"ნაცმოძრაობა"­ დღეს ასე რომ არის მოძლიერებული, ეს პირდაპირ "ქართული ოცნების" კისერზეა" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა"­ დღეს ასე რომ არის მოძლიერებული, ეს პირდაპირ "ქართული ოცნების" კისერზეა"

"ნაცმოძრაობა" მზად არის გასაგლეჯად გაიმეტოს ქვეყანა"

"გრიგოლ ვაშაძესთან სადავო არაფერი მაქვს, მაგრამ პოლიტიკური ძალა, რომელიც მის ზურგს უკან დგას, გაანადგურა საქართველო"

"როდესაც სვანი ახსენებს უშბას,/ უშბის სიმაღლე იღვიძებს მასში,/ ინატრებს მამულს, შეკრულს ერთ მუშტად,/ ინატრებს, ძმა რომ იხილოს ძმაში", - ამ სიტყვების ავტორი პოეტი ერეკლე საღლიანია - საქართველოზე შეყვარებული უშბისმიდამოელი სვანური პირდაპირობით საუბრობს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე.

- დღეს საქართველო არის ძალმომრე სახელმწიფოების საჯირითო მოედანი. ყველას თავისი პრეტენზია აქვს და ყველა აქეთ მოისწრაფვის. ჩვენ სახელმწიფო დონეზე უნდა გვქონდეს ეროვნული პოლიტიკა. მეკითხებიან ხოლმე, წაგვლეკავს თუ არა ეს ტალღაო? არ უნდა წაგვლეკოს! ეს კითხვა თუ გაჩნდა, იქვე ჩნდება ეჭვი, ეჭვს კიდევ საითაც მივყავართ, კარგად ვიცით. ამიტომ ერთად უნდა შევებრძოლოთ ამ პრობლემას.

არც ერთი ხელისუფლება არ ღირს იმად, რომ ქვეყანა გადავაყოლოთ. სამწუხაროდ, დღეს ლანძღვა-გინება საუბრის სტილად დამკვიდრდა. მოგვწონს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება, იმას ვერავინ იტყვის, რომ მცდელობას აკლებდა, სახელმწიფო სახელმწიფოსთვის დაემსგავსებინა...

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა რუსმა პოლიტიკოსმა მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, საქართველო ვერ შედგა როგორც სახელმწიფოო. სახელმწიფოდ უნდა შევდგეთ! ჩვენ ახლა გავდივართ იმ ეტაპს, რომელიც ცივილიზებულმა ერებმა უკვე გაიარეს. საბედისწერო ნაბიჯი გადაიდგა - 1991 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეარყია ჩვენი სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, მაგრამ შემდგომაც უამრავი შეცდომაა დაშვებული. ახლა მივედით იმ უფსკრულთან, სადაც უკვე საბედისწერო შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა, რომ არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის თითქმის ნახევარმა არ მიიღო მონაწილეობა? - ეს არის ყველაზე დიდი პროტესტი, რაც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს. მიაქციეთ ყურადღება, დიდი ამერიკელი მწერლის, სკოტ ფიცჯერალდის რომანში "ნაზია ღამე" არის ეს იდეა გატარებული - ადამიანს რომ უპირისპირდები, ებრძვი, ჯერ კიდევ თვლი, რომ ის არსებობს, მაგრამ უხმოდ რომ ჩაუვლი და არც შეხედავ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენთვის ის არ არსებობს.

მწარედ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გამოთქვა პირველ ტურში ამომრჩევლის 54%-მა პროტესტი - ყველა პოლიტიკურ ძალას გამოუცხადეს პროტესტი. აღმოჩნდა, რომ ესეც შეცდომა იყო - როცა ქვეყნის ბედი წყდება, პირადი სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, არამედ იმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტო, რა იქნება ქვეყნისთვის მომგებიანი.

გავიხსენოთ კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა". გიორგი I და კონსტანტინე არსაკიძე მტრები არიან ერთმანეთის, ქვეცნობიერი, შინაგანი მტრობაა მათ შორის, მაგრამ, როცა საქმე სახელმწიფოს ეხება, ორივე სახელმწიფოებრივად აზროვნებს. რას ეუბნება არსაკიძე შორენას? მე არა მგონია, შვიდმა ტყაპუჭაყროლებულმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები დაამყაროს, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ, ამ ხევისბერებს მარტო გიორგი მეფის სიძულვილი აკავშირებთ ერთმანეთთანო... დაერევიან შემდეგ ერთმანეთს და აი, მერე კი შემოეწყობა მტერი ჩვენს ციხესიმაგრეებს და შემუსრავს მათ. არ უყვარს არსაკიძეს გიორგი I, მაგრამ არ წირავს ამ თავის პირად დამოკიდებულებას ქვეყანას.

პირადად მე გრიგოლ ვაშაძესთან სადავო არაფერი მაქვს, მაგრამ პოლიტიკური ძალა, რომელიც მის ზურგს უკან დგას, აი, იმ ძალამ გაანადგურა საქართველო.

- ზოგიერთი ამომრჩეველი აღიარებს, რომ მმართველ გუნდზე განაწყენება ოპოზიციური ძალისთვის ხმის მიცემით გამოხატა. - ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის სიძულვილი სამშობლოს სიყვარულზე უფრო ძლიერი როგორ უნდა იყოს?! სწორი დასკვნა გააკეთა ჩემმა მეგობარმა, როცა პირველი ტურის შედეგები დაიდო, მითხრა, უნიათოებს ნაძირალები ამჯობინესო.

- მეორე ტურში ნაძირალებსა და უნიათოებს შორის კეთდება არჩევანი?

- ჰო. ახლა უნიათოები უნდა გამოფხიზლდნენ, იმიტომ, რომ ამ ორ არსებულ ძალას შორის მე უპირატესობას ვანიჭებ იმას, რომელიც არის შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი საქართველოსთვის.

- წუთით დავუშვათ, რომ მეორე ტურში ოპოზიციურმა ძალამ გაიმარჯვა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - ქვეყანა უკან წავა. გავიხსენოთ "კავკასიური ცარცის წრე", ბრეხტის დიდებული ნაწარმოები, რომელშიც ძიძა და დედა დაობენ ბავშვზე. დედამ თავის დროზე ბავშვი მიატოვა და ის ძიძამ გაზარდა, მაგრამ როდესაც ბავშვი უკვე ხდება მემკვიდრე წინაპრებისგან დარჩენილი მემკვიდრეობისა, დედამაც წამოაყენა პრეტენზია, მემკვიდრის დედა მე ვარო. მოსამართლე აზდაკმა ერთ მხარეზე დედა დააყენა, მეორეზე - ძიძა, რომელიც თავისკენ გადმოსწევს, ბავშვიც იმისი იქნებაო. ჭიდილის დროს ძიძა ბავშვს ხელს უშვებს. რატომ გაუშვი ხელიო, აზდაკი ეკითხება, გასაგლეჯად ხომ არ გავიმეტებდიო, პასუხობს ძიძა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სექტა ყოველთვის იმით სარგებლობს, რომ მეორე მხარე ბავშვს ხელს გაუშვებს, ეს ბავშვი კი საქართველოა.

მზად არიან გასაგლეჯად გაიმეტონ ქვეყანა, ოღონდ სასწორი თავისკენ გადახარონ. "ნაცმოძრაობა" დღეს ასე რომ არის მოძლიერებული, ეს პირდაპირ "ქართული ოცნების" კისერზეა. დასაწყისში გასაგები იყო ჩემთვის, რატომ წავიდნენ ამ კომპრომისზე, რომ ქვეყანა არ არეულიყო, მაგრამ მერე უკვე გაუტკბათ კოაბიტაცია.

- დასაწყისის რა გითხრათ, მაგრამ ახლაც შიშობენ, სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე არ აღმოვჩნდეთ. - ეს ხალხმა არ უნდა დავუშვათ. საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს და ხელისუფლებაც უნდა ვაიძულოთ, რომ ამის უფლება არ მისცეს არავის.

- სიძულვილის ენაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც პოლიტიკურ დებატებში იჩენს ხშირად თავს და ლამის ნორმად დამკვიდრდეს. - სიძულვილის ენა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. რაც ჩვენ სახეს აყალიბებდა, ქართულ იერს გვაძლევდა, იმის ნგრევა დაიწყეს "ნაციონალებმა" დაამახინჯეს სიღნაღი, ბათუმი, მესტიაც დამიმახინჯეს.... დღეს მოგვწონს თუ არა, ჩვენი სტაბილურობის ერთადერთი გარანტი "ქართული ოცნებაა". 2020 წლამდე თავისი საქმე უნდა მოამთავრონ, თუ ისევე გააგრძელეს და არაფერი შეიცვალა, 2020 წელს ესენი წავლენ. "ქართულმა ოცნებამ" აღსარება უნდა ჩააბაროს ქართველ ხალხს, სასურველია ეს არჩევნების წინა დღეებში მოხდეს და ამით ხალხის დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს.

იხილეთ ასევე: "სამწუხაროდ, დღეს არჩევანის გაკეთება უნიათოებსა და ჯალათებს შორის გვიწევს... მე უნიათოებს ვირჩევ"