"ლუსტრაციის კანონი აქამდე რომ ყოფილიყო მიღებული, ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"ლუსტრაციის კანონი აქამდე რომ ყოფილიყო მიღებული, ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ იქნებოდა"

"საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ უნდა დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს", -  ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ გააკეთა. ის რამდენიმე დღის წინ პარლამენტში, ლუსტრაციის კანონპროექტის შეტანის ინიციატივით გამოვიდა. ლუსტრაციის კანონის მიღებაზე საუბარი ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო.

პოლიტიკოსების მხრიდან ერთამანეთის სამშობლოს ღალატსა და რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებას კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. ხელისუფლება და ოპოზიცია ასეთ ბრალდებებს ერთმანეთს ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს უყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება საკმაოდ მძიმეა, ჯერჯერობით არც ერთ "ბრალდებულს" მბრალდებლისთვის ცილისწამების გამო პასუხი არ მოუთხოვია. ამ ყველაფრის ფონზე ნიშანდობლივი და საინტერესოა, რომ ლუსტრაციის კანონი პარლამენტმა, სამჯერ განიხილა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მიიღო. საინტერესოა ახლა რა შანსები აქვს ამ კანონპროექტს და რატომ გახდა ეს თემა ისევ აქტუალური წინასაარჩევნო პერიოდში. ამ თემებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ავტორი ლევან კობერიძე გვასაუბრება:

- ბატონო ლევან, მიუხედავად იმისა, რომ ლუსტრაციის კანონის მიღებაზე ჯერ 90-იანი წლებიდან საუბრობენ, ეს თემა "ქართულ ოცნებას" დღემდე არ გახსენებია. ახლა რა მოხდა?

- ლუსტრაციის კანონი 90-იანი წლებში რომ მიეღოთ, ნამდვილად უკეთესი იქნებოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ზოგიერთ ჩვენი ტიპის ქვეყნებში მალევე მიიღეს ლუსტრაციის კანონი. დღეს იქ, ჩვენთან შედარებით, გაცილებით ჯანსაღი პოლიტიკური გარემოა შექმნილი. კანონი აქამდე რომ არ მიიღეს, მაშინდელი პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობის საკითხია. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედი, იმ დღიდან მიზნად დავისახე ამ საკითხის მოგვარება. ჩემი ინიციატივა, არც რომელიმე კონკრეტულ პირს უკავშირდება და არც წინასაარჩევნო პერიოდს. არჩევნები სულ რამდენიმე დღეში იქნება, კანონპროექტზე მუშაობა კი ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს.

- საქართველოში არქივების მხოლო 10%-ია, ნაწილი დაიწვა, ნაწილი რუსეთშია, რა ინფორმაციის საფუძველზე მოხერხდება კანონის განხორციელება?

- "აგენტების სიის" მიღება კანონზე მუშაობის პროცესია. თუმცა სიის სახით ინფორმაციის მიღება არც არის აუცილებელი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კანონი იმასაც ითვალისწინებს, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია თავად აღიაროს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირი და პატიება სთხოვოს ხალხს. შემდეგ ხალხი გადაწყვეტს აპატიოს თუ არა. ლუსტრაცია არ გულისხმობს აგენტების სიის გამოქვეყნებას და მათ საჯაროდ დასჯას. უბრალოდ ასეთი ადამიანები შორს უნდა იყვნენ პოლიტიკური ცხოვრებიდან და არ უნდა იღებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

- რაც არ უნდა ლმობიერი იყოს კანონი, მაინც მგონია, რომ აგენტობას თავისი სურვილით არავინ აღიარებს.

- ამ საკითხზე კანონზე მუშაობის პროცესში ვიმსჯელებთ.

- გასაგებია. რას ფიქრობთ, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ 1989 წლის 9 აპრილის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებზე? - ასეთი ტიპის განცხადებაზე, პირველ რიგში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია. ძალიან მიხარია, რომ ხალხმა ამ ამბავთან მიმართებით სწორი პოზიცია გამოხატა. მეორეს მხრივ ასეთი ადამიანები შესაბამისი სამსახურების დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის ერთ-ერთი მიზანი ეროვნულ ღირებულებებზე იერიშის მიტანაა, 9 აპრილი კი ქართველი ხალხის ერთიანობისა და სამშობლოსთვის თავგანწირვის სიმბოლოა.

- თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემის არსებობის მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა ოპონენტების მიერ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებაა?

- ჩვენი პოლიტიკური ოპონენტის ეთიკა, საკომუნიკაციო პიარსტრატეგია ასეთია, გვაბრალებენ იმას, რასაც თავად წარმოადგენენ. ჩვენ ამას ძალიან მშვიდად და წყანარად ვპასუხობთ, თუნდაც ასეთი კანონპროექტების ინიცირებით. ლუსტრაციის კანონი აქამდე რომ ყოფილიყო მიღებული ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ იქნებოდა. უცნაურია, როდესაც "ნაციონალური" მოძრაობა და "ევროპული საქართველო" ამბობენ, რომ კანონპროექტს მხარს უჭერენ და ამავე დროს ვაშაძის გაპრეზიდენტებისთვის იღწვიან. ეს ორი თემა ერთმანეთთან თავსებადი როგორ არის, ვერ ვხვდები. საპრეზიდენტო კანდიდატი ამაყად აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი იყო.

- ის ფაქტი, რომ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგრეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, თავისთავად მეტყველებს მის კავშირზე სპეცსამსახურებთან?

- ეს თემა ამგვარი ეჭვის საფუძველს იძლევა, რაც ფაქტებით უნდა დადასტურდეს. აქვე დავძენ, კანონპროექტის ინიცირება არ ხდება იმისთვის, რომ გრიგოლ ვაშაძეს რამე დავაბრალოთ. ეს ხდება იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანის (ზოგიერთ ქვეყანაში ეს სასამრთლო სისტემასაც ეხება) შესახებ სრული ინფორმაცია გვქონდეს, თუ ვისთან თანამშრომლობდა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ აღარ დაისვას კითხვის ნიშნები ამა თუ პოლიტიკოსის აგენტობასთან დაკავშირებით და უდანაშაულო ადამიანს მოღალატის სტატუსი უსამართლოდ არ მიეკეროს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)