"არასამთავრობოებს შევარდნაძეც ებრძოდა და სააკაშვილიც, თუმცა, ივანიშვილი რომ ებრძვის, იმ ორს ამდენი არ გაუკეთებია" - კვირის პალიტრა

"არასამთავრობოებს შევარდნაძეც ებრძოდა და სააკაშვილიც, თუმცა, ივანიშვილი რომ ებრძვის, იმ ორს ამდენი არ გაუკეთებია"

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი იზიარებს მესამე სექტორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობის შესაძლო გაყალბების თაობაზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, წინასწარ რთულია იმის თქმა, რომ პირადობის მოწმობების გაყალბებას ადგილი აქვს, თუმცა გამოძიების საფუძველი არსებობს.

დავით ბერძენიშვილის განმარტებით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მესამე სექტორს ებრძვის, ის პოლიტიკური მარცხისთვის განწირულია.

"ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე, უფრთხილდებიან საკუთარ რეპუტაციას. "საქართველოს იურისტთა ასოციაცია" "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სერიოზული წარსულისა და ნდობის მქონე ორგანიზაციები არიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამიტომ ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები და სწორედ ამის გამო გაასაჯაროვეს ეს მიდგომა. შეფასებები სახელისუფლებო პარტიიის წარმომადგენლების, თუ მათი ბობოლა ნაზირ-ვეზირების მხრიდან, რომ ეს არის რაღაც "ნაციონალური მოძრაობის" შეკვეთა, არამხოლოდ უცოდინრობას, არამედ უხამსობასაც ადასტურებს. გამახსენდა 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც 30-გვერდიანი დასკვნა დაწერა "საიამ". სიტყვასიტყვით მახსოვს ამ დასკვნის ფინალი, სადაც წერია, რომ ის დარღვევები, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნებში არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. "საია"- ს ასეთი მკაფიო პოზიცია ჰქონდა შევარდნაძის მმართველობის დროსაც, ივანიშვილის მმართველობის დროსაც, ბუნებრივია, აქვს ეს პოზიცია. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ებრძვის არასამთავრობო სექტორს, ნებისმიერი ასეთი სახელისუფლებო, თუ ოპოზიციური ჯგუფი განწირულია პოლიტიკური მარცხისთვის. არასამთავრობოებს შევარდნაძეც ებრძოდა და სააკაშვილიც, თუმცა, ბიძინა ივანიშვილი რომ ებრძვის იმ ორს ამდენი არ გაუკეთებია", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" გუშინ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"