"საქართველოში მიმდინარეობს ხელისუფლებისთვის ბრძოლა წესების გარეშე' - კვირის პალიტრა

"საქართველოში მიმდინარეობს ხელისუფლებისთვის ბრძოლა წესების გარეშე'

საქართველოში არჩევნები არ ტარდება, საქართველოში მიმდინარეობს ხელისუფლებისთვის ბრძოლა წესების გარეშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ორო ბანაკი ერთმანეთს ეჯიბრება შავ პიარსა და საზოგადოების შუაზე გახლეჩვაში.

"ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მიჩნდება განცდა, რომ დღევანდელ საქართველოში მოსახლეობის ერთი ნახევარი მეორე ნახევარს თვლის ზედმეტად, ხოლო მეორე ნახევარი - პირველს. მათ შესაძლოა ერთადერთი რამ აერთიანებთ - ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის ვერ ატანა. არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. ამავდროულად, აუცილებელია ამ რთულ ვითარებაში სტაბილურობის შენარჩუნება და ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების მოვალეობაა შექმნას ძალიან კონკრეტული პოლიტიკური გზა ამ ვითარებიდან გამოსასვლელად. არჩევნების შედეგი ვერ გადაწყვეტს პრობლემას. ხელისუფლების მოვალეობაა იყოს მზად არჩევნების მეორე და მესამე დღისთვის, რათა ქვეყანაში ნაბიჯები წინ გადაიდგას და არ ჩავიძიროთ სადმე არასასურველ პროცესებში",- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, გამოსავალი არის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. "ჩვენ საარჩევნო კამპანიას აღარ ვაკვირდებით, ჩვენ ვმონაწილეობთ ტოტალურ შავი პიარის კამპანიაში, როდესაც მხარეები ცდილობენ მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ისინი ცოტათი უკეთესები არიან თავიანთზე უარესებზე. პოზიტიური დღის წესრიგი პრაქტიკულად არ არის. ეს არ არის არჩევნები. სამწუხაროდ, ამ წერტილამდე მოვედით ჩვენი განვითარების. საჭიროა წინ ნაბიჯების გადადგმა. გამოსავალი ეს არის პროპორციული არჩევნები მომავალი წლის ბოლოსთვის. ამ არჩევნების დღესვე გამოცხადება სრულიად სხვა დინამიკას შეიტანდა პოლიტიკურ პროცესებში და გამოუვალი ჩიხის განცდაც მოეხსნებოდა მოსახლეობას",- განაცხადა უსუფაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით "ძალა ერთობაშიას" სარჩელზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ყოფილ ხელისუფლებას ეჯიბრება იმ ტიპის საარჩევნო მანიპულაციებში, რითიც წინა ხელისუფლება იყო ცნობილი. "ჩვენ გვინდოდა წინსვლა, მაგრამ ამ საკითხში მივიღეთ იგივე ვითარება. ხელისუფლება დაკავებულია ყოვლად უხარისხო მანიპულაციებით სათავისო უპირატესობის მოსაპოვებლად",- აღნიშნა უსუფაშვილმა

"ინტერპრესნიუსი"