"ქართუმ" სასესხო დავალიანებებში იმაზე ნაკლები გადაიხადა, ვიდრე მისი ჯამური ოდენობაა? - რას ამბობს რომან კაკულია? - კვირის პალიტრა

"ქართუმ" სასესხო დავალიანებებში იმაზე ნაკლები გადაიხადა, ვიდრე მისი ჯამური ოდენობაა? - რას ამბობს რომან კაკულია?

გამორიცხული არ არის ფონდ "ქართუსა" და საფინანსო ინსტიტუტებს შორის ისეთი ტიპის მოლაპარაკება შედგა, რომლითაც ყველა მხარე მოგებული დარჩება, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ "ინტერპრესნიუსს", 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კაკულია აცხადებს, საფინანსო ინსტიტუტის პორტფელის შესყიდვისას, თითოეულ პორტფელში დაფიქსირებული თანხის ავტომატურ რეჟიმში შესყიდვა არ ხდება. შესაბამისად, არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ფონდ "ქართუს" ავტომატურად მილიარდნახევარი ლარის გადახდა უწევს, რაც სასესხო დავალიანების ჯამურ ოდენობას შეადგენს.

"უშუალოდ მოლაპარაკებაში ჩართული არ ვყოფილვარ და ამის საჭიროებას არც ვხედავ. მე ვიცოდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თემა ვიცოდი, მიზანი და ყველაფერს ვეთანხმები. თუმცა თითოეული საფინანსო ინსტიტუტის პორტფელი, რომლის შესყიდვაც მოხდება, იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულ პორტფელში დაფიქსირებული თანხის ავტომატურ რეჟიმში შესყიდვა უნდა მოხდეს. თუ პირობითად ავიღებთ 100 მსესხებელს, რომელზეც ფინანსურ ინსტიტუტს გაცემული აქვს კრედიტები, მათგან ამავე ინსტიტუტს შეფასებული აქვს, რომ სესხის დაბრუნების შანსი აქვს 100%, ვიღაცას 50% და ა.შ. ამ მოლაპარაკებებში შენთვის მისაღები პირობა შეიძლება იყოს, რომ გარანტირებულად მიიღო 30 მსესხებელთან დაკავშირებული თანხა და ამის სანაცვლოდ უარი თქვა დანარჩენ 70-ზე. მე არ გამოვრიცხავ ასეთი ტიპის მოლაპარაკებას, რომლითაც ორივე მხარე მოგებული იქნება და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, მოგებული იქნება ის 600 ათასი ბენეფიციარი, რომელზეც არის გათვლილი ეს გადაწყვეტილება. უშუალოდ მოლაპარაკების დეტალები, სავარაუდოდ, კომერციულ საიდუმლოებად დარჩება, მაგრამ არც ველი, რომ რადგან პორტფელი მთლიანობაში მილიარდ 500 ათასად შეფასდა, ეს თანხა უნდა დაფიქსირდეს საბოლოო ჯამში, როგორც ჯამი გარიგებებისა. ეს არც არის საჭირო რომ მოხდეს. კომერციული მოლაპარაკებები იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნას მიღებული", - განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ "მოლაპარაკებებისას გაცილებით ნაკლებ თანხაზე იქნებოდა საუბარი".

"აქ არავითარ მაქინაციაზე არ არის საუბარი. აქ უბრალოდ კომერციულ მიზანშეწონილობაზე იქნება საუბარი და ჩემი აზრით, ეს არ იქნება გათანაბრებული გაჟღერებულ მთლიან თანხასთან", - აღნიშნა კაკულიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ აღნიშნული დაპირება დაპირებად დარჩება, კაკულია ამბობს, რომ ეს თავად ხელისუფლებას არ აწყობს.

"ჩემი აზრით ამ დაპირების შესრულების გარანტია არის შემდეგი - არათუ ამ ტიპის დაპირება, არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული დაპირებები უნდა გაიცეს და არა მხოლოდ უნდა გაიცეს, არამედ უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა დაიბრუნოს ის ნდობის ხარისხი, რომელიც ნამდვილად დაკარგა. ეს გამოაჩინა პირველმა ტურმა და დასაბრუნებელია მეორე ტურისთვის. ჩვენს ინტერესებში არ შედის ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების ვერ შესრულება, რადგან თუ ამას ვერ შევასრულებთ, მაშინ გავანულებთ იმედს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ხარისხის ცვლილებების განხორციელებას შევძლებთ მომავალში", - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

"შავ სიაში" დაფიქსირებული ვალების თითქმის 95 % შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს", - განმარტა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"