"თქვენთან ვაცხადებ პირველად..." - კვირის პალიტრა

"თქვენთან ვაცხადებ პირველად..."

"იმ პერიოდიდან დღემდე წელი არ გასულა, რომ პირველი პირის წინააღმდეგ შეთქმულება არ დაეგეგმათ"

"კვირის პალიტრა" წინა ნომრებში წერდა საქართველოს ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილის, პირველი რანგის კაპიტნის, ამჟამად ძებნილი ვიქტორ ჭელიძის სკანდალურ აუდიოჩანაწერების თაობაზე, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა. ჭელიძე ცნობილი მოვლენების დღემდე უცნობ დეტალებზე ლაპარაკობს და არაერთ თანამდებობის პირს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს. ვიქტორ ჭელიძის აზრით, სისხლის სამართლის საქმე დაუსაბუთებელი ბრალდებებით აღძრეს და უსამართლოდ იდევნება. "მე მზად ვარ, მოვყვე ყველაფერს და მერე თავიც მოვიკლა, თუ ეს ჩემს უდანაშაულობაში ხალხს დაარწმუნებს!" - გვითხრა ვიქტორ ჭელიძემ, როცა მასთან დაკავშირება მოვახერხეთ და "კვირის პალიტრასთან" საუბარი თავს გადახდენილი ამბების თხრობით დაიწყო.

"შვილის გასვენების დღეს დამაპატიმრეს"

ვიქტორ ჭელიძე: - ჯერ კიდევ მაშინ, როცა  სამხედრო კომისარიატში ვმსახურობდი,  ოჯახი შევქმენი. ცოლად შევირთე ჩემზე 8 წლით უმცროსი  გოგონა, სახელად იანა. მაშინ  უკვე ომგამოვლილი კაცის სახელი მქონდა. 1991 წლიდან  ჩოლოყაშვილის ბატალიონში ვმსახურობდი და ყველა შეაიარაღებულ კონფლიქტში ვმონაწილეობდი. 1993-დან 1994 წლამდე რესპუბლიკის კომისარმა ტარიელ აბუაშვილმა სამგორის რაიონის პატრიოტულ-აღმზრდელობითი კომისიის უფროსის მოადგილედ დამნიშნა. სწორედ იმ პერიოდში დავოჯახდი. მალე სამსახურებრივი ურთიერთობა დამეძაბა მეთაურთან, რომელიც  ჭორებს აჰყვა და წარმოუდგენელი რამ დამაბრალა, თითქოს მე ჩემი ორი ყოფილი მებრძოლი, რომლებიც მეტრო "დელისთან" მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის დაცვაში მუშაობდნენ, დავაყაჩაღე. ეს ორი, ქაქუცა და ალიკა, სწორედ ის მებრძოლები არიან, უკანასკნელი  ომის დროს 11 დღის განმავლობაში  ტყვეობაში რომ იყვნენ, სადაც აფხაზებმა  24 ქართველი მებრძოლი დაამარხვინეს და მერე მათ საფლავებზე აცეკვეს. ალიკამ როგორღაც მოახერხა გამოქცევა და მე მშიერ-მწყურვალი, დაოსებული  ვიპოვე ტყეში.  ქაქუცა კი ის მებრძოლი იყო, რომელიც ერთხელ წყლის მოსატანად გავგზავნე და უცბად მის ახლოს აფეთქება მოხდა, რამაც გზად მიმავალს ფეხი წააცალა, თავად კი სასწაულებრივად გადარჩა.

ასეთ ადამიანებს როგორ დავაყაჩაღებდი, სულს ასე როგორ წავიწყმედდი? ასეთი ბინძური ცილისწამება შეთხზეს. ცხადია, ბრალდება ვერავინ დამიმტკიცა, მაგრამ გავბრაზდი, ასეთი რამ რომ ითქვა და ამიტომაც მოგვიხდა უსიამოვნება მეთაურთან და სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ ოფიციალურად ჯერ კიდევ ვითვლებოდი თავდაცვის სამინისტროში მომსახურედ.

უმუშევრად დარჩენილმა ვარკეთილში მამაჩემის სახლი გავყიდე, 8 ათასი  დოლარი შუაზე  გავყავი, ნახევარი მეგობარს მივეცი, რომელსაც რაღაც ჭორებისა და ცილისწამების გამო ჩემსავით პრობლემები ჰქონდა, დანარჩენი ჩემთვის დავიტოვე. თანაც, იმხანად ორივეს ფეხმძიმე მეუღლეები გვყავდა და ისინი სამშობიაროშიც ერთდროულად დავაწვინეთ. ჩემი მეგობრის მეუღლეს იქვე მოუკვდა ბავშვი სამშობიაროში, მე ვაჟიშვილი შემეძინა. მალე ქვეყანაში შექმნილი იდიოტური ვითარების გამო საქართველოდან წავედი. გერმანიაში ჩასული კი მივადექი კოტე გაბაშვილს, რომელიც იმხანად საქართველოს ელჩად მუშაობდა. საბუთები წესრიგში არ მქონდა და ორი თუ სამი დღე კოტესთან დავრჩი. ეს უკანასკნელი ომის დროს გავიცანი. გუმისთის ხეობის დაცვის ექვსდღიანი ეპოპეა როცა დასრულდა, აფხაზეთში ჩამობრძანდა კოტე გაბაშვილი, რომელიც მაშინ დედაქალაქის მერი იყო. ეგრევე ვიყიდე, ეს ორდღიანი ვიზიტი ავტობიოგრაფიის გასალამაზებლად სჭირდება-მეთქი. მოკლედ, გერმანიაში გამოვეცნაურე და ისიც გავარკვიე, რომ ჩემს მეთაურ ტარიელ აბუაშვილსაც იცნობდა.

ასე იყო თუ ისე, გერმანიაში ჩასულს მისი დახმარება დამჭირდა. სხვა თუ არაფერი,  თბილისის ტელეფონი მაინც ჰქონდა ოფისში და ჩემს ცოლს უფასოდ ვურეკავდი, ვეკითხებოდი, ბავშვი როგორ არის-მეთქი. ორი-სამი დღის შემდეგ კოტემ მითხრა, საქართველოში დაბრუნების მოწმობას მოგცემ, რაც თვე-ნახევრის განმავლობაში ევროპაში დარჩენის საშუალებას მოგცემსო. თურმე, ეს მოწმობა რომ გაქვს, პასპორტი აღარ უნდა გედოს ჯიბეში, მაგრამ ამის თაობაზე ბატონმა კოტემ აღარ გამაფრთხილა. ამიტომაც საელჩოდან გამოსული მალევე ამიყვანეს გერმანიაში, ხელბორკილი დამადეს და თავი მიკრეს ბონის ციხეში. თავშესაფრის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა. ქართული მხარე დეზერტირად ან ბანდიტად გამომაცხადებდა და არავინ შემიფარებდა. გერმანიიდან საქართველოში ხელბორკილდადებული ჩამომაფრინეს, აეროპორტიდან პირდაპირ უშიშროების განყოფილებაში წამაბრძანეს, სადაც უამრავი კითხვა დამისვეს ჩემთვის უცნობ მკვლელობებზე. მისახელებდნენ ვიღაცების გვარებს, მეკითხებოდნენ, შენ მოკალი თუ არაო.…სახტად დავრჩი. რომ დაინახეს, გაშტერებული ვიყავი, გამომიშვეს სახლში.

ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ძალიან მიჭირდა, ყველასგან მიტოვებულად ვგრძნობდი თავს, სახელმწიფოსგან იოტისოდენა ყურადღება და დაფასება არ გამაჩნდა. როგორც აფხაზეთში ნაომარი, არავითარი პრივილეგიით არ ვსარგებლობდი. პირიქით, თუ სადმე რამე ცუდი მოხდებოდა, ეჭვი რატომღაც ჩემზე მოჰქონდათ.

KvirisPalitra.Geამასობაში ჩემს ბავშვს აცრა დასჭირდა და მეუღლეს საავადმყოფოში გავყევი. სიმართლე გითხრათ, ექიმი თავიდანვე არ მომეწონა, დაქალებთან ჭორაობდა და ყავაზე მკითხაობდა. უყურადღებოდ აცრა ბავშვი, რომელსაც იმ პრეპარატის მიმართ გამძაფრებული რეაქცია მისცა. 6 თვის ბავშვი 5 წლის ბავშვის დოზით აცრეს, რამაც ენცეფალიტი (ტვინის ანთება) გამოიწვია. აცრის შემდეგ ბავშვი შინ წავიყვანეთ, მან კი მეორე დღესვე თვალები რაღაცნაირად ამოატრიალა და ფერი დაკარგა.  ისევ საავადმყოფოში გავაქანეთ. ნაცნობ ექიმს  ვკითხე, ბავშვი მომიკვდება თუ გადარჩება-მეთქი. ყუმბარა რომ ჩაუდო ჯიბეში ვინმეს, გადარჩებაო? იყო პასუხი. ყოველ 6 საათში ბავშვს 2 ფლაკონი მაინც სჭირდება, რაც 300 დოლარამდე ღირს, ყოველდღიურად კოლოსალური ხარჯი მაქვს.

ამასობაში წამლების წყალობით პატარამ მოიხედა. ექიმმა მითხრა, ბავშვს მოსკოვში ან გერმანიაში თუ წაიყვან თავის ტვინზე ოპერაციის გასაკეთებლად, არ არის გამორიცხული, გადარჩესო. ამისთვის 20.000 დოლარი მაინც მჭირდებოდა, მსესხებელი კი არავინ მყავდა. წყნეთში ძვირად ღირებული საცხოვრებელი კი მქონდა, მაგრამ მყიდველი არ ჩანდა. ამ ფიქრებში ვარ და ამ დროს მანქანიდან, სადაც  ჩემი მეგობრები, ზურა კაციაშვილი და მისი მეუღლე ნინო ლაფაჩი სხედან, ასეთი საუბარი მესმის:…"ტარიელი ხომ იცი. მოსკოვიდან ჩამოვიდა და წერეთელზე 20 ათასად ღირებული მაღაზიის ყიდვა უნდა, რომელსაც ბიზნესსაქმიანობისთვის ისევ ჩვენ დაგვიტოვებს, თავად კი მოსკოვში დაბრუნდება", - ეუბნებოდა ნინო ლაფაჩი მეუღლეს. ცოლ-ქმარი სახლთან ჩამოვსვი თუ არა, მოსკოვიდან იმ ახალდაბრუნებულ ოჯახში წავედი. მაშინ არც კი ვიცოდი, ვის სახლში მივდიოდი. შინ ორივე დამხვდა, თავზე იარაღით დავადექი და ვუბრძანე, ფული გამოეტანათ. შეშინებულმა ქალმა სამკაულები მოიხსნა. დაიკო, ახლა ცუდ დღეში ვარ, ფული მჭირდება და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ეგ სამკაულები გაიკეთე, არაფერში გამომადგება, ფული გამომიტანეთ-მეთქი, ვუთხარი. ჩემდა გასაკვირად მხოლოდ  7 ათასი დოლარი აღმოაჩნდათ. ფული ჯიბეში ჩავიდე და გამოსვლისას ცოლ-ქმარს მივაძახე, მოვა დრო და ამ ფულს დაგიბრუნებთ-მეთქი. ამას თავადაც დაგიდასტურებენ.

გავიდა რამდენიმე დღე. მე დარჩენილი თანხის შოვნას ვცდილობდი, ამასობაში კი ბავშვი გარდაიცვალა, თანაც სწორედ ჩემი მეუღლის დაბადების დღეს, რომელიც მაშინ 17 წლის გახდა.

ბავშვის დაკრძალვის დღეს ნინო ლაფაჩი მოვიდა და მითხრა, ზურა დაიჭირეს, პოლიციაში უნდა გამყვე და მის გათავისუფლებაში დამეხმაროო. თურმე ნუ იტყვით, მე რომ დავაყაჩაღე, ის ოჯახი ჩივილს სულ არ აპირებდა, მაგრამ ნინო ლაფაჩს ეჭვი ჩემზე მიუტანია და დაზარალებულები პოლიციაში წაუყვანია. იქ კი მისი მეუღლე ზურა, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო, დაუკითხავთ და დაუპატიმრებიათ. ჩემს სახლს პოლიციელებმა ნინო ლაფაჩის ეჭვის საფუძველზე შემოარტყეს ალყა და ქალი გარეთ გასატყუებლად შემომიგზავნეს. ახლა მაცალე, ეს ბავშვი გამასვენებინე და მერე პოლიციაშიც გამოგყვები და ყველგან, სადაც მეტყვი-მეთქი, ვუთხარი. თან იცით, როგორი სიტუაციაა? ჩემი ძმა,  რომელიც მიცვალებულის სასახლისთვის გავგზავნე, უკან აღარ დაბრუნდა.

თურმე გარეთ გასვლისთანავე აუყვანიათ. მერე ძმაკაცი გავგზავნე და ისიც დაიჭირეს. დამპალოს სასაფლაოზე ბავშვის დასამარხი ადგილის ამბავიც არ მქონდა გარკვეული და ეს ქალი კიდევ გარეთ მექაჩება, თან რაღაცებს მეუბნება. კიბეზე სამძიმრის სათქმელად მომავალი ხალხიც შეთხელებულიყო, მხოლოდ ერთი-ორ ნაცნობ პოლიციელს მოვკარი თვალი…და წამიერი რეაქცია მქონდა, ჯერ ნინო ლაფაჩს  ვკარი მუშტი ყბაში, მერე მუცელში და იქვე დავაგდე. ორი პოლიციელი მომვარდა და ისინიც იქვე დავყარე ღორებივით. სხვებიც ამოცვივდნენ, მაგრამ ყველანი კიბეზე დავაგორე და მიცვალებულ ბავშვსა და დაზაფრულ ცოლთან  ერთად გავმაგრდი სახლში. ეს ჩემი მეუღლის ბინაში ხდებოდა. კიდევ კარგი, იარაღი არ მქონდა, თორემ ვიღაცას მოვკლავდი და რაღა თქმა უნდა, იმ ალყაშემორტყმულ სახლში მეც ოჯახიანად ჩამკლავდნენ. ცოტა ხანში სამართალდამცველებმა კარი შემომიმტვრიეს, ქალებმა წივილ-კვილი ატეხეს, მე კი ერთ ოფიცერს ვაზა ჩავარტყი თავში, მეორეს კიდევ რაღაც და ყველანი გარეთ გავყარე. ბოლოს მოსალაპარაკებლად შემოვიდა მე-6 განყოფილების უფროსი, მახსოვს, ფელიქსა ერქვა.…

უი, აქ რა სიტუაცია ყოფილა, როგორ არაფერი მითხრესო, - თქვა  ფელიქსამ და აფერისტულად მომისამძიმრა. თავი დავხარე თუ არა, კეფაში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. თურმე პოლიცილები აივანზე გადმოპარულიყვნენ. მოკლედ, ჩართეს სირენები, ხელბორკილი დამადეს და გამიყვანეს. იმ დღეს ბავშვი გაუსვენებელი დამრჩა, მეორე დღეს უჩემოდ გაასვენა იანამ.…

მე კი პოლიციის განყოფილებაში გამომკეტეს და სასტიკად მაწამეს. ითხოვდნენ, დამეწერა, რომ შევედი ოჯახში დასაყაჩაღებლად, გავუტეხე თავი ცოლ-ქმარს, რომ ჩავიდინე სასტიკი დანაშაული და ამაში ზურაბ კაციაშვილი (ნინო ლაფაჩის მეუღლე) და ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი, სომეხი არტურა მეხმარებოდნენ. სინამდვილეში კი მეხმარებოდნენ ძმაკაცები, რომელთა გვარები არც მითქვამს და არც ვიტყვი არასოდეს, რადგან ისინი დამნაშავეები არ არიან. გამომყვნენ, რადგან ჩემი დახმარება ეწადათ, პირადი გამორჩენის  მიზნით არ წამოსულან. მოკლედ, ვიცი, კაციაშვილი და არტურა არაფერ შუაშია, ამათ კი უკვე დაწერილი აქვთ ჩვენებები, სადაც ჩაუდენელ დანაშაულს აღიარებენ. შემოიყვანეს ისინი და პირზე დამაყენეს, მეუბნებიან, შენთან ერთად ჩვენც ვიყავითო. მაგრამ არაფერი გაუვიდათ.

პოლიციას ჩემგანაც უნდოდა ფულის აღება და იმათგანაც. ამიტომ ჩემი წამება გააგრძელეს. ჩამომაცვეს ნიღაბი, რომლის ქვეშ გაზის მხუთავ აირს მასუნთქებდნენ. პრაქტიკულად, სამჯერ მოვკვდი. ერთხელ თავად "გამაცოცხლეს", ორჯერ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდათ. კბილები ხომ სულ ჩამიმტვრიეს. იქვე ფეხმოტეხილი სეიფი იდგა, რომელსაც ცალ მხარეს ფიცარი ჰქონდა შეყუდებული. გამოაძვრეს, ჩამთხარეს პირში და დაიწყეს ზედ ჯოკერის თამაში. ორი ხელი ითამაშეს. როგორ ფიქრობთ, ოთხი კაცი ამ დროს რამდენ სიგარეტს მოსწევდა? ყველა მე ჩამაწვეს პირსა და სახეში. ისე დამეჭიმა იოგები, ნერწყვსაც ვეღარ ვყლაპავდი.

შემდეგ პოლიციის უფროსი შემოვიდა  და  2 საათის განმავლობაში მირტყამდა ხელკეტს. რომ დაიღალა, კოსტიუმი გაიხადა და ისე გააგრძელა ჩემი ცემა. ერთხელ ნაცემი გონს რომ მოვედი, აღმოვაჩინე, რომ მარტო ვიყავი.

ენა კბილებს შუა მოვიმწყვდიე, ავძვერი იმ სეიფზე და თავით გადმოვეშვი. ვიფიქრე, ეს ენა ან მომწყდება, ან მომეკვნიტება და რომ არ მექნება, თავს დამანებებენ-მეთქი. ნურას უკაცრავად! ენაც გამისივდა, თავიც არ დამანებეს და ნაბეგვი უკვე განძრევასაც ვეღარ ვახერხებდი.  მაინც არ გავტყდი. 18 დღის განმავლობაში მაწამებდნენ. ბოლოს, რომ აღარაფერი გამოუვიდათ და მეც  უმოქმედო გვამს დავემსგავსე, ჩემი ცოლი შემოუშვეს, მალამო რომ წაესვა ჩემთვის. ამის შემდეგ გადამიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც იცით, რა დავწერე? თითქოს იმ დღეს, როცა პოლიციამ დამაკავა, ხელიდან დავუსხლტი მათ, ავძვერი ხეზე და იქიდან გადმოვვარდი. ხომ უნდა ამეხსნა, რისთვის ვიყავი ასეთი ნაცემ-ნაბეგვი.

თქვენ წარმოიდგინეთ, სასამართლო პროცესზე  ძალიან დამეხმარა იმ ოჯახის დიასახლისი, რომელიც დავაყაჩაღე. ჩემს სასარგებლოდ მისცა ჩვენებები. ბოლოს და ბოლოს, გაიყიდა წყნეთის ბინა და სასჯელის შემსუბუქების მიზნით ამა ქვეყნის ძლიერებს 37 ათასი დოლარიც გადავუხადე. მოსამართლემ მკაცრი განაჩენი არ გამომიტანა. დაახლოებით იმდენივე წელი მომცეს, რამდენსაც ქურდებს აძლევნენ და არა ყაჩაღებს და გამამწესეს ციხეში. იქაც "ბლატნოი" საკანში აღმოვჩნდი, სადაც ქურდები და "მომავლები" იმყოფებოდნენ. სულ 18 საწოლი იყო, მე 57-ე პატიმარი ვიყავი. იმ 18 საწოლიდან ორი "პარაშასთან" ახლოს თავისუფალი იყო, თუმცა დაწოლას არავინ კადრულობდა.

ასე რომ, ერთ საწოლზე სამი კაცი ვენაცვლებოდით ერთმანეთს და რიგრიგობით გვეძინა. 9 თვე ვიყავი ამ მდგომარეობაში, მერე საქმის ჩაწყობით ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც შემოსვლას იანაც ახერხებდა. ბოლოს კი ისევ ნაცნობ-მეგობრების წყალობით შევარდნაძეს  წერილი მივწერე და შეწყალება ვთხოვე. პრეზიდენტმა შემიწყალა. 1998 წელს ციხიდან გამოვედი და იცით, რა გავიგე? თურმე იმ ჩემი ცოდვით სავსე ფელიქსას შვილი მიჰყავდა საოპერაციოდ მოსკოვში. სწორედ იმ დროს ვარდიკო ნადიბაიძის დაცვის წევრები გიჟებივით გამოცვენილან თავისუფლების მოედანზე, მანქანა ვერ დაუქოქავთ და ფელიქსას მანქანას  გადასდგომიან წინ, მანქანის წართმევა  დაუპირებიათ. ფელიქსა შეწინააღმდეგებია და მუხლი გადაუცხრილეს, დააყაჩაღეს და შვილი მოსკოვში ვეღარ წაიყვანა. ამ ამბის მოსმენით გაოგნებულმა გავიფიქრე, კიდევ კარგი, ამ დროს ციხეში ვიჯექი, თორემ ამ დანაშაულსაც მე დამაბრალებდნენ-მეთქი.

პირველად თქვენ გეუბნებით: როცა შვილი მიკვდებოდა, ისევ სამხედრო სამსახურში რომ ვყოფილიყავი ან სახელმწიფოსგან მცირეოდენი ყურადღება მეგრძნო, ყაჩაღობას არ ჩავიდენდი!

სისხლში ჩახშობილი ამბოხი და გაშიფრული მაღალჩინოსნები…

ციხიდან რომ გამოვედი, ვფიქრობდი, ჯარში აღარ დავბრუნდები-მეთქი. მაგრამ იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დასჯას იმსახურებდნენ. ჩემს ძმაკაცთან, ზურა ირემაძესთან მივედი და ვუამბე, ვინ რას წარმოადგენდა და რისი მაქნისი იყო თავდაცვის სამინისტროში. ზურა იმხანად საზღვაო ქვეითი ბატალიონის  მეთაური იყო. თავის დროზე ჩვენ საპირისპირო პოლიტიკურ ბანაკებში ვიყავით, ის ზვიად გამსახურდიას დანიშნული სარდალი გახლდათ, რომლის სახელსაც ტელევიზიაში შეჭრის ცნობილი ფაქტი უკავშირდება. მე კი თენგიზ კიტოვანთან ერთად ვიყავი ეროვნულ გვარდიაში. შესაძლოა, ბევრმა არც ის იცის, აფხაზეთის  ომის დროს გამსახურდიამ სარდლობიდან რომ გაათავისუფლა ლოთი ქობალია და მის ნაცვლად ზურა დანიშნა. მე იგი აფხაზეთის ომის დროს გავიცანი.

ჯერ კიდევ 1998 წელს ზურა ირემაძეც, ასლან აბაშიძეც და მთელი მისი გარემოცვა დარწმუნებული იყო, რომ  შევარდნაძის შემდეგ აუცილებლად  მიხეილ სააკაშვილი გახდებოდა პრეზიდენტი. მახსოვს, ასლან აბაშიძემ სააკაშვილის მაკომპრომეტირებელი კასეტა გადმოგვცა, სადაც ჯერ ქალთან მისი სატელეფონო საუბარი იყო ჩაწერილი, შემდეგ უხერხული სიტუაცია. "აი, შევარდნაძე ვის გვიტოვებს პრეზიდენტად!" - თქვა ასლანმა. "მეორე ვარიანტი არ არსებობს?" - იკითხა ზურამ. "კი, ჟვანია", - იყო პასუხი. დუმილი ჩამოვარდა. იმ პერიოდიდან დღემდე საქართველოში ერთი წელიც არ ყოფილა ისეთი, პირველი პირის წინააღმდეგ შეთქმულება ან სახელმწიფო გადატრიალება რომ არ დაეგეგმათ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვინაიდან ამ მოვლენებთან ან უშუალო შეხება მქონდა, ან - საჭირო ინფორმაციები. მახსოვს, 1998 წელს კაკო ელიავამ ზურაბ ირემაძეს უთხრა, ეს სატანა შევარდნაძე ქვეყანას უნდა მოვაცილოთო.

ერთ დროს ელიავა ზურა ირემაძის დაქვემდებარებაში  მყოფი ოფიცერი იყო. გავარკვიეთ, რომ ელიავას ამბოხს ასლან აბაშიძე გეგმავდა და  ფინანსურად კი ბადრი მელაძე და რუსული პოლიტელიტა ეხმარებოდნენ. ეს ის ბადრი მელაძეა, რომელიც ახლა მოსკოვშია და სააკაშვილის მოცილების გეგმას თანამზრახველებთან ერთად ამუშავებს, ალტერნატიული მთავრობის შექმნას აფინანსებს და ა.შ. მოკლედ, ელიავასგან მივიღეთ ინფორმაცია თუ არა, წავედით ასლანთან, მანაც დაგვიდასტურა, რომ გადატრიალება უნდა მომხდარიყო. ამაში ცენტრალური სტრუქტურებიდანაც კი არის ხალხი ჩართული. უკვე 6 თვეა, მიდის მზადება. თქვენი დახმარება გვჭირდება.

უნდა დაიკავოთ ფოთის ტერმინალი (მაშინ ნავთობსადენი ახალი აშენებული იყო), გადაკეტოთ პორტი, თბილისი  იზოლაციაში მოექცევა, ცოტა ხანში ხალხს მოშივდება და ქუჩებში გამოვა. ამ დროს დედაქალაქისაკენ სხვადასხვა მიმართულებიდან დაიძვრებიან სამხედრო ნაწილები" - გვითხრა ასლანმა. მოკლედ, მივიღეთ დავალება და წამოვედით. ვხედავ, ზურაც ზომბივით ამბობს, შევარდნაძის ეს ბანდა უნდა გავანადგუროთო. ვეუბნები: "ჩემო ძმაო, რას აკეთებ, ამ ნაგავმა რაღაც გითხრა, შენ რატომ უნდა ჩაერიო ამ ამბავში? ვერც ვერავის გაანადგურებ. შენ იყავი ელიავას მეთაური, ახლა ელიავა გაძლევს დავალებებს. ამას თავი რომ გავანებოთ, შენ უნდა ჩაატარო ყველაზე მთავარი ოპერაცია, არტერია გადაუჭრა დედაქალაქს, ქართველებს გველეშაპივით საჭმლისა და სასმლის მიღების წყარო გადაუკეტო, ცენტრალურ ხელისუფლებას ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენო და რას მიაღწევ ამით? განწირული ხარ, ძმა, განწირული!

ეს ტერმინალი საერთაშორისო დანიშნულების არის და მისი გადაკეტვა უცხოეთის აღშფოთებას გამოიწვევს. საბოლოოდ ვერაფერს მიაღწევ, თავს დაიღუპავ, ასლანი კი იცხოვრებს მშვიდად აჭარაში". მოკლედ, ზურა თავისი  განზრახვის აბსურდულობაში დავარწმუნე და ხელი ავაღებინე. წავედით თბილისში, ზურამ ინფორმაცია მიაწოდა მაშინდელ უშიშროებას. საუბარი შედგა ჩვენსა და უშიშროების მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს შორის, რომელსაც  კონტრდაზვერვის მაშინდელი თანამშრომელი, ჩვენი მეგობარი ზაზა მჭედლიძეც ესწრებოდა. ისიც ზვიად გამსახურდიას ყოფილი თანამოაზრე იყო. გავიდა დრო, პრევენციული ზომები კი არავინ მიიღო. არადა, ჩვენ დღე-დღეზე ველოდით  ბრძანებას. ე.ი. უშიშროებამაც იცოდა ყველაფერი, შსს-მაც და არავინ არაფერს აკეთებდა  საფრთხის გასანეიტრალებლად.

არადა, ზურას ფულიც კი ჰქონდა აღებული. ე.ი. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ასლანის ბრძანება უნდა შეესრულებინა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის  სამხედრო ნაწილები  მოლაპარაკებული იყვნენ ამბოხზე. სენაკის ბრიგადა დედაქალაქისკენ უნდა დაძრულიყო, ქუთაისის გადასახვევთან სხვა ბრიგადებიც შეუერთდებოდნენ. მახსოვს, ამ გეგმის თავიდან  ასარიდებლად, ამბოხების წინა ღამით, ტანკებიდან საწვავი გადმოვღვარე. მანამდე კი ზურამ  მოახერხა თევზაძესთან შეხვედრა, რომელიც ახალდანიშნული თავდაცვის მინისტრი იყო.

მან ჩვენი იმედი გაამართლა, მივიდა პრეზიდენტთან, ყველაფერი უამბო  და იქიდან გენერალ-ლეიტენანტის წოდებით დაჯილდოებული გამოვიდა. ამბოხის წინაღამეს უკრაინაში სასწავლებლად გაგზავნეს ის მეთაურები, რომლებზეც ეჭვი გვქონდა, რომ რუსეთის დაკვეთებს ასრულებდნენ. ესენი იყვნენ კობა ღურწკაია (საკმაოდ ძლიერი პროფესიონალი), ემზარ კვიციანი, ავთო კვარაცხელია, ვინმე ასმავა (სამწუხაროდ, სახელი აღარ მახსოვს, ის ელიავას შტაბის უფროსის მოადგილე იყო) და სხვები. ცხადია, სასწავლებლად ირემაძეც გაგზავნეს, რომელმაც წასვლამდე ასლან აბაშიძეს დაურეკა და აუწყა, ჩვენ ყველას უკრაინაში გვიშვებენ, ოპერაციას ვეთიშები, მაგრამ ჩემს გასაკეთებელს ვიქტორ ჭელიძე გააკეთებსო. მე უშუალოდ ელიავას ვეკონტაქტებოდი და არა - ასლან აბაშიძეს.

ამ დროს შს მინისტრის პირველი მოადგილის, თემურ მურღულიას ელიავასთან კავშირებიც გავშიფრე. ის მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ გადატრიალებაში. ყველაფერი იცოდა და შევარდნაძეს არაფერს ეუბნებოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

მურღულიას ელიავას შტაბში ჰყავდა აგენტი, ნანავა, რომელიც მის გარდა უშიშროების მაღალჩინოსნებსაც აწვდიდა ინფორმაციას. ბოლოს, როცა შევარდნაძემ ყველაფერი გაიგო, მურღულიაც იძულებული გახდა, წასულიყო აკაკი ელიავას წინააღმდეგ და მისი ლიკვიდაცია მოეხდინა. რა თქმა უნდა, შსს-სა და უშიშროებას თავიანთი ღალატის მოწმე აგენტი ნანავაც არაფერში სჭირდებოდათ და მისი ლიკვიდაციაც დაგეგმეს. იმ საცოდავს ცოცხალს ჩავუსწარი სოფელ ჭალადიდში, იარაღი შუბლზე მივაბჯინე და გავიტაცე. რა თქმა უნდა, მომიყვა ყველაფერს, თუ რა კავშირი ჰქონდა ერთი მხრივ თემურ მურღულიასთან, მეორე მხრივ კი უშიშროების მაღალჩინოსნებთან. შემდეგ კი შევარდნაძის დახმარებით ნანავა სხვა სახელითა და გვარით, ახალი პასპორტით გავამგზავრეთ უცხოეთში. ასე რომ, ჩემი წყალობით მოწმე ნანავა დღესაც ცოცხალია.

ელიავას ამბოხი ვეღარ შედგა. პრევენციული ღონისძიებები გავატარეთ და ფოთში ვერავინ შემოვიდა. ნაცვლად იმისა, რომ საპორტო ქალაქს თავს დავსხმოდი, ტერმინალს დამატებითი დაცვა დავუყენე, მეშინოდა, აჭარიდან 25-ე ბრიგადა არ შემოსულიყო. ამაზე მოგვიანებით ასლანმა პასუხი მომთხოვა, მე კი ვუთხარი, აბა, რა მექნა, გაყიდულ საქმეზე მიმიშვით, ვიღაც აგენტის წყალობით ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა-მეთქი. ამ ოპერაციის შემდეგ ზურა ირემაძე პოლკოვნიკი გახდა, მე კი ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭეს არაერთხელ გამოვლენილი მამაცობისა და სამხედრო დამსახურებებისთვის. მერეც ბევრი ჯილდო მივიღე, რომელსაც დღეს უკან ვუბრუნებ საქართველოს! არაფერში მჭირდება.

გაგრძელება იქნება