"მეუბნებიან, "ამას" მიეცი ხმა, იმიტომ, რომ "იმას" მეტის დაშავება შეუძლიაო..." - რატომ ითხოვს უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას? - კვირის პალიტრა

"მეუბნებიან, "ამას" მიეცი ხმა, იმიტომ, რომ "იმას" მეტის დაშავება შეუძლიაო..." - რატომ ითხოვს უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას?

მეუბნებიან, "ამას" მიეცი ხმა, იმიტომ, რომ "იმას" მეტის დაშავება შეუძლიაო... ანუ, ერთი და იმავე უფსკრულამდე გრძელი ბილიკით სიარული არჩიე მოკლე ბილიკით სიარულს და თავი ანებე ისეთი ბილიკის ძებნას, რომელიც ყველას ერთად გაგვიყვანს სამშვიდობოსო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ის ამ გზას არ ირჩევს და როგორც "თუნდაც სასტიკად დამარცხებული, მაგრამ სახელმწიფოს გასაძღოლად ქართველი ხალხისთვის საკუთარი თავის შემთავაზებელი პოლიტიკოსი, ვალდებულია, ბოლო წამამდე ეძებოს პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა და არ ჩაბარდეს რომელიმე არასწორ მხარეს".

უსუფაშვილის შეფასებით, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაში ქვეყანა უფსკრულს ვერ ასცდება, რის გამოც მიიჩნევს, რომ 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ახალი პრეზიდენტი კი გადადგეს.

"სააკაშვილი რომ ქვეყნისთვის საზიანო ლიდერია, მე ეს 2004 წლის ივნისში დავასკვენი და მას შემდეგ ეს აზრი მხოლოდ მიმყარდებოდა. ცხადია, დღეს მისი სახელისუფლებო რევანში დაუშვებელია, მაგრამ რის ფასად? მტრულ ბანკებად გახლეჩილი საქართველოს ფასად? ზნეობის ელემენტარული ნორმების ფასად? საჯარო სამსახურის, სასამართლოს, პროკურატურის და უშიშროების პარტიის სამსახურში ჩაყენების ფასად? კერძო ბიზნესის პოლიტიკური მართვის ფასად? დემოკრატიული არჩევნების კომერციულ აუქციონად ქცევის ფასად?

და თუ ამ ფასს გადავიხდით, მაშინ რაღას გადავარჩენთ სააკაშვილისგან? ერთადერთს - ოცნების საოცნებო ყოფნას ხელისუფლებაში!

აი, ამ ვითარებაში, მეუბნებიან აქეთ-იქიდან, მაინც "ამას" მიეცი ხმა, იმიტომ, რომ "იმას" მეტის დაშავება შეუძლიაო... ანუ, ერთი და იმავე უფსკრულამდე გრძელი ბილიკით სიარული არჩიე მოკლე ბილიკით სიარულს და თავი ანებე ისეთი ბილიკის ძებნას, რომელიც ყველას ერთად გაგვიყვანს სამშვიდობოსო.

მესმის, ასეთი ბილიკის ძებნას ყველა მოქალაქე ვერ შეერკინება მრავალი მიზეზის გამო. ამიტომ, ტრაგიზმით სავსე, მაგრამ გასაგები მოქალაქეობრივი პოზიციაა არჩევნებში მონაწილეობა და უფსკრულისკენ მიმავალი უფრო გრძლად მიჩნეული ბილიკისთვის მხარდაჭერა იმ იმედით, რომ იქნებ დრო მოვიგოთ რამე საშველის გამოჩენამდე.

მაგრამ მე, თუნდაც სასტიკად დამარცხებული, მაგრამ სახელმწიფოს გასაძღოლად ქართველი ხალხისთვის საკუთარი თავის შემთავაზებელი პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, ბოლო წამამდე ვეძებო პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა და არ ჩავბარდე რომელიმე არასწორ მხარეს.

ასეთი ფორმულა ჯერ კიდევ მოიძებნება, თუკი მხარეები უმძიმესი საარჩევნო პროცესის ფინიშის სწორზე მაინც წამით შეჩერდებიან და გაიხსენებენ, რომ მომხდურ გარეშე მტერთან კი არა, ქვეყნის ბედ-იღბალზე ზიარი პასუხისმგებლობის მქონე ოპონენტთან აქვთ საქმე.

ასეთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საპრეზიდენტო კანდიდატები შეძლებდნენ ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ქვეყანას გაამაგრებდა, საზოგადოებას დაამშვიდებდა და პოლიტიკურ პროცესს აღმშენებლობით კალაპოტში გადაიყვანდა - პროპორციული არჩევნები, დროებითი პრეზიდენტი, მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოები:

1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით;

2. ვინც არ უნდა იქნეს პრეზიდენტად არჩეული, მისი მთავარი ამოცანა იქნება 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება, რის შემდეგაც იგი გადადგება;

3. კონფრონტაციული არჩევნების საბოლოო შედეგისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად სახელისუფლებო ქვედანაყოფები დაუყოვნებლივ გადავლენ არჩევნების თავისუფლების უზრუნველყოფის რეჟიმზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი აიღებს პერსონალურ პასუხისმგებლობას", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ამასთან, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნა, ხოლო ახალარჩეული პრეზიდენტის მალევე გადადგომა.

რატომ ვადამდელი პროპორციული არჩევნები? გაგრძელება