"48 ნოემბერსაც რომ დაინიშნოს არჩევნები, მაინც ვერ გააყალბებენ" - კვირის პალიტრა

"48 ნოემბერსაც რომ დაინიშნოს არჩევნები, მაინც ვერ გააყალბებენ"

48 ნოემბერსაც რომ დაინიშნოს არჩევნები, მაინც ვერ გააყალბებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 28 ნოემბერს არჩევნების ჩანიშვნა პრობლემას წარმოადგენს, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები, ასევე საქართველოში, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის.

უდუმაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესმა დასაქმებულ ადამიანებს ცალკე პრობლემა შეუქმნას და ოთხშაბათს, საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ. ზაალ უდუმაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით გაშიშვლდა ცესკო. აღსანიშნავია ის განცხადებებიც, რომელიც თბილისის მერის მხრიდან კეთდებოდა დღის განმავლობაში. ის მთელი დღე გვიანონსებდა არჩევნების თარიღად 28 ნოემბერს. სამწუხაროა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ზურაბიშვილის შტაბად გარდაიქმნა, მაგრამ 48 ნოემბერსაც რომ დანიშნონ არჩევნები, მაინც ვერ გააყალბებენ. ბუნებრივია აღნიშნულ დღეს არჩევნების ჩატარება ხელს შეუშლის უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, სტუდენტებს, რომლებიც რეგიონებიდან არიან და შესაძლოა მათ ერთი დღე არც კი ეყოთ თბილისიდან გასასვლელად და უკან დასაბრუნებლად. არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესმაც პრობლემა შეუქმნას დასაქმებულებს, ვინაიდან მათ არ აქვთ ვალდებულება შეაჩერონ საქმიანობა და რა თქმა უნდა იქ დასაქმებულმა ადამიანებმა შესაძლოა ვერ მოახერხონ არჩევნებზე წასვლა. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ამომრჩევლებს პრობლემა შეუქმნას, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია და ეს პირველ ტურზეც გამოჩნდა", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"