ვინ არის პოლიტიკოსი, რომელსაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს? - კვირის პალიტრა

ვინ არის პოლიტიკოსი, რომელსაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს?

ერთ-ერთი პირი, რომელთანაც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ ექსპერტ გია ხუხაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა, ალეკო ელისაშვილია. როგორც ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე იგი ორიენტირებულია სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნაზე, რომლის პრეზენტაციაც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება, თუმცა მისი თქმით, გია ხუხაშვილის აზრები მისთვის საინტერესოა და არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ პოლიტიკური ცენტრის საქმიანობაში ჩაერთოს. ელისაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური აქტივობა მის მიერ შექმნილმა სამოქალაქო ორგანიზაციამაც დაიწყოს.

"გარკვეული კომუნიკაცია მე და ხუხაშვილს ნამდვილად გვაქვს. მისი აზრები და რჩევები ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მათ შორის ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე. ვსაუბრობდით იმაზე, 2020 წლისთვის სამოქალაქო ორგანიზაცია გარდაიქმნება პოლიტიკურ ორგანიზაციად თუ შეიქმნება ერთობლივი ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია - ამაზე აზრები გავცვალეთ. ყველა გრძნობს, რომ აღარ უნდა იყოს ორპოლუსიანი ქართული პოლიტიკა. ყველა გრძნობს, რომ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბება. ამას გრძნობს ყველა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი. მე ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა არის სამოქალაქო ორგანიზაციის ფორმირება და შემდეგში ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ ძლიერ გუნდთან ერთად პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოვაყალიბოთ და აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დავიწყოთ, თუმცა ამ ეტაპზე სამოქალაქო სექტორში ვიქნები", - განაცხადა ელისაშვილმა.

აუცილებლად შეიქმნება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და მე ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ქვეყანაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში და ის უახლოეს მომავალში შეიქმნება. როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაში თავად აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"