გია აბდალაძე: "გრიგოლ ვაშაძე იმ ადამიანების შეწყალებას აპირებს, ვინც მე მაწამა" - კვირის პალიტრა

გია აბდალაძე: "გრიგოლ ვაშაძე იმ ადამიანების შეწყალებას აპირებს, ვინც მე მაწამა"

უგულავას რა უნდა ელაპარაკო, კაცი არც პოლიტიკოსად ვარგოდა და არც... ერთადერთი, ვისაც მისი ესმის, სააკაშვილია. მათ დანაშაული ჩაიდინეს, სასამართლომ ჩვენი უდანაშაულობა აღიარა და ბოდიშის მოხდის სურვილიც არ აქვთ

21 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე შვიდი წლის წინანდელი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები - გიორგი აბდალაძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები და ზურაბ ქურციკიძე გაამართლა. საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაჰკითხეს მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. "კვირის პალიტრა" გია აბდალაძეს ესაუბრა:

- ამ დღეს დაპატიმრების დღიდან ველოდებით. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. წინა ხელისუფლებამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა. ზოგი დააყაჩაღეს, ზოგი უკანონოდ დაიჭირეს, ზოგს ცილი დასწამეს და ა.შ. უამრავი საჩივარია შესული. "ქართული ოცნების" პრობლემაა ის, რომ განაჩენი ჭიანურდება, რადგან თითო მოსამართლეს რამდენიმე ასეული საქმე აქვს განსახილველი. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით წინა ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულზე მოქმედმა ხელისუფლებამ მოგვიხადა ბოდიში.

პირველადი მოთხოვნა იყო, დამკვეთები დასჯილიყვნენ, თორემ დოქსოპულოები იმდენი ჰყავდა წინა ხელისუფლებას, რიგი იდგა შემსრულებლების...

ვაშაძე ცრუობს, არ ვიცნობდი აბდალაძესო. დღეში სამჯერ შევდიოდი მასთან გადაღებაზე. იმასაც ტყუის, თითქოს მე მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში რაღაცა დოკუმენტაცია მოვიპარე. მას რომ კაცობა ჰყოფნიდეს, გამოვიდოდა და იტყოდა, მე ჩავიდინე დანაშაულიო და ბოდიშს მოიხდიდა. ასეთი კაცი აპირებს პრეზიდენტობას?! დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა სათანადო განაჩენს გამოუტანს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში ანადგურებდა ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში საკადრის განაჩენს გამოუტანენ "ნაციონალურ" ძალას.

პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ მოსახლეობა ითხოვს პასუხს იმ ფინანსურ თუ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც დღეს არსებობს. იმედი მაქვს, ხელისუფლება ყველაფერს შეაფასებს, ზომებსაც მიიღებს, თორემ საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტოზე მნიშვნელოვანია და თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდება, 2020 წელს სხვა შედეგს მივიღებთ.

გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე თავდაპირველად მათ შეწყალებას აპირებს, ვინც მე მაწამა, ვინც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაძარცვა, ციხეში გამოკეტა, ვინც დღეს გაქცეულია საზღვარგარეთ. ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მერაბიშვილს, ახალაიებს, სააკაშვილს... ეს გამოიწვევს დიდ აგრესიას და ქაოსსს. თუ ეს ბანდა ისევ შეიკრიბა, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდება.

დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

ქალბატონს, რომელსაც საფრანგეთის ღირსების ორდენი აქვს მიღებული, ცილს სწამებენ, რუსეთის ჯაშუშიაო. და ამას ის ადამიანები ამბობენ, ვისაც რუსულ პიარკამპანიაზე აქვთ აგებული ყველაფერი. ვაშაძე თვითონ ამბობს ინტერვიუში, რუსეთი ჩემი სამშობლოაო... ორგვარი არჩევანი გვაქვს: ერთი - ევროპული, რომელზეც ლაპარაკობს ქალბატონი სალომე და მეორე - რუსული, თავისი სიბინძურით, ცილისწამებით.

- ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ახლა თქვენი სიხარული გაიზიარა? - ყველა ჟურნალისტი, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა, ყველა, ვისაც ჩვენი სჯეროდა. რომ არა ეს ადამიანები, ჩვენც თეთრაძესავით დაგვხოცავდნენ.

ეს მითხრა კიდეც თავის დროზე "ქილერამ" - ციხის უფროსს ეძახდნენ ასე: აქედან ცოცხლები ვერ გახვალთ, მე ბრძანებას ველოდებიო.

ჩვენ ოლიმპიადა გადავფარეთ. ჩვენი თავგანწირვით მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ომია, ამათ კი გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია.

დასაფასებელია, რომ ქალბატონი სალომე შვილთან ერთად მოვიდა ჩვენთან და სოლიდარობა გამოგვიცხადა. ჩვენ ამ ნაბიჯს ვაფასებთ. ის მამაცი ქალბატონია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება.

- გიგი უგულავამ თქვენ და გედენიძეს სპეკულანტები - დღევანდელი ხელისუფლების ხელში პროპაგანდისტული იარაღი გიწოდათ... - უგულავას რა უნდა ელაპარაკო, კაცი არც პოლიტიკოსად ვარგოდა და არც... ერთადერთი, ვისაც მისი ესმის, სააკაშვილია. მათ დანაშაული ჩაიდინეს, სასამართლომ ჩვენი უდანაშაულობა აღიარა და ბოდიშის მოხდის სურვილიც არ აქვთ.

- უგულავამ ამ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, არიან თუ არა ეს ადამიანები ჯაშუშები, არ ვიცი, რადგან მე ამ სასამართლოსა და პროკურატურას არ ვენდობიო. - ვანო მერაბიშვილს მოჰკითხოს, ვინც ჩვენს საქმეს აყალბებდა და გიგა ბოკერიას, მათ ხომ ენდობა...

ჩვენი ჯაშუშებად გამოცხადება იყო ჟურნალისტების გაფრთხილება. სასამართლოზე აღიარეს, რომ 26 მაისის გამო დაგვსაჯეს. ამას "ქილერა" მეუბნებოდა. მაგრამ თუ ჯაშუში ვიყავი, 15 დღეში რატომ გამომიშვეს? აბსურდული არ არის, რომ "ჯაშუშს" პარლამენტში აკრედიტაცია მქონდა და ციხიდან გამოსვლიდან ერთ კვირაში მიშა სააკაშვილს ვიღებდი? ჩვენ მსოფლიოს დავანახეთ წინა ხელისუფლების ჯალათობა და ამისთვის დავისაჯეთ.

- კომპენსაციის მოთხოვნას აპირებთ? - აუცილებლად. როდესაც განჩინებას მივიღებთ, მთელი დოკუმენტაციით იურისტებთან გავივლით კონსულტაციას და ვიმსჯელებთ, რა მოვითხოვოთ.