"კორექტიროვშჩიკები" და მოტაცებული მინისტრი
დაპირისპირება სამაჩაბლოში
1990 წლის ბოლოს მცხეთის პოლიციის უფროსად დამნიშნეს. მოვალეობის შესრულებას 1991 წლის 3 იანვარს შევუდექი. Pპირადი შემადგენლობა გაცნობილიც არ მყავდა, რომ შს მინისტრ დილარ ხაბულიანის ბრძანებით 5 იანვარს 3000-ზე მეტი პოლიციელით ცხინვალში შევედი წესრიგის დასამყარებლად. დაგვევალა ცხინვალის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. გაღიზიანებული ოსები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და  ჩვენი შევიწროება სცადეს.

დილარ ხაბულიანმა და მისმა მოადგილე რომან გვენცაძემ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაძაბულობა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, მაგრამ 16 საათზე ოსებმა
პირველი ტყვია ისროლეს და მცხეთის პოლიციის რიგითი მამედოვი მძიმედ დაიჭრა. ამას ოსების თავდასხმაც მოჰყვა, რამაც ომში გამოუცდელი პოლიციელები პანიკაში ჩააგდო, პოზიციები მიატოვეს და უკან დაიხიეს. ადგილზე Mმხოლოდ მე დავრჩი. ოსები ჩემკენ სროლით წამოვიდნენ. იქვე მდგარი სახანძრო მანქანის ქვეშ შევძვერი და ავტომატით ცეცხლი გავხსენი. ოსებმა დროებით
უკან დაიხიეს და ისევ შემომიტიეს. რამდენჯერმე მოვიგერიე, მაგრამ უკვე ტყვიები მითავდებოდა. ალბათ, ოსებსაც შემოელიათ, სროლა შეწყვიტეს. პაუზით ვისარგებლე და მანქანის ქვეშიდან გამოვძვერი. ერთიანად გაყინული ვიყავი. წელში ძლივს გავიმართე. მივიხედ-მოვიხედე. არავინ ჩანდა. "ნუთუ მიმატოვეს?", - გამიელვა თავში და ამ დროს სკოლის შენობიდან ჩემი მძღოლის ხმა მომესმა:
- ალექსანდროვიჩ, აქა ვარ.
- ალიკ, სასწრაფოდ ტყვიები მომიტანე.
მძღოლმა დავალება უცებ შეასრულა. თან მითხრა, პოლიციის თანამშრომლები ისე შეშინდნენ, ცხინვალიდან გაქცევას აპირებენო. გასაქცევად გამზადებულებს სულზე მივუსწარი, ავტობუსებს წინ გადავუდექი და მძღოლებს ვუყვირე, კარები გააღეთ, თორემ არ დაგინდობთ-მეთქი. ასე დავაბრუნე შეშინებული პოლიციელები პოზიციებზე. ამ დროს შს სამინისტროდან უკან დახევის ბრძანება მივიღე. მაცნეს ვუთხარი, უკან დახევას ხელსაყრელი მომენტი და დრო სჭირდება-მეთქი. ჩემი პასუხი ჩასაფრებულებმა ბრძანების შეუსრულებლობად მონათლეს, მაგრამ მხარი დილარ ხაბულიანმა დამიჭირა, დამეთანხმა, რომ ხელაღებით უკან დახევა მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა. გადაწყდა, საბრძოლო პოზიციებიდან პატარ-პატარა ჯგუფები მოწინააღმდეგის შეუმჩნევლად გაგვეყვანა, მაგრამ ოსები წერტილოვანი დარტყმებით სულის მოთქმის საშუალებას არ გვაძლევდნენ. მოწინააღმდეგის ზუსტმა თავდასხმებმა დამაეჭვა, "უკორექტიროვშჩიკოდ" ასე ზუსტად ვერ იმოქმედებდნენ. ჩვენი პოზიციის კოორდინატებს ვიღაც ატყობინებდათ. დამსმენები ცხინვალის ცენტრალურ ბანკში აღმოვაჩინე. ბანკის დაცვის ორი თანამშრომელი (პოლიციელები) დავაკავეთ, ერთი ქართველი იყო. ჩვენმა ოფიცერმა ვეღარ მოითმინა და მოღალატეს შეუტია, ოსისა გასაგებია, მაგრამ შენ, ქართველი, ასე რატომ იქცევი. დავხვრიტოთ, ამათი დედაო, მაგრამ ჭაღარა პოლიციელმა შეაჩერა, ამათთვის ტყვიაც დასანანია, გავუშვათო და გავუშვით. თავდაცვის გასაძლიერებლად ბანკის შენობა დავიკავეთ, რაც სანანებელი გამიხდა, ბანკიდან 3 მლნ რუსული რუბლი მოიპარეს და ეს მცხეთის პოლიციას დაჰბრალდა. ჩემს თანამშრომლებს რომ ხელი დავაფარე, ხაბულიანი სულ გადაირია. ეჭვი შენს პოლიციელებზეა, წადი და ეს ამბავი თბილისში გაარკვიეო. რომან გვენცაძე ამომიდგა მხარში და გამოძიებით გაირკვა, რომ 3 მლნ-ის ქურდობის ამბავი თავად ქურდობის მონაწილეს უცნობებია უშიშროებისათვის და ეჭვი რომ თავიდან აეცილებინა, მცხეთის პოლიცია დაადანაშაულა. დააკავეს თბილისის შს სამმართველოს 5 თანამშრომელი, რომელთაც დანაშაულიც აღიარეს და თანხაც მთლიანად მოიტანეს.

შს სამინისტროს ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ოსებთან შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვეტილიყო. მინისტრი ხაბულიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონ ჯიბილო ნიჟარაძესთან ერთად ოსებთან გადავიდა მოსალაპარაკებლად. ცეცხლის შეწყვეტაზეც შეთანხმდნენ, მაგრამ პირობა ოსებმა დაარღვიეს, გამომძიებელი ქირია პოლიციელებთან ერთად მანქანაში ააფეთქეს. ამას ორმხრივი ცეცხლის განახლება მოჰყვა. ოსებს ისე ვუტევდით, იძულებულნი გახდნენ ისევ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. შეხვედრის დასრულებისას ცხინვალის პოლიციის უფროსმა დილარ ხაბულიანს სთხოვა, ზეიკიძე გამაცანიო. ხაბულიანმა ჩემზე ანიშნა. ცხინვალის პოლიციის უფროსმა გაკვირვებით ამათვალიერა, ეტყობა, წვერგაუპარსავი თვალში არ მოვუვედი. ხაბულიანმა უთხრა, ეგ არის, მოსვენებას რომ არ გაძლევთო. ცხინვალის პოლიციის უფროსს ეს არ ესიამოვნა. ძმაო,  ომია და  ნუ გეწყინება-მეთქი. მართალია, მაგრამ ვაჟკაცებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთო და Mპოლიციის უფროსმა ხელი ჩამომართვა. ამის შემდეგ კანტიკუნტად იყო სროლა. 1991 წლის 27 იანვარს კი ჩვენი პოლიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გამოვიდა ცხინვალიდან, მაგრამ ამან ოსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება განელების ნაცვლად მეტად გააღრმავა.

განხეთქილება
ეროვნულ ხელისუფლებას  მიეტმასნენ ბანდფორმირებები, რომელთა თარეში სასწრაფოდ იყო აღსაკვეთი. ზვიად გამსახურდია ხშირად ჩამოდიოდა მცხეთაში სალოცავად. Gგადავწყვიტე, ამ მომენტით მესარგებლა. ერთხელაც პრეზიდენტმა შიომღვიმე რომ მოილოცა, ვუთხარი, გვარდია და "მხედრიონი" მეტისმეტად გაძლიერდნენ, პოლიციას აღარ ეპუებიან და მათ აღსაკვეთად სპეცრაზმი შევქმნათ-მეთქი. არ დამეთანხმა, წესრიგის დამყარება პოლიციის საქმეაო.
კიტოვანი და სიგუა პრეზიდენტს გადაუდგნენ. გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი რკონში გვარდიის ნაწილებით დაბანაკდა. დაპირისპირება რომ შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, ბევრი ცდილობდა ყინული გაელხო გამსახურდიასა და კიტოვანს შორის, მაგრამ კონფლიქტი გარდაუვალი იყო, რადგან ამის მიზეზი კიტოვანისა და სიგუას პრეზიდენტთან უთანხმოების გარდა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გააქტიურებაც იყო. ვინც ერთ დროს გამსახურდიას ერთგულებას ეფიცებოდა, კიტოვანის მხარეს გადავიდა. კიტოვანის შენაერთებმა ტელევიზია დაიკავეს. მცხეთის პოლიციის პირადი შემადგენლობა შევკრიბე და 1991 წლის 25 სექტემბერს გაფართოებულ თათბირზე პრეზიდენტს, უზენაეს საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტს ოფიციალურად წერილობით მივმართეთ. მიმართვის ტექსტი ასეთი იყო: "ყოველგვარი ცდის მიუხედავად, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა და პრეზიდენტმა ვერ შეძლეს მშვიდობიანი გზით ქვეყნის მართვა, რის გამოც საქართველო გაიყო ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკად, ქართველთა შორის შეიარაღებული შეტაკების შემთხვევაში გამარჯვებული არც ერთი მხარე არ იქნება. ამის გამო მცხეთის შს განყოფილება უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს ძმათა შორის სისხლის ღვრაში და მოუწოდებს როგორც შს სამინისტროს პირად შემადგენლობას, ასევე საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, გამოუგზავნონ მცხეთის შს შემადგენლობას თავიანთი წარმომადგენლები, რათა საქართველოში შეიქმნას მესამე ძალა, რომელიც ორ შეიარაღებულ მხარეს შორის ჩადგება და არ დაუშვებს ქართველთა შორის სისხლის ღვრას მანამ, სანამ პარლამენტარული (ეს იყო ვადამდე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, რაც ვითარებას განმუხტავდა) გზით არ დამყარდება მშვიდობა". შეკრებას, რომელმაც მიმართვა მიიღო, პოლიციის 170 თანამშრომელი ესწრებოდა. ეს ნაბიჯი ბევრმა ღალატად ჩათვალა. პრეზიდენტმა გამსახურდიამ რომან გვენცაძე გამოიძახა და ცხვირწინ ჩვენი მიმართვა აუფრიალა. რომან გვენცაძე გამოუვალი მდგომარეობიდან მინისტრმა ხაბულიანმა გამოიყვანა. გამსახურდიას უთხრა, ზეიკიძე სპეციალურად შევუშვით ოპოზიციაში, რომ უტყუარი ცნობები მოგვეპოვებინაო. Pპრეზიდენტი შს მინისტრის ნათქვამმა დაამშვიდა. მე კი ხაბულიანმა სასწრაფოდ დამიბარა.

ხაბულიანი და გვენცაძე გაცოფებული დამხვდნენ, - ბიჭო, ეს რა დაგიწერია? Pპრეზიდენტმა რომ გაიგოს, მიმართვა ჩვენს დაუკითხავად მიიღე, გაგვყრის. ამას არც შენ და არც ჩვენ არ გვაპატიებსო. პრეზიდენტის, მით უმეტეს, დილარ ხაბულიანისა და რომან გვენცაძის ღალატი გულშიც არ გამივლია. კიტოვანისა და იოსელიანის ბანაკში დაუძინებელი მტრები მყავდა და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ.  მათი გამარჯვება პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც არ მაძლევდა ხელს.
1991 წლის 22 დეკემბრის დილას თბილისში შეიარაღებული კონფლიქტი იმით დაიწყო, რომ პარლამენტის კიბეზე ორივე ფეხში მძიმედ დაჭრეს მინისტრის მოადგილე რომან გვენცაძე. ის უიარაღოდ იყო. დამხმარე ჯგუფი სწრაფად რომ არ მოსულიყო, მოკლავდნენ. ამ შემთხვევაზე ათასი ჭორი დადიოდა. ზოგმა ისიც კი თქვა, გვენცაძემ თვითონ დაიჭრა თავიო, მაგრამ ჭრილობები ისეთ ადგილზე ჰქონდა, ბატონი რომანი ამას ფიზიკურად ავერ მოახერხებდა.
დანამდვილებით ვიცით, რომ იყო ორი გამყიდველი, რომელთაც ორი კურდღლის დაჭერა მოინდომეს. ისინი გვენცაძის მოშორებაზე ოცნებობდნენ, რადგან პირად მტრად მიაჩნდათ და კიდევ შეასრულეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალება, - დაიწყეს შეიარაღებული დაპირისპირება.

მაშინ პარლამენტში ლოთი ქობალიას რაზმი და დაახლოებით 2 ათასი შეიარაღებული პოლიციელი იყვნენ. Kკიტოვანის მხარეს კი თავიდან 200-300 შეიარაღებული კაცი იდგა. ხელისუფლების ძალები არ უნდა დამარცხებულიყვნენ, მაგრამ... პრეზიდენტ გამსახურდიას დამარცხების მიზეზი ის არის, რომ მაშინ ბევრი ფიქრობდა, Yყველაფერი წყალს წაუღია, ოღონდ მე ვიყო კარგადო. კიტოვანივით და იოსელიანივით განაწყენებული ყველა ხელისუფლებას ჰყავს, მაგრამ უნარიანი ხელისუფლებისათვის საშიშნი არ არიან.

სამხედრო საბჭო
საქართველოდან პრეზიდენტის წასვლის შემდეგ მთელ საქართველოსა და მათ შორის მცხეთაშიც გამოჩნდა ხალხი, რომელიც თავს რაიონის არაოფიციალურ ხელმძღვანელად ასაღებდა და თავისთვის მიუღებელი პირების დასჯაზე განკარგულებებს იძლეოდა. გადატრიალების პირველივე დღეებში მივიღე ბრძანება, მცხეთის პრეფექტი იულონ გაგოშიძე დამეპატიმრებინა. Kისეთი კაცი იყო, ცუდი არავისთვის გაეკეთებინა და როგორ დამეჭირა ვიღაცების სიტყვიერი ბრძანებით? Aამიტომაც იულონ გაგოშიძე გავაფრთხილე, თანამდებობა დაეტოვებინა და საქართველოს გასცლოდა.

ახალშექმნილი სამხედრო საბჭოს დასაყრდენი გვარდია და "მხედრიონი" გახდა. პოლიციამ ფუნქცია დაკარგა. ახალდანიშნულმა მინისტრმა რომან გვენცაძემ სცადა პოლიციის ამუშავება, მაგრამ ეს ხელს არავის აძლევდა. M"მხედრიონი" და გვარდია მშვენივრად ართმევდნენ თავს ამოცანას - შეენარჩუნებინათ რევოლუციური მონაპოვარი.  პირწმინდად ძარცვავდნენ საწყობებს, ქარხნებსა და მოსახლეობას.
ქვეყანა პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდა. ვითომ საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნვის მომიზეზებით, სინამდვილეში კი თავის გადასარჩენად კიტოვანმა და იოსელიანმა საქართველოში შევარდნაძე მოიწვიეს.

მინისტრის გამოსახსნელად
1992 წელს შს მინისტრის მოადგილედ დამნიშნეს. Aამ თანამდებობაზე მისვლისთანავე უიმედობამ დამრია ხელი, რადგან ქვეყანაში არნახული ქაოსი სუფევდა.
ზუგდიდში ლოთი ქობალიასთან მოსალაპარაკებლად ჩასული შს მინისტრი რომან გვენცაძე მოიტაცეს (გვენცაძე ქობალიასთან ადამიანის უფლებათა დამცველ სანდრო კავსაძის გასათავისუფლებლად იყო ჩასული. კავსაძე ექსპრეზიდენტის მომხრეებმა დააკავეს და მისი 5 ე.წ. ზვიადისტში გაცვლა მოითხოვეს). Aამას არავის ვაპატიებდი და 1992 წლის 11 აგვისტოს 700 შეიარაღებული პოლიციელით დასავლეთ საქართველოში გავემგზავრე. მინისტრის შესაძლო ადგილსამყოფელზე არაერთი ინფორმაცია მოგვდიოდა. ყველაზე სარწმუნოდ სენაკის გამგებლის მახუტი კეკელიძის ინფორმაცია მივიჩნიეთ და სოფელ ღვადისკენ დავიძარით.

ხობის ჩაის ფაბრიკაში კიტოვანსა და რამდენიმე ჩინოვნიკს შევხვდი. ერთმა კიტოვანი ადღეგრძელა, აქო და ადიდა და დაჰპირდა, სოხუმში შესვლისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრობლემოდ ჩაგაბარებთო. მას მხარი სხვებმაც აუბეს. ზოგი მთავრობის სახლის აღებას, ზოგიც ტელევიზიისა და სასიცოცხლო ობიექტების ჩაბარებას სთავაზობდა. ვერ მოვითმინე, ბატია, ამის გაკეთება არ შეიძლება. ყოფილი სამხედრო ვარ და ვიცი, შეიარაღებული ძალებით აფხაზეთს კი დაიპყრობთ, მაგრამ დაკავებულ ტერიტორიებს ვერ შეინარჩუნებთ-მეთქი.

- შენ რა ჭკუას გვასწავლიო, - გამოესარჩლნენ კიტოვანს. ზოგმა კი ცინიკურად ჩაილაპარაკა, გირჩევნია, შენი მინისტრი მოძებნოო. Kკიტოვანს ხელკავი გავუკეთე და გარეთ გავიხმე: Aბატია, ავანტიურისტ გამყიდველებს არ აჰყვეთ,  თორემ მერე ჯოხი თქვენზე გადატყდება-მეთქი.
- მე რა შუაში ვარ? წადი და ეგ ბიძაშენს, ჭაღარას უთხარიო,  - მიპაუხა კიტოვანმა.
გამახსენდა, 1992 წლის 11 აგვისტოს დილით შევარდნაძის კაბინეტში ვლადისლავ არძინბასთან შევარდნაძის ლაპარაკს რომ შევესწარი. საუბარი ავტონომიის ტერიტორიაზე ხიდებისა და რკინიგზის ერთობლივ დაცვას შეეხებოდა. არძინბა საქართველოს შეიარაღებული ძალების აფხაზეთში შეყვანის წინააღმდეგი იყო, შევარდნაძე კი დაჟინებით მოითხოვდა. საბოლოოდ ბატონმა ედუარდმა არძინბა ვერ დაითანხმა და გაღიზიანებულმა დაურეკა ავთო იოსელიანს: ავთო, რატომ მომატყუე, რომ არძინბა თანახმაა, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია ერთობლივად დავიცვათო. ავთოს საუბარი არ მესმოდა, მაგრამ საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ არძინბა იოსელიანს აფხაზეთში მხოლოდ 300 პოლიციელის შეყვანაზე

დათანხმებია...
მინისტრის გამოსახსნელად გზა ღვადისაკენ გავაგრძელე. სოფელ ჭილაურისა და ღვადის მისადგომებთან გელა ლანჩავას ხელმძღვანელობით გვარდიის ნაწილმა გადაგვიკეტა გზა. ლანჩავამ გვთხოვა, გულრიფშში შემოდით გვარდიის დასახმარებლადო. ვუთხარით, რომ ჩვენ მინისტრის ადგილსამყოფლის დასადგენად მივდიოდით. ლანჩავამ კი, რა დროს ეგ არის, ყარყარაშვილი სოხუმის შესასვლელთან აფხაზებს ალყაში ჰყავთ მოქცეული, შენი ხალხით უნდა გვიშველოო. ასე რომ, გულრიფშში შევედით. სანამ სიტუაციაში გავერკვეოდი, პოლიციელებს ვუთხარი, თავის დასაცავად მანქანებს ამოჰფარებოდნენ. ვერ გეტყვით, ჩვენს მისვლამდე რა მოხდა, მაგრამ აფხაზი მეომრების კვალსაც ვერ მივაგენით. ქუჩაში გამოსული გაღიზიანებული გულრიფშელები გაიძახოდნენ, არ გვინდა თქვენი დახმარება, თავს უთქვენოდაც მოვუვლით, თბილისში დაბრუნდითო. Aარტილერისტის ფორმაში გამოწყობილმა ვიცე-პოლკოვნიკმა ხალხს შეუტია, ყარყარაშვილი სოხუმთან ალყაში ჰყავთ და შველას გვთხოვს, სად უნდა წავიდეთო? ამ დროს ერთმა ასაკოვანმა კაცმა გამიხმო და მითხრა, ვიცი, მართალი კაცი ხართ. არ დაუჯეროთ ამ პროვოკატორს, იტყუება. დილიდან ბირჟაზე ვდგავარ და სოხუმისკენ მიმავალი კოლონა არ მინახავსო. Mმოხუცის სიტყვები ვირწმუნე და პოლიციას უკან დახევა ვუბრძანე. ბატონო დათო, გვღალატობთო, გამწარდა არტილერისტი. სიტყვები შეარჩიე, აქ საბრძოლველად კი არა, მინისტრის გამოსახსნელად ჩამოვედი-მეთქი. Aარ ვიცი, რა მოხდებოდა, ამ დროს ლოტკინის პოლიციის უფროსს, რეზო მაღლაკელიძეს მინისტრის გათავისუფლება რომ არ ეხარებინა. ვუბრძანე პოლიციის მანქანები შემოებრუნებინათ.
გულრიფშიდან თბილისში 1992 წლის 14 აგვისტოს დავბრუნდი. ბატონ ედუარდს აფხაზეთში არსებული ვითარება გავაცანი, მაგრამ შევარდნაძემ ჩემი უტყუარი ცნობები არ გაითვალისწინა...  

(გაგრძელება იქნება)
მარი ზანდუკელი


მკითხველის კომენტარი (3)
Geronti
09 სექტემბერი 2010 18:46
თურმე რა ყოფილა.

ცნობილია, რომ რკინიგზის ძარცვის გამო რუსეთი გვაწვებოდა და სომხეთიც მოითხოვდა, რკინიგზა გაგვეკონტროლებინა. რაც იკარგებოდა, ეშელონობით, საქართველოს სახელმწიფო ვალში იწერებოდა სომხეთის მიმართ.

ჰოდა, ასე ვიცოდით, რომ არძინბა ჯერ დათანხმდა ჩვენი ძალების შეყვანას, მერე კი გადათქვა. ცეცხლი გაუხსნეს ქართველებს ოხურეისთან და ომიც დაიწყო.

არადა თურმე არძინბა სამასი კაცის შეყვანას დათანხმებია. ამათ კი მთელი ტანკების არმადა გაგზავნეს...

არა, ხომ უნდა მოახერხო, შევარდნაძემ, კიტოვანმა და სხვებმაც, რომ არძიბნაზე დიდი დამპალი აღმოჩნდე. სხვა თუ არაფერი, ის სატანა ჭკუით მაინც ყველას ჯობდა ამათ. ამ ვითომ ბრძენ შევარდნაძეს, ხალხის წაკიდების მეტი რომ არაფერი იცოდა და მუდამ ამით ინარჩუნებდა თანამდებობას.

თფუი.
nana
09 სექტემბერი 2010 12:38
ძალიან საინტერესო ამბებს იხსენებს ბატონი ზეიკიძე.
Dio
08 სექტემბერი 2010 09:40
ბარონ მიუნჰაუზენსაც კი შეშურდებოდა. ეს უკვე მეტისმეტია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები