"ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს" - კვირის პალიტრა

"ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს"

თაკო ჩარკვიანმა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია, განაცხადა, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ისინი შეეცდებიან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას... ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრაზე" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- როგორც ვთქვი, "ნაციონალები" პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, ოღონდ თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს პროცესი დაჩქარდება, რადგან ოპოზიციის რეალური ხელმძღვანელი იქნება პრეზიდენტი. ის ვის ნააზრევს გაახმაურებს და ვისი კარნახით მოიქცევა - სხვა საკითხია... ვახტანგ ძაბირაძე

ამიტომ, ჩემი აზრით, ხელისუფლებას ურჩევნია, ხელში აიღოს პოლიტიკური ინიციატივა და მომავალი წლის შემოდგომისთვის თვითონვე დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს შექმნის ქვეყანაში სტაბილურ გარემოს, რადგან ოპოზიციას ხელიდან გამოაცლის არგუმენტებს, თუ რატომ უნდა გავიდეს ქუჩაში. ამასთან, მას დარჩება ერთი წელი, რომ დაკარგული ამომრჩეველი დაიბრუნოს. მოგეხსენებათ, ივანიშვილმა თქვა, რომ ცვლილებებისთვის ერთი წელი სჭირდება, ჰოდა, მას ექნება ეს ერთი წელი... მოკლედ, ჩემი აზრით, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები "ქართულ ოცნებას" უფრო სჭირდება და გამოადგება, ვიდრე ოპოზიციას.

აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დესტაბილიზაციით შინ თუ გარეთ ბევრი მხარეა დაინტერესებული, განსაკუთრებით - რუსეთი, რომელსაც საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის ამ ეტაპზე ბერკეტები, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვს. ამიტომ ის ეცდება, შიდა აშლილობას შეუწყოს ხელი.

მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება. არა მგონია, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე ლაპარაკი შემთხვევით დაიწყეს. ისევ ერთმანეთის ჭამაზე თუ გადავედით, არა გამოვრიცხავ, რუსებმა გამოაცხადონ, ლაბორატორიაში საშიში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ინახება, ამისგან თავი უნდა დავიცვათო და ამ მოტივით შემოვიდნენ ქვეყანაში.

ამ საფრთხეზე კარგად უნდა დაფიქრდეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ყველას შევახსენებ - ჩვენ დღემდე არ ვიცით, 1991 წელს რუსთაველზე პირველმა ვინ გაისროლა.

- რუსული მედია აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. ხშირად ნახავთ ირონიულ დამოკიდებულებას მეორე ტურში გასული კანდიდატების მიერ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულების გამო. გამოცემა "კომერსანტში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "საქართველო "კრემლის ორი ხელიდან" ერთ-ერთს პრეზიდენტად ირჩევს". დამეთანხმებით, დამცინავი დამოკიდებულება სათაურიდანვე იგრძნობა. როგორ ფიქრობთ, რატომ წარიმართა მთელი საარჩევნო კამპანია ამ ტალღაზე?

- როდესაც ასეთ უუფლებო პრეზიდენტზეა ლაპარაკი, სასურველია, მას პირდაპირი წესით არ ირჩევდნენ. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტის მწირი უფლებების გათვალისწინებით, კანდიდატებს ამომრჩეველთან სათქმელიც არაფერი აქვთ. ბლეფია კანდიდატის ლაპარაკი 400-ლარიან პენსიაზე, მასწავლებლების ხელფასზე და ა.შ. ამგვარი დაპირებების შესრულება პრეზიდენტს არ ხელეწიფება. ამიტომაც იყვნენ იძულებული, სხვა თემა მოეძებნათ. ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი საგარეო თემა გამოდგა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" იცოდა რა, რომ ვაშაძის ბიოგრაფიაში იყო ლაქები, გადაწყვიტეს, იქით შეეტიათ. ამ დროს სალომე ზურაბიშვილმაც დაუშვა შეცდომა აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებით და ეს დაიხვიეს ხელზე.

...

სასწაული ხდება ჰააგის ამბავზეც... რა გამოდის "ნაციონალური მოძრაობის" ატეხილი აჟიოტაჟიდან? კარგი, არ ვენდობით მურუსიძის სასამართლოს, რომლის შემქმნელი სწორედ სააკაშვილის რეჟიმია, მაგრამ თურმე არც ჰააგის სასამართლოს ვენდობით. "ნაციონალების" მტკიცებით, შესაძლებელი ყოფილა მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღება... მე როგორც ვიცი, ჰააგაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიხედვით არ მოქმედებენ, იქ შეისწავლიან ფაქტებს. თუ ასე არ ვენდობით სტრასბურგს, ჰააგას, მაშ, რა გვინდა ევროკავშირში, რატომ მივდივართ დასავლეთისკენ?! იქაც თუ არ არსებობს სამართალი, რა დაგვრჩენია ევროპაში?! "ქართულ ოცნებაში" კი არავინ ჩანს, ვინც ამას ჰკითხავს "ნაციონალებს".

სირცხვილია, როცა რუსეთის აგენტობაში ბრალს ვდებთ საპრეზიდენტო კანდიდატებს და ამაზე უკვე ევროპარლამენტში ლაპარაკობენ. ერთსაც ვიტყვი - საქართველოში რუსული საქმე ყოველთვის ანტირუსული რიტორიკით კეთდებოდა...

სამწუხაროდ, გარანტია, რომ რუსული გავლენისგან სრულიად თავისუფალია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, არ არსებობს. მე ვლაპარაკობ მეხუთე კოლონაზე, რომელიც არ ჩანს, ოღონდ მოქმედებს.

საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას 50 კაცი ეყოფა. ვიმეორებ, დღესაც კი არ ვიცით, რა მოხდა 1991 წელს. დარწმუნებული ვარ, არიან ძალები როგორც ხელისუფლებაში, ისე - ოპოზიციაში, რომლებიც ეცდებიან, ეს დაძაბულობა დესტაბილიზაციად აქციონ.

თუ ვითარება აირია, მერე მისი დალაგება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ როდესაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი გამოხატავს თავის პოზიციას, თუნდაც ცამდე მართალი იყოს, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს სამხედროები, არმია "ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა... ისმის კითხვა: ეს რაში სჭირდებათ? იმისთვის ხომ არა, ხვალ რომ ვითარება დაიძაბოს, თქვან, არმია ჩვენ გვიჭერს მხარს და შეგვიძლია შტურმზე გადავიდეთო? ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ივანიშვილი აშკარად და პირდაპირ ვერ დაუპირისპირდება გარემოცვას, მით უფრო, წინასაარჩევნოდ"