"სხვის ბრძანებებს ჩვენ არ ვასრულებთ" - რატომ გადმოაქვს ნორვეგიას თავისი საელჩო ბაქოდან თბილისში? - კვირის პალიტრა

"სხვის ბრძანებებს ჩვენ არ ვასრულებთ" - რატომ გადმოაქვს ნორვეგიას თავისი საელჩო ბაქოდან თბილისში?

"ბოლო 15 წლის განმავლობაში ათობით უცხოური კომპანია სწორედ თბილისს ირჩევს სამოქმედოდ და უარს აცხადებს ბაქოზე, სადაც მონოპოლიზმი და კორუფციაა გაბატონებული"

როგორც ცნობილია, ნორვეგიამ გადაწყვიტა საელჩოს დახურვა ბაქოში (აზერბაიჯანში) და მისი ფუნქციები ანკარაში (თურქეთში) მდებარე საელჩოს დააკისრა. აღნიშნულის შესახებ სტატიას აქვეყნებს აზერბაიჯანული გამოცემა «Каспий», სათაურით "სხვის ბრძანებებს ჩვენ არ ვასრულებთ". სტატიაში ნათქვამია, რომ ბაქოში რჩება ნორვეგიის სამეფოს გენერალური საკონსულო. იმავდროულად გამოცხადდა, რომ ნორვეგია თავის საელჩოს გახსნის თბილისში (საქართველოში). სკანდინავიის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინე-მარი ერიქსენ-სორეიდეს თქმით, "საქართველო ჩვენი მთავარი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და შესაბამისად, თბილისში გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობას მოგვცემს უკეთესად დავაკვირდეთ მთელ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს".

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილემ ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა, რომ ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება საჭირო არ არის იმდენად, რამდენადაც ყოველი სახელმწიფო თვითონ აყალიბებს თავის საგარეო პოლიტიკას და თვითონ წყვეტს - სად, რომელ ქვეყანაში გახსნას თუ არ გახსნას თავისი დიპლომატიური თუ სხვა სახის წარმომადგენლობა გარკვეული სტატუსით. "ბაქოში არსებული ნორვეგიის საელჩოს მოქმედების შეწყვეტა ამ ქვეყნის მთავრობის პრეროგატივაა. ეს რიგითი შემთხვევაა და ჩვენში არანაირ წყენას თუ მწუხარებას არ იწვევს".

ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ ნორვეგიის საელჩო ბაქოში 1998 წელს დაარსდა და იმ დროს მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ნორვეგიული ნავთობკომპანია Statoil-ის მუშაობის გაიოლება და მისი ბიზნეს-ინტერესების ხელის შეწყობა. "აზერბაიჯანს ოსლოში (ნორვეგია) თავისი საელჩო არ გაუხსნია. იქ შეთავსებით აკრედიტებული იყო შვედეთში აზერბაიჯანის ელჩი", - განმარტა ჰიქმეთ გაჯიევმა და იქვე დაამატა, რომ ამჟამად აზერბაიჯანში მოქმედებს მსოფლიოს 65 ქვეყნის დიპლომატიური და 20 საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლობა, აგრეთვე 4 გენსაკონსულო და 12 საპატიო კონსული. "ბაქოში მოქმედი საელჩოებიდან 25 ევროპული ქვეყნისაა... ჩვენი მხრიდან კი უცხოეთის ქვეყნებში 70 საელჩო და 9 გენსაკონსულოა გახსნილი, გვყავს 14 საპატიო კონსული და 5 წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენი 30 საელჩო ევროპაშია". (წყარო)

-------------

ნორვეგიის საელჩოს ბაქოდან თბილისში გადატანის ფაქტს აზერბაიჯანის სხვა გამოცემებიც გამოეხმაურნენ: გაზეთ «Зеркало»-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "საელჩოს დახურვა ნორვეგიული კაპიტალისა და ტურისტების საქართველოში გადანაცვლებას გამოიწვევს". ბაქოელი ექსპერტების აზრით, ეს ფაქტი საწყენია, რადგან რეგიონული ცენტრი საქართველოსაკენ ინაცვლებს.

ექსპერტ-ეკონომისტის ნატიგ ჯაფარლის აზრით, ნორვეგიის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება დიპლომატიური წარმომადგენლობის ბაქოდან თბილისში გადატანის თაობაზე შემთხვევითი არაა, თანაც მას საკმაოდ მნიშვნელოვანი საფუძველი აქვს:

"ბოლო 15 წლის განმავლობაში ათობით უცხოური კომპანია სწორედ თბილისს ირჩევს სამოქმედოდ და უარს აცხადებს ბაქოზე (აზერბაიჯანზე), სადაც მონოპოლიზმი და კორუფციაა გაბატონებული და სამართლიანი სასამართლო სისტემა არ არსებობს. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონულ ბიზნეს-ცეტრად იქცა და ეს იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, უფრო უკეთესი გეოგრაფიული მდებარეობა და მასშტაბური ლოჯისტიკური პროექტები", - ამბობს ექსპერტი და იქვე განმარტავს: "დიდ ბიზნესს შეიძლება არ აინტერესებდეს ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ მისი საკვანძო მოთხოვნაა ქვეყანაში არსებობდეს როგორც სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე თავისუფალი ბაზარი. ამ თვალსაზრისით ის არჩევანი, რომელიც ნორვეგიამ გააკეთა საელჩოს ბაქოდან თბილისში გადატანით, იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობს როგორც საქმიანი, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ კომპანია Nestle-მ თავისი რეგიონული ცენტრი (ამ ფირმას 150-მილიარდიანი ბრუნვა აქვს) ბაქოდან თბილისში გადაიტანა", - ხაზს უსვამს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

ამავე დროს "დემოკრატიისა და კეთილდღეობის მოძრაობის" თავმჯდომარის გუბად იბადოღლუს აზრით, ნორვეგიის საელჩოს დახურვა უფრო მეტად აზერბაიჯანში დემოკრატიის დეფიციტით არის გამოწვეული. "მიუხედავად იმისა, რომ საელჩო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ის უფრო აქტიური საქართველოში იყო... ეს ნიშნავს, რომ ნორვეგიის მთავრობა ეკონომიკურ ინტერესებზე უფრო უპირატესობას დემოკრატიის ინტერესებს ანიჭებს", თუმცა, მისი თქმით, ბაქოში საელჩოს დახურვა ნორვეგიიდან ტურისტებისა და ინვესტორების შემცირებას გამოიწვევს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ