"ჩემთვის სიტყვის თავისუფლება იარაღის ტარების თავისუფლებასთან ასოცირდება" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის სიტყვის თავისუფლება იარაღის ტარების თავისუფლებასთან ასოცირდება"

"მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება ტერორის ტოლფასია! დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ადამიანის განადგურება არა მხოლოდ ტყვიით, კომუნიკაციითაც იოლად შეიძლება"

წინასაარჩევნო დაძაბულ ვითარებას ხშირად იმ პოლიტიკური ძალების საარჩევნო კამპანია ქმნის, რომლებიც მოსახლეობას მოსალოდნელი აპოკალიფსის შესახებ აფრთხილებენ. როგორია საზოგადოების როლი და რა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ინფორმაცია, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ესაუბრა.

- წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ცდილობს ელექტორატთან თავის მოწონებას, მაგრამ გააჩნია, როგორ ახერხებს ამას. თუკი ეს ბინძური კამპანიაა, ლანძღვა-გინების ნიაღვრით, კომპრომატების ფრიალითა და აპოკალიფსის სურათის დახატვით, ე.ი. საზოგადოება ამის საშუალებას პოლიტიკურ ჯგუფებს თავად აძლევს.

- როგორ შეაფასებთ მედიის ჩართულობას ამ პროცესში? - მედიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი მარკეტინგული გათვლაა და ის დიდწილად საზოგადოების მოთხოვნებს ემორჩილება. თუ ამა თუ იმ ძალის ბინძური კამპანია მეტ ყურადღებას იპყრობს, მედიაც ერთვება და ზოგჯერ დიდ როლსაც თამაშობს. ამ სიტუაციაში საზოგადოებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია - გარკვეულწილად გვკარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა:

დეზინფორმაციის გავრცელება ხომ არ არის მედიის სტანდარტი? მაგრამ რომელ სტანდარტსა და დეზინფორმაციაზეა ლაპარაკი, როდესაც პირდაპირ ტელეეთერებიდან გვესმის უშვერი ლანძღვა-გინება. სხვათა შორის, უშუალოდ მედიის წარმომადგენლებისგანაც... ბილწსიტყვაობა დეზინფორმაციის გავრცელებაზე არანაკლებ ტრაგედიად მიმაჩნია,

რადგან დეზინფორმაცია შესაძლებელია იყოს დემაგოგიური, მაგრამ მისი გავრცელების პარალელურად შეიძლება ობიექტური ინფორმაციაც მოვისმინოთ.

მარაზმია ის, რაც მედიაში ხდება, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

- პირდაპირ გკითხავთ, თქვენი შენიშვნა მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ეხება? - სხვებსაც, რადგან "რუსთავი 2" დღეს სხვა ტელევიზიებისთვის სტანდარტად აღიქმება. ვერ გეტყვით, ეს რით არის განპირობებული. შეიძლება იმით, რომ სხვებს არა აქვთ საკმარისი შემოქმედებითი ხედვა და ამიტომაც ვერ ქმნიან საკუთარ სივრცეს, შედეგად ვიღაცის ასლი ხდებიან.

შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ დღეს აგრესიაზე მოთხოვნაა და კარგად იყიდება. საერთოდ, ადამიანებს (მით უფრო ჩვენ, ქართველებს) მუდმივად უნდათ, რომ საკუთარი მარცხი სხვას დააბრალონ. ამ ფსიქოლოგიურ განწყობას პოლიტიკური ძალები კარგად იყენებენ. როგორც კი შემოგვიგდებენ თემას, რომ ვიღაცის ბრალია ჩვენი გაჭირვებული ყოფა, ჩვენც ავტომატურად ვნახულობთ "გამოსავალს" და ყველაფერს სხვას ვაბრალებთ. არადა, ჩვენს ბედნიერებასა თუ უბედურებაში ლომის წილი ისევ ჩვენ გვიძევს.

- ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მოსახლეობას არწმუნებს, რომ მოწინააღმდეგის არჩევის შემთხვევაში აპოკალიფსი გარდაუვალია. - პოლიტიკურ ძალებს შიშის და სტრესული ფონის შექმნა ხელს აძლევთ. ამ გზით უნდათ ინდიფერენტული ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანა. სხვათა შორის, წინასწარ იმის დახატვა, რომ აპოკალიფსი გარდაუვალია, მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. ასეა აშშ-შიც, რესპუბლიკელების და დემოკრატების კონცეფციაც ამგვარი განწყობების შექმნაზეა აგებული.

- აგრესია იგრძნობა სოცმედიაშიც. - სოციალური მედიის მეშვეობით განწყობებს კერძო ტიპები ქმნიან. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გაიჩინეს თავიანთი ხალხი, რათა სოცმედიაში მათთვის სასურველი განწყობები შექმნან. ამისთვის იხარჯება ფინანსებიც, თუმცა ამგვარი მომსახურება გაცილებით იაფია. მაშინ, როცა ტელევიზიებით განწყობების შექმნა და პოლიტიკური ძალის რეკლამირება მეტად ძვირად ღირებულია. ცხადია, ბევრი არაფერი უნდა იმას, რომ ესა თუ ის პერსონა იჯდეს კომპიუტერთან და მოსაზრებები გაავრცელოს.

მთავარია, მის პოსტებს ბევრი ნახვა ჰქონდეს. შესაბამისად, მათი "მუშაობა" ფასდება. კარგია, ამით ვიღაც საქმდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მას სხვის პირად შეურაცხყოფასა თუ აგრესიის გამოხატვაში ფულს აძლევენ. ნეტავ ის ამ დროს საკუთარ თავს რა შეფასებას აძლევს? ჩემი აზრით, ასეთ დროს ადამიანი პირად ღირსებას კარგავს. თუმცა ის შესაძლოა არჩევნების მერე გამარჯვებულმა ძალამ დააწინაუროს და სახელმწიფო სამსახურშიც ვიხილოთ.

- ქართულ რეალობაში არსებული პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არჩევნებს უფრო ის მხარე იგებს, რომელიც მეტად აგრესიულია. თქვენი შეფასებით, ვინ უფრო აგრესიულია წინასაარჩევნოდ და როგორ შეიძლება ეს არჩევნების მეორე ტურზე აისახოს? - აგრესიული კამპანია გაერთიანებულმა ოპოზიციამ წამოიწყო მოწინააღმდეგისთვის კომპრომატების შექმნითა და მოღალატის იარლიყის მიწებებით, შემდეგ კი მას ხელისუფლებამაც უპასუხა. საერთოდ, ოპოზიციას ის უპირატესობა აქვს, რომ ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრია. მაგალითად, მას შეუძლია გასცეს დაპირება და ვერ შეასრულოს, რადგან საამისო ბერკეტი არ გააჩნია, ხელისუფლება კი ამ მხრივ ყოველთვის შეზღუდულია.

- ფსიქოლოგების მტკიცებით, ნეგატიური ინფორმაცია ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთი მოსაზრება გადაჭარბებულია? - სულაც არა. დამტკიცებულია, რომ სტრესის მიღების შედეგად ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ნორადრენალინი და ადრენალინი გამოიყოფა, რაც საბოლოოდ დაავადებების გამოწვევის მიზეზი ხდება. ამას სამედიცინო ცოდნაც არ უნდა, თვითონ ადამიანიც გრძნობს, როცა უარყოფითი ემოციების ტყვეობაშია. მაგალითად, წარმოვიდგინოთ პერსონა, რომელმაც გაიღვიძა დილით, ჩართო ტელევიზორი, მიიღო ინფორმაცია სადისტური მკვლელობის შესახებ, შემდეგ გავიდა სახლიდან, იდგა საცობში და მოეშალა ნერვები, ბოლოს სამსახურშიც შეხვდა უსიამოვნება... ეს მთელი ქიმიური პროცესია, რომელიც უკვალოდ არ ქრება. ადამიანისთვის მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება ტერორის ტოლფასია! ჩემთვის სიტყვის თავისუფლება იარაღის ტარების თავისუფლებასთან ასოცირდება. დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ადამიანის განადგურება არა მხოლოდ ტყვიით, არამედ კომუნიკაციითაც იოლად შეიძლება.

ეკა ასათიანი