კონკრეტულ პირს ჩამოეწერება ყველა სესხი, რომლის ძირიც 2000 ლარს არ აღემატება - რას ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე? - კვირის პალიტრა

კონკრეტულ პირს ჩამოეწერება ყველა სესხი, რომლის ძირიც 2000 ლარს არ აღემატება - რას ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?

მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილი 19 ნოემბერს გახდა, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, 31 დეკებრამდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ჩამოწერილ ვალს ფონდი "ქართუ" დაფარავს.

შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა. ცნობილია, რომ იმისთვის, რომ დავალიანება დაიფაროს, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს თანხა შეტანილი. ბუნებრივია ამ საკითხი გარშემო ბევრი შეკითხვაა. გვესაუბრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

- ბატონო ლაშა, რა არის სესხების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ერთ პირს ჩამოეწეროს. მაგალითისთვის, თუ აქვს 2-2 ათას ლარიანი დავალიანება ათი ან მეტი საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, მოხდება თუ არა ყველა მათგანის ჩამოწერა? - სესხის ჩამოწერა ეხება ინდივიდუალურ სესხს, მიუხედავად მათი რაოდენობისა, რომლის ნარჩენი ძირითადი თანხა არის 2000 ლარამდე, მიუხედავად მასზე დარიცხრული პროცენტების და ჯარიმების ოდენობისა.

- იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება შეადგენს მაგალითად 2 200 ლარს, მოხდება თუ არა ამ სესხიდან თანხის ნაწილის, 2000 ლარის განულება? - ჩამოწერა ეხება სესხებს, რომელთა ნარჩენი ძირითადი თანხა არის 2000 ლარამდე.

- სესხის განულების შემთხვევაში, დარჩება თუ არა პირი „კრედიტ-ინფოს“ „შავ სიაში“, ანუ რამდენად შეძლებს ახალი კრედიტის აღებას? - "კრედიტ ინფოს"  ე.წ. შავ სიაში პირი ნეგატიური სტატუსით არ დარჩება. ახალი სესხის აღება დამოკიდებული იქნება ამ პირის და კრედიტის გამცემის ახალ შემთანხმებაზე, იმ რეგულაციების ფარგლებში რომელიც შემოღებულია პასუხიმგებლიანი დაკრედიტების სისტების შემოღებით.

- რა მექანიზმი ამუშავდება იმის თავიდან ასაცილებლად, რომ პირები, რომლებსაც სასესხო დავალიანება ჩამოეწერებათ, სამომავლოდაც არ აღმოჩნდნენ იგივე პრობლემის წინაშე? - ახალი რეგულაციები, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღებას უკვე ძალაშია და რეგულირდება კანონით და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციებით.

იხილეთ ასევე: "ამ ვალების განულების შედეგად, მოსალოდნელია საბანკო პროცენტების შემცირებაც"