"არჩევნების ბედს მეორე ტურში გადაწყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა" - კვირის პალიტრა

"არჩევნების ბედს მეორე ტურში გადაწყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა"

საქართველოში არჩევნების ბედს მეორე ტურში გადაწყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვაზე პასუხად განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, რა კომენტარს გააკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოში არის რთული სიტუაცია.

მამუკა ბახტაძის თქმით, პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში არის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც დამახასიათებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის. "ეს არის ნარატივი, რომლის გავრცელებასაც, სამწუხაროდ, ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" და ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მიდგომა. საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალი და გამჭვირვალე. ეს არის ჩვენი ხელწერა. ამიტომაც არის საქართველო წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე.

პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში არის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც დამახასიათებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მეორე ტური, ისევე, როგორც ნებისმიერი არჩევნები მომავალში, საქართველოში ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, ისევე, როგორც ეს ტარდება 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში.

რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, თუ ასეთს ნამდვილად აქვს ადგილი, ამისთვის საჭიროა კონკრეტული ფაქტების ჩვენება და გამოძიების ჩატარება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. თუ არის კონკრეტული შემთხვევები, საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია მოვიდეს და დეტალური მოკვლევა ჩატარდეს.

პირადად მე ვთხოვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ესწრებოდეს ჩვენს არჩევნებს. პირველ ტურში იყო დამკვირვებლების რეკორდული რაოდენობა და ასევე იქნება მეორე ტურშიც. დემოკრატიაში არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი. საქართველოში არჩევნების ბედს მეორე ტურში გადაწყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"