"გულთმისანი არ ვარ, არ ვიცი, რამდენ ხანში გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა" - კვირის პალიტრა

"გულთმისანი არ ვარ, არ ვიცი, რამდენ ხანში გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა"

"ცოტა ხნის წინ თვითმფრინავით ვიმგზავრე მინისტრ გია ბარამიძესთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ისიც ჩემსავით დასასვენებლად მიდიოდა ანტალიაში. გამიკვირდა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინისტრებს ტურიზმის განვითარებისთვის სარეკლამო აგენტის ფუნქციის შეთავსებასაც კი სთხოვს, ბარამიძე ანტალიაში ტურისტების გადმოსაბირებლად წავიდა? ალბათ იკითხავთ, შენ თუ ისვენებდი ანტალიაში, ბარამიძეს რატომ არ ჰქონდა უფლებაო. უფლება როგორ არა აქვს, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ბარამიძეს იმის საშუალებაც ექნება, საქართველოს ზღვისპირეთში ძვირად ღირებულ სასტუმროებში დაისვენოს. მე კი, ბევრი ფული რომ არ მაქვს, ამიტომაც წავედი თურქეთში. იქ დასვენება უფრო იაფი ჯდება და პირობებიც კარგია.

ამასთან, მე და ნებისმიერ მინისტრს ქვეყნის წინაშე განსხვავებული პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვფიქრობ, მინისტრები მისაბაძნი უნდა გახდნენ მოქალაქეებისთვის. ისიც მაინტერესებს, როგორ აპირებს ჩვენი ხელისუფლება ტურისტული კონკურენციის გაწევას მეზობელი ქვეყნებისთვის, კატასტროფული სიძვირით და დაბალი ხარისხის მომსახურებით?  - ქეთინო ზ."

იმის გასარკვევად, სად ისვენებს და როგორ ახერხებს ტურიზმის ელჩობას თუ აგენტობას, ევროინტეგრაციის მინისტრ გია ბარამიძეს დავუკავშირდით.

- კარგ დროს დარეკეთ. სწორედ ტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით გახლავართ უკრაინაში.

ამ თემაზე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოს ცნობილ ტოქშოუში ვისაუბრე პირდაპირი ეთერით და მოვუწოდე უკრაინელებს, ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოდ იმგზავრებენ, სადაც შენდება გზები, ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, დიდ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს.

- ჩვენს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში ძალიან განვითარებულია ტურიზმი. ბევრად მაღალი კლასის მომსახურება აქვთ, თანაც, საქართველოსთან შედარებით, სიიაფეა. ჩვენთან დღეს არსებული ფასებით და მომსახურების ხარისხით შევძლებთ უკრაინელი ტურისტის გადმობირებას?

- თურქეთი არის  ტურისტული სუპერსახელმწიფო, ამიტომაც ამ თვალსაზრისით მისი კონკურენტი არ ვართ. თუმცა, შეგვიძლია ტურისტს ბევრი ისეთი რამ  შევთავაზოთ, რაც თურქეთში არ არის. მესმის თქვენი პათოსი, გეთანხმებით კიდეც. საქართველოში არ არის ისეთი კონკურენტუნარიანი გარემო იმისათვის, რომ იყოს დაბალი ფასები. სწორედ ამიტომ  გვინდა, რაც შეიძლება მეტი ტურისტული ობიექტი გაჩნდეს, ბევრი სასტუმრო აშენდეს კონკურენციის შესაქმნელად. საჭიროა ხარისხის ამაღლება და ფასის შემცირება. ბევრი მუშაობა გვმართებს. გზა თუ არ იქნა, ვერ გადავაადგილდებით, თუ არ მოწესრიგდა ეროვნული პარკები, შესაბამისი მარშრუტები, აეროპორტები, ტურიზმი ვერ განვითარდება. ამიტომ მცირე აეროპორტების პროგრამაც მზადდება. შესაბამისად მოქმედებს სახელმწიფო წახალისება. ანაკლიასა და მესტიაში რაც გაკეთდა, არ არის მხოლოდ კერძო ბიზნესის ინიციატივა. სახელმწიფომ დაიწყო და აიყოლია ხალხი. ვფიქრობთ, ამ მეთოდით უფრო განვავითარებთ ტურისტულ ბიზნესს.

- ანაკლიაშიც ძალიან ძვირი ჯდება სასტუმროში ცხოვრება.

- იმიტომ, რომ იქ ჯერ მხოლოდ ერთი სასტუმროა. საბაზრო ეკონომიკაში სიძვირის წამალი კონკურენციაა. როდესაც კონკურენცია მაღალია, ფასი დაბალია. როდესაც მონოპოლისტი ერთია, ის გვთავაზობს მონოპოლისტურ ფასს. ბევრი რომ აშენდება, ფასიც დარეგულირდება და მომსახურების ხარისხიც გაიზრდება.

- სად ისურვებდით დასვენებას?

- საბედნიეროდ, მაქვს ბებიის სახლი ბათუმში, სადაც ხშირად ჩავდივარ. თუმცა, ჩემი აზრით, ზღვისპირეთში არის საუკეთესო ადგილი, ორი სასტუმრო - ჯორჯიან პალასი ქობულეთში და ახალი შერატონი ბათუმში. შესანიშნავი იქნება კემპინსკი, რედისონი და სხვა სასტუმროები, ასევე ანაკლია და მესტიაც. ძალიან მიყვარს გუდაური, ვსრიალებ თხილამურებზე. საახალწლო არდადეგებზე, თუ საშუალება მაქვს, მივდივარ ხოლმე. შესანიშნავია ბაკურიანი. ახლახან დავბრუნდი ოთხდღიანი მარშრუტიდან, რკონის ხეობიდან, მეგობრებთან ერთად, ცხენებით წავედით ბაკურიანში. ეს დაუვიწყარი მოგზაურობა იყო.

- რამდენ ხანში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს თვითონაც თავისუფლად შეძლონ საკუთრ ქვეყანაში ტურიზმით ტკბობა და არ იყოს ეს მხოლოდ სტუმრისთვის ხელმისაწვდომი სიამოვნება?

-  სულ არ არის აუცილებელი,  გინდა თუ არა, ჯორჯიან პალასში ან შერატონში დაისვენოს კაცმა. მშვენივრად დაისვენებთ ბევრად უფრო იაფ სასტუმროებშიც. უბრალოდ, მე გითხარით, რომელი მიმაჩნია საუკეთესოდ. ზოგადად, როდესაც გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინ შეეძლება ყველას ისე ისიამოვნოს, როგორც უნდა. არ ვიცი, რამდენ ხანში მოხდება ეს, გულთმისანი არ ვარ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება იმდენად, რამდენადაც  ამის საშუალებას გვაძლევს უამრავი საფრთხე და ჩვენი მტრად გადაკიდებული მეზობელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი.

- ცოტა ხნის წინ ანტალიაში იყავით. ისვენებდით?

- ვისვენებდი. მეგობარმა დამპატიჟა. იქ სახლი აქვს.

- ანტალია სჯობს თუ ბათუმი?

- მე ბათუმი მირჩევნია, მაგრამ ანტალია არ მქონდა ნანახი და ოჯახთან ერთად სიამოვნებით გამოვიყენე მეგობრის მიწვევა. ბათუმშიც ვიყავი. ყველაზე მაგარი დასვენება მაინც რკონიდან ბაკურიანამდე ცხენით მოგზაურობის დროს გამომივიდა.