"ხელისუფლებაში პასუხისმგებლობის ეროზიაა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებაში პასუხისმგებლობის ეროზიაა"

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომასთან ერთად პოლიტიკური აქტივობის ხანა დადგა, ოპოზიციას არდადეგები გაუგრძელდა. ოპოზიციური ფლანგის პასიურობა უკვე  თვალში საცემია. ამან ზოგიერთ ექსპერტს ისიც კი აფიქრებინა, ოპოზიციის სასიცოცხლო ძალების აღდგენას ელექტროშოკი სჭირდებაო.

ეტყობა, "თავისუფალი დემოკრატები" "უხერხულმა დუმილმა" შეაწუხა და  ანონსიც გააკეთეს, ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთო.

ახალ პოლიტიკურ სეზონზე "კვირის პალიტრის" პირველი სტუმარი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაა:

- არჩევნების შემდგომ ჩვენს პარტიაში  ძალები გადაფასდა. იმ გამოცდილების საფუძველზე, რაც ადგილობრივ არჩევნებზე მივიღეთ, ახალი გეგმებიც დავსახეთ. სექტემბერში ფართომასშტაბიან აქციებს ვგეგმავთ. რეგიონებში ვიწყებთ პარტიის სტრუქტურების დაფუძნებასა და გაძლიერებას. სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავატარებთ კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ჩვენი ხედვის წარდგენას, თუ როგორი მმართველობის ფორმა მიგვაჩნია მისაღებად ჩვენს ქვეყანაში და რა დგას იმ საკონსტიტუციო ცვლილების უკან, რომელიც შემოგვთავაზეს. სააკაშვილი უკვე ინსტრუმენტად იყენებს კონსტიტუციას, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ასე რომ, შეფასებებს, ოპოზიციამ მიიძინა ან სული განუტევაო, საკუთარ პარტიაზე ვერ გავიზიარებ.

- სააკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  მესამედ პრეზიდენტობას აღარ აპირებს.

- სააკაშვილის მმართველობის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი ლოგიკა მოწმობს იმას, რომ პრეზიდენტი ყოველთვის საკუთარი ინტერესების მიხედვით ირგებდა კონსტიტუციას. მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, მივცემთ თუ არა ამის უფლებას, როგორ მოვიქცევით, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ მომავალ არჩევნებში.  ღრმად ვარ დარწმუნებული, ის გეგმა, რომელიც დღეს მწიფდება მმართველ პარტიაში, არ შესრულდება. ამის პირველი წინაღობა ჩვენ ვიქნებით, ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით.

ოპოზიციამ რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია, ამას აქვს ობიექტური მიზეზები, -  ჩვენს ქვეყანაში არ არის შესაბამისი სამართლიანი გარემო.

საზოგადოება მეტს ელოდა ოპოზიციისგან, მაგრამ... "თავისუფალი დემოკრატები" ამას რომ ვაცნობიერებთ, ამიტომაც ვაძლიერებთ პარტიულ ინფრასტრუქტურას, პარტიულ სტრუქტურებს რეგიონებში და ვიწყებთ საერთო-ეროვნულ მოძრაობას ცვლილებისთვის, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით დასრულდება. ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა, ადამიანური და ფინანსური რესურსი. სწორედ ამ რესურსების მობილიზებით ვიყავით დაკავებული გასული ორი თვე.

- გადაწყვეტილებამ, რომ "ალიანსს" საკუთარი პარტიის გაძლიერების გამო ტოვებდით, თქვენი კოლეგები გააოგნა. კიდევ ხომ არ აპირებთ ვინმესთან ალიანსის შექმნას?

- არ დამრჩენია ასეთი შთაბეჭდილება, რომ ჩემი კოლეგები გავაოგნე. ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. დავით გამყრელიძესაც, დავით უსუფაშვილსაც და ქალბატონ სალომესაც მოკავშირეებად მივიჩნევ. მათთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან პარტნიორული და კოლეგიური დამოკიდებულება გვექნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, რომელსაც ბოლომდე გავყვებით. საქართველოში ცვლილებებს საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პარტიითა და მხარდამჭერებით ვაპირებ. წინასწარ ვერ ვიტყვი, გვექნება თუ არა კოლეგებთან კოალიცია ან ბლოკი საარჩევნოდ.

- ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რესპუბლიკელებს გვაბრალებდნენ, რომ ირაკლი ალასანიას პოტენციალს გამოვიყენებდით, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ირაკლი ალასანიამ გამოგვიყენაო.

- ლევანი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, დიდ პატივს ვცემ. მისი ზოგჯერ ზღვარგადასული შეფასებები საზოგადოებას არ უკვირს და არც ეს შეფასებაა ჩემთვის მოულოდნელი.

დღეს ჩემი მთავარი სამიზნე არის ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, რომლის შენიღბვასაც სააკაშვილი კონტროლირებადი მედიის საშუალებით ცდილობს. სააკაშვილის მთელი პოლიტიკა სიყალბეზეა აგებული. მაგალითად, რა ხდება სოფლის მეურნეობაში? საქართველომ, ფაქტობრივად, დაკარგა სასურსათო დამოუკიდებლობა. 2000-2003 წლებთან შედარებით ძალზე შემცირდა ხორბლის მოყვანა, რაც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად მიმაჩნია. შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილში პასუხისმგებლობის ეროზიაა.

საბიუჯეტო კრიზისის გამო დაიწყო ბიზნესმენების შევიწროება. მეწარმეებს საქმის გაფართოების საშუალებას არ აძლევენ, რადგან ფული სჭირდებათ, რომ პენსიები და ხელფასები გასცენ. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. პოლიტიკოსებმა უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რა მდგომარეობაშია ეკონომიკურად ჩვენი  ქვეყანა. ეს არ არის მსოფლიო კრიზისისა და ომის გამო. ეს არის სააკაშვილის მცდარი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგი. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია არ არსებობს. აღარაფერს ვიტყვი იმ არაკომპეტენტურ კადრებზე, რომელთაც სააკაშვილი ნიშნავს ძალზე საპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში.

მიუხედავად შეცდომებისა, სააკაშვილს ამ ისტორიულ ეტაპზე კიდევ აქვს შანსი, საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ საზოგადოებას საშუალება მისცეს, ხელისუფლება არჩევნებით ერთი პოლიტიკური ძალისგან მეორის ხელში გადავიდეს.

თუკი სააკაშვილმა ეს მოახერხა,  იმ უმძიმესი შედეგების მიუხედავად, რაც მისმა მმართველობამ მოუტანა ქვეყანას, მას აქვს შანსი, პოზიტიურ ლიდერად დარჩეს ქვეყნის ისტორიაში.

- ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციას მარგინალებად ნათლავს, ხშირად ამბობს, რომ მისთვის მისაღები თქვენი პოლიტიკური გუნდია. ამას გამიზნულად ხომ არ აკეთებს, რომ თქვენზე ეჭვი დათესოს. მახსენდება ნინო ბურჯანაძის ნათქვამიც, არჩევნებში მონაწილეობით ალასანიამ ხელისუფლების საქმე გააკეთაო.

- არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო და ვინც არ წავიდა, დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. სხვა ოპოზიციური ძალებიც რომ ჩართულიყვნენ არჩევნებში, ჩვენ წარმატებას მივაღწევდით.

- რას ფიქრობთ კონფედერაციის იდეაზე, რომელიც ამას წინათ გაახმაურა სააკაშვილმა?

- თუ ლაპარაკია ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე, მივესალმები, მაგრამ კონფედერაციის იდეა არის აბსურდი, მორიგი უსაფუძვლო, დაუფიქრებელი და გაუაზრებელი განცხადება. ძალიან ძნელია პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებების საღად შეფასება. არ დაგიმალავთ, ბევრმა აზერბაიჯანელმა მაღალი რანგის პირმა მკითხა, ხომ არ იცით, რას გულისხმობდა კონფედერაციაში თქვენი პრეზიდენტიო. ეს განცხადება მათთვისაც გამაოგნებელი და მოულოდნელი იყო.