"ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია" - კვირის პალიტრა

"ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია"

ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი აქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის.

"ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია, შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის და მე რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს",- განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც პრემიერმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, ევროპარლამენტარები გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის მიმართ.

"მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ საქართველოს და მისი ევროპული მომავლის მიმართ. ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით შეფასდა, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასოცირების დღის წესრიგში მიღწეულ პროგრესს, რამაც ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად წარმოაჩინა. ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში არის მდგრადი დემოკრატია, ხოლო ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. სხვათაშორის, იგივეს ადასტურებს მსოფლიო ბანკის რეიტინგიც. მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინოს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს ეკონომიკის ზრდას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობასა და საქართველოს ეკონომიკისადმი მზარდ ტენდენციებს", - განაცხადა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო