"გადაეცით კალაძეს, თუ არადა, აქ დავტოვებ" - რა გადასცა ლევან ხაბეიშვილმა "ოცნების" წევრებს თბილისის მერისთვის? - კვირის პალიტრა

"გადაეცით კალაძეს, თუ არადა, აქ დავტოვებ" - რა გადასცა ლევან ხაბეიშვილმა "ოცნების" წევრებს თბილისის მერისთვის?

თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შეკამათება მოხდა. დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს დედაქალაქის მერისთვის საფეხბურთო კლუბ მილანის "ინტერის" მაისური გადასცა. ხაბეიშვილის თქმით, კალაძე და მერია ბაგა-ბაღების ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით ავიწროვებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა სწორედ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს დაუკავშირა რამდენიმე ბაღის დირექტორის გათავისუფლება.

"ხალხის წინააღმდეგ არის დედაქალაქის მერი და მინდა მას ვუთხრა: ეს არის მილანის "ინტერის" ფორმა. "მილანი" და "ინტერი" დაპირისპირებულები არიან. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს, თუ არადა, აქ დავტოვებ. მილანის "ინტერის" ფეხბურთელები არ არიან თბილისელები", - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, "ნაცვლად იმისა, რომ თბილისელების პრობლემებზე ფიქრობდნენ, თბილისელებს მოსისხლე მტრად უყურებს კახა კალაძე".

"სწორედ ამის ნიშნად დღეს მას მოვუტანე მილანის "ინტერის" მაისური. როცა ეს კაცი "მილანში" თამაშობდა, მილანის "ინტერი" იყო მისი მოსისხლე მტერი. ახლა გამოვიდეს ამ როლიდან და როგორც "მილანის" ფეხბურთელი "ინტერის" ფეხბურთელებს უყურებდა მოსისხლე მტრად, ასე ნუ უყურებს თბილისელებს",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მაისურის გადაცემის პროცესს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ილია ჯიშკარიანი შეეწინააღმდეგა, რის გამოც დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება იყო.

იხილეთ ვიდეო