"ვის უშლის ხელს 600 000 მოქალაქის პრობლემის მოგვარება, მითუმეტეს, რომ ამისთვის ერთი თეთრი არ გადის ბიუჯეტიდან?" - კვირის პალიტრა

"ვის უშლის ხელს 600 000 მოქალაქის პრობლემის მოგვარება, მითუმეტეს, რომ ამისთვის ერთი თეთრი არ გადის ბიუჯეტიდან?"

ძალიან დიდი მადლობა ფონდ "ქართუს", რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კახა კალაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას ვალების განულების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. თბილისის მერმა პოლიტიკური ოპონენტებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან აღნიშნული თემის გამოყენება ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ხდება.

"რამდენიმე დღეა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მთავრობის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა - კერძო პირების ვალების განულების თაობაზე. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჭარბვალიანობა არის სერიოზული პრობლემა, 600 ათასზე მეტი ადამიანია, ვინც ამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დღეს.

ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.

სხვათა შორის ამაზე საუბრობდა ჩვენი ოპოზიციაც, როდესაც მათ გაიგეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვემუშავებოდით ბანკებს და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებს. წინა დღეს, ვიდრე ჩვენ ამას გავაცხადებდით, გამოვიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორშაბათს კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით განცხადება და სურვილი ჰქონდათ პოლიტიკურად ქულები ჩაეწერათ. ეს რა თქმა უნდა, სასაცილო იყო, ეს იყო დადგმული შოუ.

დღეს ჩვენ ვისმენთ რამდენიმე განსხვავებულ პოზიციას და განცხადებებს, პირველ რიგში მათგან ვინც გვეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, დღეს გვეუბნებიან, რომ ეს არის სიცრუე და არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ბანკები ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ ხოლმე. ესეც ტყუილია.

ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმ ტექნიკურ მხარეზეც ისაუბრა, თუ რა ვადებში მოხდება ვალების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის.

"3 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება სპეციალური ვებ გვერდის საშუალებით გადაამოწმონ ინფორმაცია სასესხო დავალიანების შესახებ. რამდენიმე დღეში მოგაწვდით, კონკრეტულად რომელი გვერდი იქნება. ასევე შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მართებთ მათ. ვალების ჩამოწერა დაიწყება 15 დეკემბრიდან და სრულად ჩამოიწერება 31 დეკემბრის ჩათვლით.

ვის უშლის ხელს დღეს 600 000 მოქალაქის პრობლემის მოგვარება, მითუმეტეს, რომ ამისთვის ერთი თეთრი არ გადის ბიუჯეტიდან? რა აკლდებათ იმ ადამიანებს, ვინც აგრესიულ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას ამ ინიციატივის გამო? - გასაგებია ალბათ რაც აწუხებთ მათ, თუმცა ამით არაფერი იცვლება.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ფონდ "ქართუს", რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"