"რუსეთი ბევრ სხვა უმსგავსობაზეც არის წამსვლელი" - როგორ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის საზღვაო დაპირისპირება - კვირის პალიტრა

"რუსეთი ბევრ სხვა უმსგავსობაზეც არის წამსვლელი" - როგორ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის საზღვაო დაპირისპირება

დასავლეთის მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ, რომ თუ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, ის ბევრ სხვა უმსგავსობაზეც არის წამსვლელი, - ამის შესახებ აზოვის ზღვაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ჩაიდინა.

„მდგომარეობა, რომელიც ახლა შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში შეიქმნა, არის კრიტიკულად საშიში, იმიტომ, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება. რეალურად ის, რაც რუსეთის მხარემ ჩაიდინა, არის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, და უკრაინასთან მიმართებაში აქამდე განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. რუსეთმა ვერ შეძლო წარმატების მიღწევა დონბასის მიმართულებით, ამიტომ ის სულ ეძებდა სიტუაციის გამწვავებისთვის შესაფერის წერტილს, სადაც უკრაინაზე შეტევის მიტანას შეძლებდა. ყბადაღებული ყირიმის ხიდის აშენების შემდეგ მათ დაიწყეს აზოვის ზღვის ბლოკირება - უკრაინული გემების შეჩერებით, უკანონო შემოწმებების ჩატარებით და ასე შემდეგ“, - განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია არ არის ისეთი მკაფიო და მწვავე, როგორიც ალბათ ადეკვატური იქნებოდა.

„მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ 2008 და 2014 წლების გამოცდილების გათვალისწინებით დასავლეთი უფრო აქტიური იქნება ამ აგრესიის აღსაკვეთად. როგორც ჩანს, რუსეთი არ აპირებს საკუთარი სცენარის მიხედვით მოქმედება შეწყვიტოს, ამიტომ დასავლეთის მხრიდან ამას უნდა მოჰყვეს პრაქტიკული ნაბიჯები. შესაძლებელია რუსეთთან დამოკიდებულების შემდგომი გამკაცრება, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას მხოლოდ ძალის ენა ესმის. არსებობს უამრავი საშუალება, დაწყებული სანქციების გამკაცრებით, რომელსაც ძალიან სწრაფად მოჰყვება რეალური ეკონომიკური შედეგი, დამთავრებული შავი ზღვის აკვატორიაში გარკვეული ნაბიჯებით. თუმცა, აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ, რომ თუ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, ის ბევრ სხვა უმსგავსობაზეც არის წამსვლელი“, - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

ირაკლი მენაღარიშვილი

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდა. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

იხილეთ ასევე: ბრძოლა ქერჩის ხიდთან - უკრაინა-რუსეთის პირველი ღია საზღვაო შეტაკება

იხილეთ ვიდეო