"ცოტა ხანში მივიღებთ უფრო დიდ "შავ სიას", ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან და ახალ ვალებს აიღებენ"
19-11-2018
"ცოტა ხანში მივიღებთ უფრო დიდ "შავ სიას", ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან და ახალ ვალებს აიღებენ"
"ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი არ არის, როგორც ჩანს, ის აფექტის მდგომარეობაშია"

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.
"მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ "შავ სიაში" დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ
სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი
გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე", -
განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15
დეკემბერს და "600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს".

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი აღნიშნულ ვალს სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი "ქართუ".

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოყვა დადებითი და უარყოფითი შეფასებები. საზოგადოების ერთი ნაწილი მიესალმება აღნიშნულ ნაბიჯს, თუმცა მეორე ნაწილში გაჩნდა პროტესტის გრძნობა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ.

- ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივ განცდებს იწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან მწვავე სოციალური პრობლემა, ვიღაცა თუ თავის თავზე იღებს ამ პრობლემის გადაჭრას, მადლობის მეტი რა გვეთქმის და ეს ნამდვილად უნდა დავაფასოთ. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლოგიკას, აქ რა თქმა უნდა, სევდანარევი სკეპტიციზმი გვიპყრობს. ეკონომიკურად ეს პროცესის გაჯანსაღებას არ უწყობს ხელს, პირიქით, უპასუხისმგებლობის სინდრომის პროვოცირებას ახდენს და ჩვენ ცოტა ხანში, მივიღებთ უფრო დიდ "შავ სიას", ვიდრე გვაქვს დღეს.
მოხდება ძალიან მარტივი რაღაც - ადამიანები, ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან, ახალ ვალებს აიღებენ და ახალი "შავი სია" გაკეთდება. პატიოსანი გადამხდელების თემა ცალკე თემაა, პატიოსან გადამხდელებს ეს აძლევს სტიმულს, რომ შეწყვიტონ პატიოსანი გადახდები და პოლიტიკურ კრიზისს დაელოდონ, შესაბამისად, ეს ეკონომიკას აზიანებს. სახელმწიფოებრივად ეს იყო მაღალი რისკის შემცველი ქმედება, გარდა ამისა, გარკვეულწილად ეს სევდის განცდასაც მიჩენს, ეს სევდა იმასაც უკავშირდება, რომ "ქართუ“ საერთოდ ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. სრულიად უანგაროდ ეს ფონდი წლების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, ამაზეც შემიძლია მადლობა გადავუხადო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი ქველმოქმედება სამწუხაროდ დაუკავშირდა პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც ცვლის საერთოდ აღქმას ამ ქველმოქმედების უანგარობის შესახებ და ეს გულდასაწყვეტია.

- როგორ ფიქრობთ, ეს არის წინასაარჩევნოდ თავის გადარჩენა თუ დიდი ხანია ამაზე მუშაობენ,  ახლა კი "დასჭირდათ“ და გამოიყენეს?
- თუ დიდი ხანია მუშაობდნენ და ეს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ უკავშირდება, მაშინ უნდა გაეკეთებინათ დიდი ხნით ადრე ან არჩევნების შემდეგ. რადგან ეს ხდება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სულ რომ აზრად არ ჰქონოდათ, საზოგადოებაში მაინც ჩნდება განცდა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური ნაბიჯი და სწორედ ეს არის სამწუხარო. ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი არ არის, როგორც ჩანს, ის აფექტის მდგომარეობაშია, სამწუხაროდ მისი ცხოვრებისეული ფილოსიფია რადიკალურად იცვლება და ეს არის გულდასაწყვეტი.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ გადაწყვეტილების განხორციელება?
- ბუნდოვანება არის ამ პოლიტიკის ნაწილი. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკას უკავშირდება რაღაც, იქ ვაშლებით და მსხლებით არ უნდა ისაუბრო. ეს საკმაოდ პრობლემატური ქმედებაა ბევრი გაგებით და მეტყველებს ერთადერთ რაღაცაზე, რომ ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, ძალიან შეშინებულია და მზად არის, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას. ვწუხვარ, რომ ასე და ამ ფორმით ხდება ეს ყველაფერი, თუმცა მადლობას მაინც გადავუხდი, იმიტომ, რომ თუ ეს სოციალური პრობლემა გადაწყდა, ეს თავისთავად კარგია.


(სპეციალურად საიტისთვის)

კიტი
20 ნოემბერი 2018 12:36
მადლობელები იყავით.ვალიდან გამოძრომის შანსი გეძლევათ. ბევრი მაინჩუმადური იქნება. სწორედაც არჩევნების მერე უნდა მოხდეს ჩამოწერა
ბერო
20 ნოემბერი 2018 12:18
კარგი რა,ხუხაშვილო! ყველაფერში ნეგატივს ნუ ხედავ! ჯერ ერთი,ვისაც ვალები ჩამოეწერება,ის უტვინო უნდა იყოს,რომ კიდევ ბანკს გაეკაროს! მეორე,ბანკი სულელი არ არის,რომ შავსიელს კიდევ ვალი მისცეს და მესამე,თუ ასეთი იდიოტი გამოჩნდება და კიდევ აიღებს ვალს,ვინ სულელი გაუსტუმრებს კიდევ!!!
DULLES
19 ნოემბერი 2018 23:58
სამაგიეროდ ვივუსი გასცემს მეორე დღეს, ასე, რომ ახალი შავი ხვრელები იქნება. რატომ ამახინჯებთ პოლიტიკურ გარემოს, რატომ ყიდულობთ კარტოფილივით ამ მოსახლეობას.

რედაქტორის რჩევით