ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების უზრუნველყოფა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ეხება სიღარიბე, უმუშევრობა და მაღალი დონის ეკონომიკური მიგრაცია.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე ევროკავშირის პოზიცია ემთხვევა ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას. ასევე, სინანულია გამოხატული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების გადავადება მოხდა 2024 წლისთვის. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისუფალი უნდა იყოს პლიტიკური გავლენისგან, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში კი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას. აღნიშნულია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პარტნიორობაში. ანგარიშის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს ოპოზიციის როლს საპარლამენტო სისტემაში და უფრო ქმედითი მექანიზმების აუცილებლობას, რათა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი მოხდეს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს რეგულარულად მიეცეთ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა.

რეზოლუციაში ასევე საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ შექება მიიღო იმისათვის, რომ დროულად მოაგვარა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმთან დაკავშირებული დარღვევები.

რეზოლუცია ასევე მიესალმება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას და საქართველოს კონსტრუქტიულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, დიალოგი აწარმოოს რუსეთთან და უაღრესად დადებითად აფასებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ინიციატივას, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერ ოკუპაციას. აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რეზოლუციაში ასევე გამოხატულია შეშფოთება საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე თურქეთის მიერ ზეწოლის განხორციელებაზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ სასამართლო პროცედურების ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, აღუდგნენ ზეწოლას, კერძოდ, თურქეთისგან.

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის, სარედაქციო პოლიტიკის, პლურალიზმის და მედიის კუთვნილების გამჭვირვალობის მნიშვნელობა, ასევე აღნიშნულია მედია-კონტენტის პოლიტიზაცია.

"ინტერპრესნიუსი"