კახა კალაძეს არჩევნების თარიღი წამოსცდა? - რა განაცხადა თბილისის მერმა - კვირის პალიტრა

კახა კალაძეს არჩევნების თარიღი წამოსცდა? - რა განაცხადა თბილისის მერმა

28 ნოემბერს, არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს "ედისონ რისერჩმა" გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა, თუმცა როგორც ცნობილია, ცესკოს მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.

როგორც კალაძე ამბობს, ამ კვლევის შედეგები არის ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

"კვლევები გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, რომ რეზოლუცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა ევროპარლამენტში, ეს გადაეფარათ. კვლევები არის ჩვეულებრივი სიცრუე და მანიპულირება საზოგადოებრივ აზრზე. ჩვენ თუ გადავხედავთ გასული წლების განმავლობაში როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილია მესამე ადგილზე, ესეც გვახსოვს. რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული და ეს რეალობა 28 ნოემბერსაც განსხვავებული იქნება, ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი. ის კვლევა, რომელიც დღეს "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა, არის ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არჩევნების პირველ ტურში, კალაძე განმარტავს, რომ "ფსიქოპროექტს" კვლევა არ ჩაუტარებია, ეს იყო ეგზიტპოლი.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ცესკო-ს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი არ დაუსახელებია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო