"ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით"

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, სრულიად უსამართლო ვალები 2-წლიანი ვადით გაიყინება.

"ბევრ ხალხს აქვს აღებული სესხი დოლარში. დოლარის კურსი იყო სულ სხვა და ახლა არის სხვა. ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით. ეს გააკეთა ჩვენმა მეგობარმა ორბანმა უნგრეთში. ასევე, სრულიად უსამართლო ვალებზე მოხდება მათი 2-წლიანი გაყინვა. ეს არის ჩვენი პროგრამა საბანკო დავალიანებების კრიზისის გადასალახად, ხალხის გაჭირვების შესამსუბუქებლად. ჩვენ ასევე მოვახდენთ საბანკო ბაზრის ლიბერალიზაციას. შემოვიყვანთ ბევრ სხვადასხვა ბანკს უფრო დაბალი პროცენტებით. მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ამ ძარცვის გაგრძელებას. ეს პროგრამა ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების მოგების და ყველა ცვლილებასთან ერთად მაშინვე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იპოთეკის კრედიტი შემცირდება მინიმუმ 2-ჯერ. „მინდა გესაუბროთ იმ პროგრამაზე, რომელიც ეხება საქართველოს საბანკო დავალიანებებს. საქართველო საბანკო დავალიანების კუთხით არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე მსოფლიოში. ეს არის უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი და ამ მონოპოლიებს სათავეში უდგას ივანიშვილი და სამი ბანკი, რომლებიც პრაქტიკულად ინაწილებენ ქართველების მთელ შემოსავალს და ართმევენ საქართველოს პერსპექტივას.

გია ვაშაძემ წარმოადგინა პროგრამა და ჩვენ ამ პროგრამას ვუჭერთ მხარს. პირველ რიგში ეს პროგრამა ითვალისწინებს უსამართლო საურავების გაუქმებას. ხალხს 25 000 აქვს კრედიტი აღებული, 25 000 აქვს გადახდილი საურავებში, პროცენტებსა და ჯარიმებში და მაინც ართმევენ ბინას. ეს უსამართლობაა. ჩვენ ამას გავაუქმებთ და მოვხსნით. ჩვენ დავაწესებთ ეფექტური პროცენტის ზედა ზღვარს. ახალი მთავრობა და ხელისუფლება გააკეთებს იმას, რომ იპოთეკის კრედიტი შემცირდება მინიმუმ 2-ჯერ. ეს არის ჰოლანდიური სისტემა, რომელიც კარგად შევისწავლე. შეიქმნება სახელმწიფო გარანტირების ფონდი, რომელიც შეივსება მსოფლიო ბანკისგან აღებული კრედიტებით და ამ ფონდის მეშვეობით მოხდება იპოთეკის პროცენტის შემცირება მინიმუმ 2-ჯერ. ეს დიდ შვებას მისცემს ხალხს.

ამ მთავრობას ეს არც კი უცდია. ევროპის ცენტრალური ბანკი 1%-ში გასცემს კრედიტებს ევროპაში. ამათ არც კი უცდიათ გასვლა საერთაშორისო ბაზარზე და ხალხისთვის ამ უპროცენტო კრედიტების წამოღება. ახალი ხელისუფლება ამას აუცილებლად იზამს", - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"