"საკრედიტო დავალიანებების დიდ ნაწილზე შეიძლება ამნისტია გამოცხადდეს" - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი? - კვირის პალიტრა

"საკრედიტო დავალიანებების დიდ ნაწილზე შეიძლება ამნისტია გამოცხადდეს" - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი?

ჭარბვალიანობასთან და საბანკო ვალდებულებების გამო ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ადამინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დიდი ხანია მიდის. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც გააჩნია ჩვენს ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე პრემიერ მინისტრი მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებას ორშაბათს გააცნობს.

„ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანია მოხვედრილი ამ სიაში და ეს ადამიანები არიან გამოთიშული ამ ეკონომიკური საქმიანობიდან. ბევრ მათგანს მოტივაცია აქვს დაკარგული, რომ დაიწყოს მუშაობა, რადგან ხელფასების ნაწილი შეიძლება ჩამოეჭრას. ისინი ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გვყავს. ამასთან დაკავშირებით სერიოზული მომზადება მიდის და ორშაბათს პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას. დეტალები იქნება ხვალ ცნობილი და შეიძლება დიდ ნაწილზე გამოცხადდეს ამნისტია განსაზღვრულ დავალიანებებზე. როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ადვილია პოპულისტური განცხადებების გაკეთება. ნუ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მოდით ჩვენ ახლა სესხის პროცენტები შევამციროთ და ჩავატაროთ ისეთი რეფორმები, რომელიც შუძლებელია და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

იხილეთ ასევე: "მთავრობამ "ნაციონალური მოძრაობა" შოკში ჩააგდო" - როგორ აპირებს ხელისუფლება ე.წ. "შავი სიის" პრობლემის მოგვარებას?

"ინტერპრესნიუსი"