"ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს" - კვირის პალიტრა

"ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს"

"ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს სამხედროები, არმია "ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა... ისმის კითხვა: ეს რაში სჭირდებათ? იმისთვის ხომ არა, ხვალ რომ ვითარება დაიძაბოს, თქვან, არმია ჩვენ გვიჭერს მხარს და შეგვიძლია შტურმზე გადავიდეთო?"

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცნობილია - 28 ნოემბერს ამომრჩეველს მოუწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუ ვის აირჩევს პრეზიდენტად პირდაპირი წესით. პოლიტიკური პროცესი დაძაბულია. ისევე, როგორც არჩევნების პირველ ტურამდე, პოლიტიკური მხარეები ბრძოლის უღირსი მეთოდების გამოყენებაზე არც ახლა ამბობენ უარს. ამ თვალსაზრისით გამოირჩევა "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც აღარც "ქართული ოცნება" ჩამოუვარდება. მიმდინარე პროცესები ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ასე დაახასიათა: "საარჩევნო კამპანიისას სახელმწიფოს ინტერესების გაუთვალისწინებლობა, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების ნიველირება, ჯარის გამოყენების მცდელობა პოლიტიკური ჟონგლიორობისთვის და ტოტალური ნეგატივი: "ნაციონალების" ფსიქოლოგიური ომი "ოცნებასთან" მისი დემორალიზებისა და ვერტიკალის ჩამოშლის მიზნით და "ოცნების" მიერ საზოგადოების ისტერიკაში ჩაგდების დაჟინებული მცდელობა მორიგი "ნაციონალური" რევოლუციის მოლოდინით."

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:

ვახტანგ ძაბირაძე

- ძნელია, არ დაეთანხმო ქალბატონ ხათუნას. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ - ასეთი ნეგატიური საარჩევნო კამპანია აქამდე არც მინახავს. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალები ამომრჩეველს პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობენ და პოლიტიკური პროცესის უკიდურეს რადიკალიზაციას ცდილობენ ისე, რომ ზოგჯერ სახელმწიფო ინტერესები საერთოდ ავიწყდებათ...

- როგორ შეაფასებთ მეორე ტურის წინ კანდიდატების შანსებს, უფრო სწორად - მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების რესურსებს, ვინ შეძლებს ბრძოლის გამარჯვებამდე მიყვანას? - დავიწყოთ იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეტად საინტერესო აღმოჩნდა. საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანები ვვარაუდობდით, რომ მეორე ტური იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო ის ბალანსი, რაც ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის მივიღეთ. ვნახეთ, რომ მათთვის გამოცხადებული მხარდაჭერა თითქმის თანაბარია, სულ რაღაც 1%-იანია სხვაობა. ამაზე დიდი მოულოდნელობა კი ჩემთვის იყო ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", ანუ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციისა და "ევროპული საქართველოს" კანდიდატებმა ერთად თითქმის იმდენივე ხმა მიიღეს, რამდენიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - დაახლოებით 770 ათასი. როგორც მახსოვს, ექვსი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 860 ათასამდე ხმა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიამ დაიბრუნა ამომრჩეველი, რაშიც ლომის წილი "ქართულ ოცნებას" მიუძღვის...

ხომ ცხადია, რომ არც სალომე ზურაბიშვილია დამოუკიდებელი კანდიდატი და არც ვაშაძე - ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის, შესაბამისად, მათი, როგორც ცალკეული კანდიდატების მხარდაჭერა, მიზერულია.

მოკლედ, ამ შედეგებმა შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა, რაც სახარბიელო არ არის "ქართული ოცნებისთვის", ამიტომ სახელისუფლებო ძალა იძულებული გახდა, უფრო მასშტაბურად ჩართულიყო საარჩევნო პროცესში. აქ ერთი საინტერესო მომენტია - "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც მიიღო, ეს, ფაქტობრივად, არის თავისუფალი ხმები და 2012 წელს მიღებული ხმებისგან განსხვავდება იმით, რომ მათში აღარ არის არც ადმინისტრაციული რესურსის წილი და აღარც შიშით და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის გავლენით მიღებული ხმები...

ამასთანავე, 2012 წელს არჩევნებზე მივიდა "ქართული ოცნების" უფრო მეტი ამომრჩეველი, რომელთა ნაწილი ამჯერად შინ დარჩა.

28 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაყოფ "ევროპულ საქართველოსთან" ერთად მოახერხა თავისი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება, "ქართულმა ოცნებამ" კი ეს ვერ შეძლო, ან ამისთვის სათანადოდ არ იმუშავა, თუმცა მას ეს რესურსი აქვს - თუ უნდათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, დამატებით, სულ ცოტა, 200 000 კაცი უნდა მიიყვანონ საარჩევნო ურნებთან.

ამომრჩევლის რაოდენობის გაზრდის რესურსი ნაკლებად აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" - მისი პიკი პირველ ტურში მიღებული შედეგია, მაგრამ აქ აღსანიშნავია ერთი რამ - როგორც წესი, ოპოზიციური ამომრჩეველი უფრო მოტივირებულია ხოლმე, ვიდრე სახელისუფლებო ძალის მხარდამჭერი.

მოკლედ, შეგვიძლია დავასკვნათ: თუ მმართველმა ძალამ ამომრჩევლის მეორე ტურზე მიყვანა შეძლო, ის ამ არჩევნებს მოიგებს. ერთმნიშვნელოვანი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი, რომელიც 28 ოქტომბერს შინ დარჩა, ნელ-ნელა ფხიზლდება. ამის მთავარი მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეა.

ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის დაბრუნების საშიშროებად წარმოჩენის ნაცად ხერხს მმართველი ძალა აქტიურად მიმართავს. საკმარისი იქნება თუ არა ეს ზურაბიშვილის წარმატებისთვის, ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე შანსი თანაბარია. არჩევნებამდე კიდევ არის დრო, ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამას "ქართული ოცნება".

- რას იტყვით "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმოებულ კამპანიებზე, თუ შეინიშნება რაიმე ცვლილება პირველი ტურიდან დღემდე? - ვფიქრობ, "ქართული ოცნება" უფრო გააქტიურდა, თუმცა დაუშვა რამდენიმე შეცდომა. საარჩევნო პროცესი არ არის მხოლოდ ორგანიზება, ამის ნაწილია პიარიც, რომელშიც "ქართული ოცნება" ძალიან მოიკოჭლებს. ეს შესამჩნევი იყო პირველ ტურამდეც და ვერც ახლა ბრწყინავენ.

თუნდაც საარჩევნო ბანერები გავიხსენოთ, რაც სრულიად აუხსნელია. პიარის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, გაუგებარია, რატომ აღმოჩნდნენ ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ბანერზე ივანიშვილი, კობახიძე და ა.შ. თუ საკუთარი მხარდაჭერის ჩვენება უნდოდათ, გამოესახათ ზურაბიშვილი ივანიშვილთან და სხვებთან ერთად, მაგრამ არა ასე...

ამით თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. მაინტერესებს, ვინ ურჩევს "ქართულ ოცნებას" ამგვარი ნაბიჯების გადადგმას, ვინ იღებს ასეთ მცდარ გადაწყვეტილებებს?!

ადამიანურ და მორალურ მხარესაც რომ თავი გავანებოთ, პოლიტტექნოლოგიურადაც არასწორი იყო ის, რაც ერთი კვირის წინ რუსთაველზე მოხდა - ვგულისხმობ დაპირისპირებას ზაზა სარალიძესთან კარვების დადგმის გამო. მაქვს კითხვა: ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და გადაწყვეტილება მიიღო, "ქართულ ოცნებას" შიგნიდან ებრძვის და სალომე ზურაბიშვილს ძირავს?!

როგორც ვთქვი, ქვეყანაში გაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების პერსპექტივით გამოწვეული საფრთხის განცდა და ამის გამო აშკარად ჩანს საზოგადოების მობილიზება, რაც "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", დაინახეს, რომ მათი პოზიციები გამყარდა და ახლა ყველა ხერხს იყენებენ მეტი წარმატების მისაღწევად, თუმცა მათი საარჩევნო კამპანია მეორე ტურის წინ არ შეცვლილა. ტყუილი, ცილისწამება, ოპონენტების შეცდომების გამოყენება, პროცესების რადიკალიზაცია - ეს არის მათი მთავარი არსენალი.

- ბრძანეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამომრჩევლის დაბრუნებაში ლომის წილი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. რას გულისხმობდით? - ამ ექვსი წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა, რომ მისი სპარინგპარტნიორი "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო. ფაქტობრივად, ადგილი არ დატოვეს სხვა პოლიტიკური ძალებისთვის, შედეგად კი მივიღეთ ასეთი რადიკალიზებული პროცესი.

მიუხედავად ამისა, გაცილებით მეტია ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად მეტოქედ არ აღიქვას მისი ამომრჩეველი, რომლის რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია.

თავის დროზე, როდესაც ქვეყანაში კოაბიტაცია გამოცხადდა, ბიძინა ივანიშვილი ხშირად ამბობდა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიანო. ეს არც დღეს უნდა დაავიწყდეს "ქართულ ოცნებას"... სხვა შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირების მსურველებმა ამის ინსპირირება შეიძლება ძალიან ადვილად მოახერხონ. ეს კარგად უნდა გააანალიზოს "ქართულმა ოცნებამ", რადგან პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

აქვე ვიტყვი, რომ ჯობს, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგოს, ვიდრე გააყალბოს, რადგან გაყალბებულ არჩევნებს შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს.

- როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში? - ჩემი აზრით, ვაშაძე გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ეცდება პროცესის ქუჩაში გადატანას. არ ვამბობ, რომ არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება რაღაც უბედურება, მაგრამ ნებისმიერ უმნიშვნელო საბაბსაც კი გამოიყენებენ საპროტესტო ტალღის ასაგორებლად. ვფიქრობ, ეს უფრო გაზაფხულზეა მოსალოდნელი.

- თაკო ჩარკვიანმა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია, განაცხადა, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ისინი შეეცდებიან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას... - რეალურია, ოპოზიციას სურდეს პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა - ამას ოპოზიცია ყველა ქვეყანაში ცდილობს, ხელისუფლება კი ვალდებულია, იზრუნოს, რომ ეს არ მოხდეს.

როგორც ვთქვი, "ნაციონალები" პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, ოღონდ თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს პროცესი დაჩქარდება, რადგან ოპოზიციის რეალური ხელმძღვანელი იქნება პრეზიდენტი. ის ვის ნააზრევს გაახმაურებს და ვისი კარნახით მოიქცევა - სხვა საკითხია...

ამიტომ, ჩემი აზრით, ხელისუფლებას ურჩევნია, ხელში აიღოს პოლიტიკური ინიციატივა და მომავალი წლის შემოდგომისთვის თვითონვე დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს შექმნის ქვეყანაში სტაბილურ გარემოს, რადგან ოპოზიციას ხელიდან გამოაცლის არგუმენტებს, თუ რატომ უნდა გავიდეს ქუჩაში. ამასთან, მას დარჩება ერთი წელი, რომ დაკარგული ამომრჩეველი დაიბრუნოს. მოგეხსენებათ, ივანიშვილმა თქვა, რომ ცვლილებებისთვის ერთი წელი სჭირდება, ჰოდა, მას ექნება ეს ერთი წელი... მოკლედ, ჩემი აზრით, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები "ქართულ ოცნებას" უფრო სჭირდება და გამოადგება, ვიდრე ოპოზიციას.

აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დესტაბილიზაციით შინ თუ გარეთ ბევრი მხარეა დაინტერესებული, განსაკუთრებით - რუსეთი, რომელსაც საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის ამ ეტაპზე ბერკეტები, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვს. ამიტომ ის ეცდება, შიდა აშლილობას შეუწყოს ხელი.

მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება. არა მგონია, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე ლაპარაკი შემთხვევით დაიწყეს. ისევ ერთმანეთის ჭამაზე თუ გადავედით, არა გამოვრიცხავ, რუსებმა გამოაცხადონ, ლაბორატორიაში საშიში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ინახება, ამისგან თავი უნდა დავიცვათო და ამ მოტივით შემოვიდნენ ქვეყანაში.

ამ საფრთხეზე კარგად უნდა დაფიქრდეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ყველას შევახსენებ - ჩვენ დღემდე არ ვიცით, 1991 წელს რუსთაველზე პირველმა ვინ გაისროლა.

- რუსული მედია აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. ხშირად ნახავთ ირონიულ დამოკიდებულებას მეორე ტურში გასული კანდიდატების მიერ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულების გამო. გამოცემა "კომერსანტში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "საქართველო "კრემლის ორი ხელიდან" ერთ-ერთს პრეზიდენტად ირჩევს". დამეთანხმებით, დამცინავი დამოკიდებულება სათაურიდანვე იგრძნობა. როგორ ფიქრობთ, რატომ წარიმართა მთელი საარჩევნო კამპანია ამ ტალღაზე? - როდესაც ასეთ უუფლებო პრეზიდენტზეა ლაპარაკი, სასურველია, მას პირდაპირი წესით არ ირჩევდნენ. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტის მწირი უფლებების გათვალისწინებით, კანდიდატებს ამომრჩეველთან სათქმელიც არაფერი აქვთ. ბლეფია კანდიდატის ლაპარაკი 400-ლარიან პენსიაზე, მასწავლებლების ხელფასზე და ა.შ. ამგვარი დაპირებების შესრულება პრეზიდენტს არ ხელეწიფება. ამიტომაც იყვნენ იძულებული, სხვა თემა მოეძებნათ. ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი საგარეო თემა გამოდგა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" იცოდა რა, რომ ვაშაძის ბიოგრაფიაში იყო ლაქები, გადაწყვიტეს, იქით შეეტიათ. ამ დროს სალომე ზურაბიშვილმაც დაუშვა შეცდომა აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებით და ეს დაიხვიეს ხელზე. ზურაბიშვილზე ამბობენ, რომ რუსული პროექტია, არადა, ვაშაძე სულაც რუსეთიდან ამოზრდილი პოლიტიკოსია. რაც უნდა თქვან, ფაქტია - ის საბჭოთა კადრია და ლაპარაკი, რომ თურმე მას კა-გე-ბესთან შეხება არ ჰქონდა, მეტისმეტად არადამაჯერებელია. ის იყო იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოსანი, სადაც კა-გე-ბე ყველაფერს აკონტროლებდა. ესეც რომ არ იყოს, შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების სამსახურებთან არ თანამშრომლობს?! თუმცა მტკიცება, რომ ის აგენტია, მაინც მცდარი მგონია... მოკლედ, "ქართულ ოცნებას" ამაზე რომ არ დაეწყო პედალირება, დაასწრეს, ეს თემა ააგორეს, კარგადაც გამოიყენეს და ხელისუფლებას თავის მართლებაც აიძულეს.

ეს გამოიწვია იმანაც, რომ "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, უარი თქვა პოლიტიკოსებზე, რაც დიდი შეცდომა იყო. ოპონენტისთვის დროულად და სწორად გაცემულ პასუხს სჭირდება პოლიტიკური გამოცდილება. როცა პოლიტიკოსებისგან დაცლი პოლიტიკას, მიიღებ იმას, რაც მიიღო "ქართულმა ოცნებამ". შესაძლოა, მომავალში "ოცნების" საპარლამენტო გუნდი პოლიტიკოსთა კარგ ნაკრებად ჩამოყალიბდეს, მაგრამ დღეს ასე არ არის.

სასწაული ხდება ჰააგის ამბავზეც... რა გამოდის "ნაციონალური მოძრაობის" ატეხილი აჟიოტაჟიდან? კარგი, არ ვენდობით მურუსიძის სასამართლოს, რომლის შემქმნელი სწორედ სააკაშვილის რეჟიმია, მაგრამ თურმე არც ჰააგის სასამართლოს ვენდობით. "ნაციონალების" მტკიცებით, შესაძლებელი ყოფილა მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღება... მე როგორც ვიცი, ჰააგაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიხედვით არ მოქმედებენ, იქ შეისწავლიან ფაქტებს. თუ ასე არ ვენდობით სტრასბურგს, ჰააგას, მაშ, რა გვინდა ევროკავშირში, რატომ მივდივართ დასავლეთისკენ?! იქაც თუ არ არსებობს სამართალი, რა დაგვრჩენია ევროპაში?! "ქართულ ოცნებაში" კი არავინ ჩანს, ვინც ამას ჰკითხავს "ნაციონალებს".

სირცხვილია, როცა რუსეთის აგენტობაში ბრალს ვდებთ საპრეზიდენტო კანდიდატებს და ამაზე უკვე ევროპარლამენტში ლაპარაკობენ. ერთსაც ვიტყვი - საქართველოში რუსული საქმე ყოველთვის ანტირუსული რიტორიკით კეთდებოდა...

სამწუხაროდ, გარანტია, რომ რუსული გავლენისგან სრულიად თავისუფალია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, არ არსებობს. მე ვლაპარაკობ მეხუთე კოლონაზე, რომელიც არ ჩანს, ოღონდ მოქმედებს.

საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას 50 კაცი ეყოფა. ვიმეორებ, დღესაც კი არ ვიცით, რა მოხდა 1991 წელს. დარწმუნებული ვარ, არიან ძალები როგორც ხელისუფლებაში, ისე - ოპოზიციაში, რომლებიც ეცდებიან, ეს დაძაბულობა დესტაბილიზაციად აქციონ. თუ ვითარება აირია, მერე მისი დალაგება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ როდესაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი გამოხატავს თავის პოზიციას, თუნდაც ცამდე მართალი იყოს, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს სამხედროები, არმია "ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა... ისმის კითხვა: ეს რაში სჭირდებათ? იმისთვის ხომ არა, ხვალ რომ ვითარება დაიძაბოს, თქვან, არმია ჩვენ გვიჭერს მხარს და შეგვიძლია შტურმზე გადავიდეთო? ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს.

ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და არჩევნების შემდეგ სტაბილურობა შეინარჩუნოს. პოლიტიკური მექანიზმები მას სწორედ საფრთხის ასაცილებლად აქვს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა. ქვეყნის ინტერესების გვერდზე გადადება არავის ეპატიება!