"მას აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ, მაგრამ შეხვდება დიდი წინააღმდეგობები" - რას აპირებს ივანიშვილი არჩევნების მე-2 ტურის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"მას აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ, მაგრამ შეხვდება დიდი წინააღმდეგობები" - რას აპირებს ივანიშვილი არჩევნების მე-2 ტურის შემდეგ?

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- გასულ კვირას ტელეკომპანია "იმედს" კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა ბიძინა ივანიშვილმა. მან პირველი ტურის შედეგების შეფასებისას განაცხადა: "გუნდი სულ სხვაგვარ შედეგს ელოდა და ამაში იყო სრულად დარწმუნებული, ისეც კი, რომ პროფესიონალური კვლევებიც არ ჩაატარეს. იყო შიდაპარტიული კვლევები... ასეთი 14%-იანი ცდომილება არის სირცხვილი, მე ამაზე მკაცრი საუბარი მქონდა"... როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ არის მინიშნება იმაზე, რომ მას რეალურ ვითარებას გარემოცვა უმალავდა?

- მეტიც, ჩემი აზრით, მან პირდაპირ თქვა, რომ რეალური სურათი არ იცოდა, თუმცა აღნიშნა ისიც, პრობლემები გაცილებით ადრე დავინახე და ამიტომაც შემოვბრუნდი პოლიტიკაშიო. როგორც ჩანს, ის ზოგიერთი პირის აზრს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, რაც, ჩემი აზრით, მისი პირადი შეცდომაა, რომლის გამოსწორებაზე თვითონვე ზრუნავს. მამუკა არეშიძე ვიცი, რომ იმ პირთა ნაწილი, ვინც ამგვარ ინფორმაციას აწვდიდა, უკვე აღარ არიან საარჩევნო პროცესში. სულ სხვა ჯგუფს დაევალა სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაც და საარჩევნო პროცესის წარმართვაც, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზოგიერთი ისევ დარჩა ძველ თანამდებობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ძალიან კარგი პარტიის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის.

- ბოლო ინტერვიუში აშკარად გამოჩნდა, ივანიშვილს რაოდენ პრინციპულად მიაჩნია მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება. კვლავ გაიმეორა, რომ ის ერთ წელში მოახერხებს ვითარების შეცვლას ქვეყანაში, მაგრამ არც ამ ინტერვიუში გამოჩნდა როგორ, რა გეგმით აპირებს ამის გაკეთებას. - ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ბევრად ადეკვატური იყო, ვიდრე მანამდე მიცემულ ინტერვიუებში. ვფიქრობ, მან სწორად გააანალიზა პირველი ტურის შედეგი.

რაც ვიცი, ის არის, რომ მას აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ და არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ, ალბათ, ივანიშვილს შეხვდება დიდი წინააღმდეგობებიც, რადგან არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ამ წლებმა მათ ზურგზე გადაიარა და მათ წინაშე "ქართული ოცნება" ვალშია.

საკადრო პოლიტიკაში კატასტროფული ვითარებაა რეგიონებში და არ ვიცი, ამას როგორ მოევლება. ცალკე პრობლემაა პორტირებული პირების თემა, რომლებიც ჯერ "ნაცების" სამსახურში იყვნენ, მერე კი "ქართულ ოცნებაში გადავიდნენ...

ერთ ამბავს მოგიყვებით - მოგეხსენებათ, 2012 წელს მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს და ჩემს შტაბში შემოგზავნეს რამდენიმე აგენტი, რომელთაც ინფორმაცია გაჰქონდათ. ეს ხალხი გამოაშკარავდა და, რა თქმა უნდა, გავუშვით. ერთ-ერთი მათგანი არჩევნების შემდეგ მომადგა და მითხრა, მინდა მოგიყვეთ, როგორ და ვინ ჩამნერგა თქვენთანო, და მოვუსმინე. რომ დაასრულა "აღიარებითი ჩვენება", მე დასამშვიდობებლად ავდექი და იმან რა მკითხა, იცით, არ გჭირდებითო? როცა დავინტერესდი, რაში უნდა დამჭირვებოდა, მიპასუხა, ახლა თქვენზე ვიმუშავებ და იქიდან მოგიტანთ ამბებსო. მე კი გავუშვი, მაგრამ ის კაცი დღესაც ერთ-ერთ რეგიონში ამ ხელისუფლებისთვის მუშაობს.

ასეთი ტიპის ადამიანებს ყოველი ხელისუფლება იყენებს, მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ - ასეთები როგორც კი ძალის ცენტრს სხვაგან დაინახავენ, ეგრევე იხუვლებენ და იქით გადავლენ. პირველ ტურზე სწორედ ამის საფრთხე დაინახა "ქართულმა ოცნებამ" და იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ ამ ხალხის სამსახურზე უარი უნდა თქვან.

რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას და ამის მოგვარების გეგმებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ფრაგმენტულად მესმის, რომ ხელისუფლებაში აქვთ რაღაც სურვილები, მაგრამ კარგად დალაგებული გეგმა არ ჩანს, ისევე როგორც ინდუსტრიული მრეწველობის განვითარების გზა, რისი პერსპექტივაც საქართველოს ნამდვილად აქვს. ამ ყველაფრის დროულად მოვლა მოუწევს "ქართულ ოცნებას", ისედაც ძალიან დიდი დრო დაკარგა.

ბევრი სხვა უპასუხო საკითხიცაა, მაგრამ 2020 წლის არჩევნებიც კარზეა მომდგარი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ცაიტნოტშია.

ყველაზე კარგი, რაც ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, ის არის, რომ ქართველი საზოგადოება მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, მან თავისი ფუნქცია და დანიშნულება გააცნობიერა, დაინახა და პოლიტიკურ ძალებსაც დაანახა, რომ მის გარეშე არჩევნებს ვერავინ მოიგებს, არც გაყალბებას მოითმენს. შესაბამისად, იმ მასშტაბით ვერავინ გაბედავს გაყალბებას, რომ ამან ხალხის ნება გადაწონოს. 2020 წლის არჩევნების გასაღები ხალხის ხელშია. მას შეუძლია მოთხოვნები წაუყენოს ხელისუფლებას და მკაცრად მოითხოვოს მათი შესრულება. სახალხო მოძრაობის, საზოგადოებრივი ჯგუფების აქტივობა სწორედ ამ შედეგამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ახლა მოინდომებენ გარკვეული სატელიტების შექმნას, რათა არ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი აზრი, მაგრამ ახლა ამის გაკეთება და ვინმეს მოტყუება ძალიან გაძნელდება. ხალხმა თავისი ძალა იგრძნო და ურთულესი იქნება მასთან ვაჭრობის დაწყება. წაიკითხეთ სრულად