პაატა ბურჭულაძე: "საქართველომ ფაქტობრივად უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი - გრიგოლ ვაშაძე" - კვირის პალიტრა

პაატა ბურჭულაძე: "საქართველომ ფაქტობრივად უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი - გრიგოლ ვაშაძე"

საქართველომ ფაქტობრივად უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი, ამას ახლა უბრალოდ გაფორმება სჭირდება, პრეზიდენტი აქ გვიზის - გრიგოლ ვაშაძე, - ამის შესახებ ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გორში განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ხვდება.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ყველა ჭკვიანი ადამიანი მოიშორა გვერდიდან.

"მინდა მოგილოცოთ, რომ საქართველომ ფაქტობრივად უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი. ამას ახლა უბრალოდ გაფორმება სჭირდება, პრეზიდენტი აქ გვიზის - გრიგოლ ვაშაძე. მაგრამ ძალიან მოდუნებაც არ შეიძლება, რადგან ბიძინა ივანიშვილს ალბათ ბევრი წინააღმდეგობა აქვს ჩაფიქრებული. როგორ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ", ამ მავნებელმა მთავრობამ, რომ 6 წლის განმავლობაში ამხელა ნდობა დაკარგა. როგორ მოახერხა, რომ მილიონამდე ადამიანი გაიქცა საქართველოდან, აღორძინებული ეკონომიკა გააჩერა და უკან დახია, როგორ მოახერხა, რომ ამდენი გაღარიბებული ადამიანია საქართველოში, 150 000 ბავშვი შიმშილობს ჩვენს ქვეყანაში, გადაიმტერა პოლიცია და ჯარი. ამას ხომ ყველაფერს მოხერხება უნდა. იცით, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ვინც კი ჭკვიანი ადამიანი ედგა ივანიშვილს, ყველა მოიშორა. მას ჭკვიანი არ სჭირდება, მას მონები სჭირდება. ბოდიში ბატონებო, მაგრამ ჩვენ არ დაგემონებით. ზუსტად ეს უთხრა ქართველმა ხალხმა ივანიშვილს და ამიტომ იყო ატირებული რომ გამოვიდა, კიდევ ერთი წელი მაცადეთო", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ფონდ "იავნანაზეც" ისაუბრა.

"მინდა "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს ვთხოვო მოხსენით თქვენი კანდიდატურა, ხომ იცით რომ არაფერი გამოვა, რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს ქართველი კაცის ნების წინააღმდეგ. მოდით ფონდ "იავნანაში" იმდენ გაჭირვებულ ადამიანს განახებთ, დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. ჩვენ ფონდ "იავნანაში" ბიძინას პირადი დავალებით პროკურატურა მუშაობს და რაღაც დანაშაულს ეძებს", - განაცხადა ბურჭულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"