თეორიული შანსის ამარა - კვირის პალიტრა

თეორიული შანსის ამარა

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა გასულ შაბათს თურქ თანატოლებს სტუმრად 1:0 მოუგო და 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ქვეჯგუფში თითქმის გაინაღდა მეორე ადგილი. უკანასკნელ ტურში ოთარ გაბელიას შეგირდები სომხეთის ნაკრებს მასპინძლობენ და მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ფრეც ჰყოფნით, თუმცა, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად არათუ ფრე, შესაძლოა, სომხებთან დიდი ანგარიშით გამარჯვებაც კი არ გამოდგეს საკმარისი. საქმე ის არის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი უკვე დაკარგეს, ათი შესარჩევი ქვეჯგუფიდან კი, პირველადგილოსანთა გარდა, მხოლოდ 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი ნაკრები გადის შემდეგ ეტაპზე. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები მეორეადგილოსანთა შორის საუკეთესო მაჩვენებლებით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ სანამ თეორიული შანსი არსებობს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამიტომაც ქართველი ფეხბურთელები უნდა შეეცადონ, სომხებს რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოუგონ (სტუმრად 3:2 ვძლიეთ) და დაელოდონ, როგორ განვითარდება მოვლენები სხვა ქვეჯგუფებში.