანაში ქმნის შერჩევითი და არაეფექტური მართლმსაჯულება და პოლიციის გამოყენება უკანონო დავალებების შესრულებისთვის", - ასე უპასუხეს გახარიას არასამთავრობო სექტორიდან. ამა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებზე გაზეთი "კვირის პალიტრა" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ვფიქრობ, ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ხელისუფლების ოპონენტი ძალა კი, "ნაციონალური მოძრაობა", ყველაფერზეა წამსვლელი. მას არ უნდა მიეცეს პროვოკაციისთვის საფუძველი, თორემ ამის გამოყენება როგორ შეუძლია, ვიცით. შეცდომა მგონია, რომ არ მისცეს თავის დროზე კარვების გაშლის საშუალება, თუმცა ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ დაიხიეს უკან.

ხორავას ქუჩის საქმე ძალიან საფრთხილო თემაა და "ქართულ ოცნებაში" უნდა იცოდნენ, რომ დაგროვილ კითხვებზე მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ არადა, მოუწევთ პასუხის გება.

თუმცა აშკარაა ისიც, ამ საკითხის გამოყენებას როგორ ცდილობენ პოლიტიკურად. პროცესების ესკალაციის გეგმა რომ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და პოსტსაარჩევნოდ აქციებისთვის ემზადება, არც მალავენ. ეს არის ძალა, რომელიც ყველა ხერხს გამოიყენებს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად. შედეგად, ვხედავთ, რომ ერთი მხარე იბრძვის ხელით, ფეხით, კბილებით, ტყუილით, ცრუბრალდებებით, ძალადობით... მეორე მხარე კი მხოლოდ იგერიებს და ამასობაში უშვებს შეცდომებს, თუმცა გამოსწორებასაც ცდილობს.

ისე, ხელისუფლებაც რომ გადავიდეს ამავე ხერხებზე, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის განცხადებებს მართლმსაჯულებასა და სხვა პრობლემებზე, კი, პრობლემები არსებობს და ამისთვის ხელისუფლება უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ახლა ხომ ცხადია, რომ ბრძოლა მიდის არა შეცდომების გამოსასწორებლად, არამედ იმის დასაბრუნებლად, რაც სააკაშვილის მმართველობისას, 9 წლის წინ გვქონდა. ეს უნდათ, ის სტანდარტები სჯობს დღევანდელს?!

ამ კონტექსტში თუ გაიაზრებენ თავიანთ განცხადებებს, იქნებ დაინახონ, რომ დღეს კი აკრიტიკებენ ხელისუფლების შეცდომებს, მაგრამ ამით შეიძლება გზა გაუხსნან პოლიტიკურ ძალას, რომელიც დანაშაულის ჩამდენია.

ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?! არათუ ამდენს არავინ გააბედვინებდა, არ არის გამორიცხული, მისი ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ. გაიხსენეთ, რა მოხდა ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, როცა ოჯახებს მიცვალებულები არ ატირეს, ან როგორ გაანადგურეს აფრასიძეების ოჯახი სვანეთში... იქნებ კარგად დავინახოთ, რა ძევს დღეს სასწორზე. ასევე ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა რთულ პროცესში ვართ - წინ გვაქვს მეორე ტური და ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ზოგადად, ამაზრზენია იმის ყურება, როგორ ცდილობენ უბედურების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას. (იხილეთ სრულად)