რა გეგმები აქვს ივანიშვილს არჩევნების შემდეგ?! - კვირის პალიტრა

რა გეგმები აქვს ივანიშვილს არჩევნების შემდეგ?!

"არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ, ალბათ, ივანიშვილს შეხვდება დიდი წინააღმდეგობებიც"

საარჩევნო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა. ექსპერტთა დიდი ნაწილის თქმით, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ნეგატიური პოლიტიკური პროცესი ქვეყნის ისტორიაში, რომლის დროსაც არაერთი წითელი ხაზი გადაკვეთეს პოლიტიკოსებმა თუ მედიის წარმომადგენლებმა. უამრავი სიბინძურე ამოტივტივდა, რამაც ამომრჩეველი დააბნია. როგორ, რა პრინციპით უნდა გააკეთოს არჩევანი რიგითმა პატიოსანმა მოქალაქემ შექმნილ ქაოსში, ვისი უნდა ირწმუნოს? - ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

მამუკა არეშიძე

- ურთულესი შეკითხვაა. მართლაც ისეთი სიბინძურე ტრიალებს, მით უმეტეს, სატელევიზიო და ელექტრონულ სივრცეში, სრულიად გასაგებია ამომრჩევლის დაბნეულობა. ალბათ, არჩევნებამდე დარჩენილ ორიოდე დღეში ამომრჩევლები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, არ უყურონ ე.წ. ნაციონალურ არხებს, ნაკლებად მიიღონ ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან, ჯობს გაეცნონ ბეჭდურ მედიას და დაბალანსებულ საინფორმაციო სააგენტოებს, ან გაუწიონ ანგარიში იმ ადამიანების აზრს, ვისიც სჯერათ და ვინც მათთვის ავტორიტეტია. სხვა რჩევის მიცემა, ნამდვილად არ შემიძლია.

- თითქმის ყველა თანხმდება, რომ მსგავსი ბინძური და ნეგატიური, ხშირად ტყუილ ინფორმაციაზე აგებული საარჩევნო კამპანია საქართველოს ისტორიას, ფაქტობრივად, არ ახსოვს. თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი? - დავიწყოთ იმით, რომ ამ ტიპის კამპანიის ტონის მიმცემი "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტიული ორგანო "რუსთავი 2" არიან. ამას აჰყვნენ გარკვეული ეტაპიდან "ქართული ოცნებაც" და ასევე მედია, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს, ან "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორია. სამწუხარო ტრენდად იქცა ერთმანეთის ჯიბრით უარესი და უარესი სიბინძურის ფრქვევა, რითაც ურთულეს ვითარებაში შეჰყავთ ქვეყანა, საზოგადოება, რომელსაც პოლარიზებისა და რადიკალიზმისკენ პირდაპირ უბიძგებენ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ". ამ პარტიის საარჩევნო მეთოდოლოგია რადიკალიზმი აქამდეც იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მასშტაბი მისცეს ამ ყველაფერს.

ამ მეთოდოლოგიის არსი აგრესიულობაა. აგრესიულ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიღებული ფორმაა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, ცუდი განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები. საქართველოში, როგორც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, ეს წითელი ხაზები გაუფერულებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი მეთოდია, ასე ვთქვათ, იქით შედავების პრინციპით მოქმედება, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ახლა სხვას უკიჟინებენ და აბრალებენ.

რუსული თემა ავიღოთ. ამ საკითხის ასეთი პედალირება უკვე სასაცილო ხდება. საქართველო პატარაა და არაფერი იმალება, პოლიტტექნოლოგიად რუსული თემის ასეთი აქტუალიზება "ნაცმოძრაობის" ჩამოყვანილი რუსი პიარსპეციალისტების დამსახურებაა. ეს მათი იდეა იყო, რადგან კარგად იცოდნენ ვაშაძის ბიოგრაფია და ის, რომ მასში ზოგიერთი ეპიზოდი საორჭოფო გახდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, იქით დაედოთ ბრალი სალომე ზურაბიშვილისთვის და რუსეთთან თანამშრომლობაში დაედანაშაულებინათ. სხვათა შორის, ამან ეფექტიანად იმუშავა.

ზურაბიშვილის ზოგიერთი ფრაზა, რომელიც მან ზოგჯერ ცხელ გულზე, მოუფიქრებლად თქვა, ზოგჯერ კი ჩიქორთული ქართულის გამო, გამოიყენეს, ამ ყველაფრის კომპილაცია გააკეთეს და საბოლოოდ მისგან პრორუსი მონსტრი გამოიყვანეს. სინამდვილეში ეს მათი მოდელირებული საპრეზიდენტო კანდიდატის ტიპია, რომელსაც გარკვეული ლოგიკაც შესძინეს და საზოგადოების ერთ ნაწილზე ამით ნამდვილად იმოქმედეს. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩევლის ერთი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ ნამდვილად განაწყვეს. სხვათა შორის, ვინც პირველ ტურში არ მონაწილეობდა, ძალიან ბევრი გადაწყვეტილებას იმიტომ ვერ იღებს, რომ "ნაციონალებისთვის" მხარდაჭერა არ უნდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილიც არ მოსწონს.

ეს არის შედეგი იმ პიარკამპანიისა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის სასარგებლოდ წარმართა. დეზინფორმაცია და ფეიკნიუსები კიდევ სხვა საკითხია, როდესაც კანდიდატებს აბრალებდნენ ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს. ამას ხელი შეუწყო სოციალური ქსელებისა და საზოგადოდ ელექტრონული მედიის განვითარებამ.

სანამ "ნაციონალური მოძრაობა" თავის საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა პირველ ტურამდე, ხელისუფლება და "ქართული ოცნება" გაოგნებული უყურებდნენ. პრაქტიკულად, კონტრღონისძიებების ჩატარებისთვის თავი არ მოუკლავთ, შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

- თუმცა მეორე ტურის წინ მოქმედება შეცვალეს... - გეთანხმებით, აშკარად მეტად მობილიზებული გახდნენ, რაღაც ლოგიკაზე ააგეს თავიანთი მოქმედება, თითქოს მეთოდოლოგიაც შეიმუშავეს, მაგრამ მაინც ამ მეთოდოლოგიის ნაწილი თავის მართლების პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ცუდია. წინასწარ უნდა გაეთვალათ, რა სავარაუდო ნაბიჯები შეიძლება გადაედგა "ნაციონალურ მოძრაობას". ყველაფრის გათვლა რთულია, მაგრამ დიდწილად მზად უნდა ყოფილიყვნენ. ხელისუფლების ნებისმიერ სისუსტეს რომ გამოიყენებდა "ნაციონალური მოძრაობა", ამის გაანალიზებას რა უნდოდა?!

საოცარია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო მეთოდოლოგიაში გაჩნდა კიდევ ერთი თემა - როდესაც მათი ხელისუფლებისას ჩადენილ დანაშაულებზეა ლაპარაკი, საკითხს ასე აყენებენ: თუ დამნაშავეები ვიყავით, რატომ არ გაგვასამართლეთო?!

ესეც იმის მაგალითია, კოაბიტაცია "ქართულ ოცნებას" თავის წინააღმდეგ რომ შემოუბრუნდა. კეთილშობილური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით და ხელისუფლების ზოგიერთმა "თვალსაჩინო" წევრმა უმახინჯესი ფორმა მისცა, ასე მოუბრუნდათ -დღეს "ნაციონალები" ამას თავიანთი შეტევითი მეთოდოლოგიის ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტად იყენებენ.

ავიღოთ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე, რომლის განაჩენი გასულ კვირას გამოაცხადეს და ეს ხალხი გაამართლეს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამის გარკვევას რად უნდოდა 6 წელიწადი?! მიხარია, რომ ეს საქმე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა, მაგრამ არაერთი სხვა საქმეა, რომლებზეც სიმართლის დადგენას არ დაადგა საშველი, მათ შორის ქონების ჩამორთმევის საქმეებიც არის. ეს ყველაფერი კი დიდწილად სწორედ იმ პირების გამო მოხდა, რომლებიც წინა რეჟიმის საყრდენს წარმოადგენდნენ, მერე კი "ქართულმა ოცნებამაც" შეიტკბო და გამოიყენა.

- თქვენი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდასაჭერად რამდენად სწორად შეარჩიეს კანდიდატები? - დავიწყოთ გრიგოლ ვაშაძით. ჩემი აზრით, მისი დასახელების გადაწყვეტილება პირადად მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ეს აზრი მას შემდეგ ჩამოუყალიბდა, რაც გაირკვა, რომ შეიძლებოდა სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო "ქართული ოცნების" კანდიდატი. მოკლედ, დიპლომატს დიპლომატი დაუპირისპირა. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იყო ერთპიროვნული და დიდად არ გაითვალისწინა სხვა ლიდერების აზრი. ამიტომაც არის, ალბათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ძველი ლიდერი ამ საარჩევნო კამპანიის დროს არსად გამოჩენილა. ჩემი აზრით, სწორად შეირჩა ვაშაძე, არც კი ვიცი, სხვა ვინ უნდა დაესახელებინათ უკეთესი.

რაც შეეხება ზურაბიშვილისთვის "ქართული ოცნების" მხარდაჭერას, ესეც ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება მგონია.

განვლილი პროცესების გათვალისწინებით, მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ ჩანს, მაგრამ იმ პერსპექტივაზე დაფიქრებით, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში ზურაბიშვილის დიპლომატიურმა კავშირებმა და გამოცდილებამ რამდენი სიკეთე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, შესაძლოა ძალიან სწორიც კი აღმოჩნდეს, მიუხედავად მისი რთული ხასიათისა, თუმცა შეიძლება ვცდები კიდეც.

შეცდომაა ისიც, რომ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის განცხადება ძველი გვარდიის შესახებ იყო სრულიად გასაგები და დაბალანსებული, ბევრგან ეს ვერ ან არ გაიგეს. არაერთი პროფესიონალი მზად არის გვერდით დაუდგეს "ქართულ ოცნებას" და მიიღოს ბიძინა ივანიშვილის მიწვევა, თუმცა მათ არავინ ეხმიანება და უყურადღებოდ არიან დარჩენილი კვლავაც.

"ქართული ოცნების" სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ზოგიერთი ფუნქციონერი ჩამოეშორებინათ საარჩევნო პროცესისგან, რადგან აშკარაა "ქართული ოცნების" შიგნით საბოტაჟის მცდელობა, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

"ქართულმა ოცნებამ" ვერც მეორე ტურის წინ მოახერხა ამ საბოტაჟის აღმოფხვრა.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ამ ძალამ "რუსთავი 2"-თან ერთად იმდენი ტალახი ისროლა, იმდენი სიბინძურე გადმოაფრქვია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც არ აპირებდა ზურაბიშვილისთვის მხარის დაჭერას, მისი მოკავშირე გახადა. ამ სიბინძურის სროლაში საკუთარ თავსაც გადააჭარბეს. იყო სხვა პატარ-პატარა შეცდომებიც, მაგალითად, ვაშაძის მიერ ფეხბურთსა თუ თეატრზე გაკეთებული განცხადებები.

თუმცა ერთ-ერთი დიდი პრობლემა მაინც მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა და საარჩევნო კამპანიის მთავარ სახედ მისი წარმოჩენაა. ამანაც ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა, იმდენად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში მას თხოვნით მიმართა, საჯარო გამოსვლებისგან თავი შეიკავე და 28-ში 8 საათის მერე გამოჩნდიო. მისმა მუქარებმა, ბიზნესმენების განკულაკების დაპირებამ, მთელმა მისმა რიტორიკამ ამომრჩეველს მხოლოდ ის დაანახა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება უკიდურესად მძიმე ქვეყნისთვის, ეს იქნება უფრო რეპრესიული რეჟიმი... ვფიქრობ, უკიდურესად რადიკალური რევანშის საფრთხე ცხადად დაინახა ამომრჩეველმა.

- გასულ კვირას ტელეკომპანია "იმედს" კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა ბიძინა ივანიშვილმა. მან პირველი ტურის შედეგების შეფასებისას განაცხადა: "გუნდი სულ სხვაგვარ შედეგს ელოდა და ამაში იყო სრულად დარწმუნებული, ისეც კი, რომ პროფესიონალური კვლევებიც არ ჩაატარეს. იყო შიდაპარტიული კვლევები... ასეთი 14%-იანი ცდომილება არის სირცხვილი, მე ამაზე მკაცრი საუბარი მქონდა"... როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ არის მინიშნება იმაზე, რომ მას რეალურ ვითარებას გარემოცვა უმალავდა? - მეტიც, ჩემი აზრით, მან პირდაპირ თქვა, რომ რეალური სურათი არ იცოდა, თუმცა აღნიშნა ისიც, პრობლემები გაცილებით ადრე დავინახე და ამიტომაც შემოვბრუნდი პოლიტიკაშიო. როგორც ჩანს, ის ზოგიერთი პირის აზრს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, რაც, ჩემი აზრით, მისი პირადი შეცდომაა, რომლის გამოსწორებაზე თვითონვე ზრუნავს. ვიცი, რომ იმ პირთა ნაწილი, ვინც ამგვარ ინფორმაციას აწვდიდა, უკვე აღარ არიან საარჩევნო პროცესში. სულ სხვა ჯგუფს დაევალა სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაც და საარჩევნო პროცესის წარმართვაც, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზოგიერთი ისევ დარჩა ძველ თანამდებობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ძალიან კარგი პარტიის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის.

- ბოლო ინტერვიუში აშკარად გამოჩნდა, ივანიშვილს რაოდენ პრინციპულად მიაჩნია მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება. კვლავ გაიმეორა, რომ ის ერთ წელში მოახერხებს ვითარების შეცვლას ქვეყანაში, მაგრამ არც ამ ინტერვიუში გამოჩნდა როგორ, რა გეგმით აპირებს ამის გაკეთებას. - ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ბევრად ადეკვატური იყო, ვიდრე მანამდე მიცემულ ინტერვიუებში. ვფიქრობ, მან სწორად გააანალიზა პირველი ტურის შედეგი.

რაც ვიცი, ის არის, რომ მას აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ და არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ, ალბათ, ივანიშვილს შეხვდება დიდი წინააღმდეგობებიც, რადგან არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ამ წლებმა მათ ზურგზე გადაიარა და მათ წინაშე "ქართული ოცნება" ვალშია.

საკადრო პოლიტიკაში კატასტროფული ვითარებაა რეგიონებში და არ ვიცი, ამას როგორ მოევლება. ცალკე პრობლემაა პორტირებული პირების თემა, რომლებიც ჯერ "ნაცების" სამსახურში იყვნენ, მერე კი "ქართულ ოცნებაში გადავიდნენ...

ერთ ამბავს მოგიყვებით - მოგეხსენებათ, 2012 წელს მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს და ჩემს შტაბში შემოგზავნეს რამდენიმე აგენტი, რომელთაც ინფორმაცია გაჰქონდათ. ეს ხალხი გამოაშკარავდა და, რა თქმა უნდა, გავუშვით. ერთ-ერთი მათგანი არჩევნების შემდეგ მომადგა და მითხრა, მინდა მოგიყვეთ, როგორ და ვინ ჩამნერგა თქვენთანო, და მოვუსმინე. რომ დაასრულა "აღიარებითი ჩვენება", მე დასამშვიდობებლად ავდექი და იმან რა მკითხა, იცით, არ გჭირდებითო? როცა დავინტერესდი, რაში უნდა დამჭირვებოდა, მიპასუხა, ახლა თქვენზე ვიმუშავებ და იქიდან მოგიტანთ ამბებსო. მე კი გავუშვი, მაგრამ ის კაცი დღესაც ერთ-ერთ რეგიონში ამ ხელისუფლებისთვის მუშაობს.

ასეთი ტიპის ადამიანებს ყოველი ხელისუფლება იყენებს, მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ - ასეთები როგორც კი ძალის ცენტრს სხვაგან დაინახავენ, ეგრევე იხუვლებენ და იქით გადავლენ. პირველ ტურზე სწორედ ამის საფრთხე დაინახა "ქართულმა ოცნებამ" და იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ ამ ხალხის სამსახურზე უარი უნდა თქვან.

რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას და ამის მოგვარების გეგმებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ფრაგმენტულად მესმის, რომ ხელისუფლებაში აქვთ რაღაც სურვილები, მაგრამ კარგად დალაგებული გეგმა არ ჩანს, ისევე როგორც ინდუსტრიული მრეწველობის განვითარების გზა, რისი პერსპექტივაც საქართველოს ნამდვილად აქვს. ამ ყველაფრის დროულად მოვლა მოუწევს "ქართულ ოცნებას", ისედაც ძალიან დიდი დრო დაკარგა.

ბევრი სხვა უპასუხო საკითხიცაა, მაგრამ 2020 წლის არჩევნებიც კარზეა მომდგარი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ცაიტნოტშია.

ყველაზე კარგი, რაც ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, ის არის, რომ ქართველი საზოგადოება მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, მან თავისი ფუნქცია და დანიშნულება გააცნობიერა, დაინახა და პოლიტიკურ ძალებსაც დაანახა, რომ მის გარეშე არჩევნებს ვერავინ მოიგებს, არც გაყალბებას მოითმენს. შესაბამისად, იმ მასშტაბით ვერავინ გაბედავს გაყალბებას, რომ ამან ხალხის ნება გადაწონოს. 2020 წლის არჩევნების გასაღები ხალხის ხელშია. მას შეუძლია მოთხოვნები წაუყენოს ხელისუფლებას და მკაცრად მოითხოვოს მათი შესრულება. სახალხო მოძრაობის, საზოგადოებრივი ჯგუფების აქტივობა სწორედ ამ შედეგამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ახლა მოინდომებენ გარკვეული სატელიტების შექმნას, რათა არ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი აზრი, მაგრამ ახლა ამის გაკეთება და ვინმეს მოტყუება ძალიან გაძნელდება. ხალხმა თავისი ძალა იგრძნო და ურთულესი იქნება მასთან ვაჭრობის დაწყება.

- "მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც", - ასე მიმართა პატრიარქმა ტაძარში მისულ საპრეზიდენტო კანდიდატებს და მშვიდობისთვის ილოცა. დღეს ხშირად გაიგონებთ შეკითხვას, რა იქნება მეორე ტურის შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში? მაგალითად, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ვაშაძე გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც შეეცდება პროცესის ქუჩაში გადატანას. რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობენ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერშიც, რომლის ავთენტურობა დაუდგენელია. - სააკაშვილისა და ვაშაძის ჩანაწერი, ავთენტურიც რომ არ იყოს, ოდესის ყოფილ გუბერნატორს რომ რევოლუცია სწყურია, მისი საჯარო გამოსვლებიდანაც ჩანს, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე ამის შესასრულებელი პირობები და რესურსი.

სხვათა შორის, ამ ჩანაწერში ისიც გამოჩნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქაურ ლიდერებს სულაც არ ხიბლავთ პროცესების რევოლუციური განვითარება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2003 წელს ოპოზიციის მაშინდელ ლიდერებს ჰქონდათ იდეა, რომლითაც გატაცებული იყვნენ, დღეს კი რას ვხედავთ? "ნაციონალური მოძრაობის" კარგად "დანაყრებულ" ლიდერებს, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს, მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ ზღუდავს, აქვთ კარგი ფინანსური საშუალებები და მშვენივრად მოწყობილი პირადი კეთილდღეობა, უნდათ ახლა ამათ დღედაღამ ყინვასა და უბედურებაში ქუჩაში ყოფნა?! ვფიქრობ, არ უნდათ. თუმცა პოლიტიკური პროცესის დაძაბვას აუცილებლად შეეცდებიან, თუ სალომე ზურაბიშვილმა დიდი უპირატესობით არ მოიგო. შეეცდებიან ქვეყნის გარეთ მაინც დაარწმუნონ ჩვენი პარტნიორები, რომ არჩევნები გაყალბდა. შეიძლება იყოს გამოსვლებიც, მაგრამ არა მასშტაბური. ამისთვის დეკემბერი არცთუ ისე კარგი დროა, არ დაგავიწყდეთ, წინ ახალი წელია.

შეიძლება კარვები მთელი ზამთარი დატოვონ რუსთაველზე და სცადონ თუნდაც მცირე, მაგრამ საპროტესტო მუხტის შენარჩუნება, გაზაფხულზე კი უფრო აქტიურად შეუტიონ ხელისუფლებას. ისინი შეეცდებიან გამოიყენონ ხელისუფლების ყველა შეცდომა, მოსთხოვონ ყველა დაპირების შესრულება. ჩემი აზრით, ძალიან რთული პოლიტიკური გაზაფხული გველის.

პირადად მე, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ ვაშაძის გამარჯვების შესაძლებლობას, თუმცა, თუ ეს მოხდა, ვეთანხმები ბატონ ვახტანგს, რომ პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად ყველაფერს იღონებენ, რაც ძალიან გაურთულებს საქმეს "ქართულ ოცნებას".

ამ პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" შუის გაკრეფაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ უნდა იფიქროს იმაზე, რომ რაც შეიძლება ფართოდ გახსნას პოლიტიკური სივრცე ახალშექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის. დღემდე "ქართული ოცნება" იმას ცდილობდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" დაეტოვებინა თავის კონკურენტად, რაც შეცდომა იყო და ახლა უნდა შეცვალოს ეს მიდგომები.

- ამბობთ, რომ დარწმუნებული ხართ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში. ასეც რომ მოხდეს, არ გგონიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამაში პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ძალიან დიდი ფასი გადაიხადა? - ასეა, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებმა საკუთრ შეცდომებზე დაიწყეს ლაპარაკი. ჩემი აზრით, პირველ ტურში მიღებულმა შედეგმა გამოაფხიზლა პოლიტიკური ელიტა.