"ამომრჩევლის ნაწილი არმაგედონის შიშით წავიდა არჩევნებზე, მაგრამ ანტი-მიშას ფაქტორი, ანუ „მგელი მოდის“ ძახილით წარმატების მიღწევა ამ არჩევნებით დასრულდა" - კვირის პალიტრა

"ამომრჩევლის ნაწილი არმაგედონის შიშით წავიდა არჩევნებზე, მაგრამ ანტი-მიშას ფაქტორი, ანუ „მგელი მოდის“ ძახილით წარმატების მიღწევა ამ არჩევნებით დასრულდა"

28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური გაიმართა, რომელშიც ეგზიტპოლების მონაცემებით საკმაოდ დიდი უპირატესობით იმარჯვებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ მისი წარმატება გამოიწვია ამომრჩევლის მაღალმა აქტივობამ. რამ გამოიწვია მიღებული შედეგი, გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ფაქტობრივად ორივე მხარემ, განსაკუთრებით კი ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ფსიქოზის გარემო მასობრივ ისტერიაში გადაეყვანა, ანუ ყველა ჭრილობა გაეცოცხლებინათ, რაც ამ საზოგადოებაში არსებობდა წინა ხელისუფლებიდან და არმაგედონის განცდა შეექმნათ. ასეთი რამ არ ხდება, მეორე ტურზე უფრო მეტი ამომრჩეველი მიდიოდეს, მაგრამ არმაგედონის განწყობამ სამი ძირითადი სეგმენტი გაააქტიურა. ერთი არის ულტრაკონსერვატული ფრთა, რომელიც, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში და შეიძლება ითქვას, გადაწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი, მხედველობაში მყავს "პატრიოტთა ალიანსის" ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურში არ წასულა არჩევნებზე და მათ ჰყავთ ამომრჩევლის საკმაოდ მოზრდილი მასა. მეორე სეგმენტია საკამათო ინიციატივა საბანკო "შავ სიებთან" დაკავშირებით, რამაც ბუნებრივია გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან და მესამე სეგმენტი გახლავთ ლატენტური ანტიმიშა, რომელსაც წინა რეჟიმი ძალიან არ უყვარს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლებაც მაინცდამაინც არ მოსწონს და ამიტომ პირველ ტურში შინ დარჩა.

ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არმაგედონის შიშით წავიდა არჩევნებზე. ამ შედეგში, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა "პატრიოტთა ალიანსმა", შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევნები მათ მოიგეს...

- სავარაუდოდ, "ქართულ ოცნებას" შეეძლო გარკვეული ბერკეტები პირველ ტურამდეც აემოქმედებინა... - არა მგონია, პირველ ტურში ადამიანებს კიდევ ჰქონდათ ილუზია, რომ არსებობდა პოლიტიკური ალტერნატივები, უსუფაშვილის და სხვების სახით. ასევე "ქართულ ოცნებაში" არ ეგონათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ასეთი მოღონიერებული იყო, მაგრამ როდესაც პირისპირ დარჩნენ მასთან და შესაძლო წაგების კონტურები უკვე აშკარა გახდა, ამან გამოიწვია მათი გააქტიურება.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" შეძლებენ იმ დაპირებების შესრულებას, რაც გასცეს და უმნიშვნელოვანესი ცვლილებების გატარებას? - სიმართლე გითხრათ, არსებული საკადრო რესურსით ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სისტემური ცვლილებები განახორციელოს, რაც სრულიად აუცილებელია იმისათვის, რომ თუნდაც მცირე, მაგრამ გამარჯვების შანსი შეინარჩუნონ 2020 წელს არჩევნებში...  დღეს მათ, ფაქტობრივად, საბოლოოდ დაკარგეს მორალური უპირატესობა და ამ თემის ექსპლუატირება მათთვის სამომავლოდ შეუძლებელი ხდება. მათ დაკარგეს საარჩევნო ლეგიტიმაცია. თუ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბება მოხდა, ბუნებრივია, მმართველი პარტიის დეგრადაციის პროცესი ამით არ შეჩერდება. აბსოლუტურ ძალაუფლებას მოჰყვება აბსოლუტური პასუხისმგებლობაც - ის ხალხი, ვინც განსაკუთრებით მეორე ტურში მისცა ხმა "ქართულ ოცნებას" ძალიან მომთხოვნი იქნება და  განსაკუთრებულად გაბრაზდება თუ „გადაგდების“ განცდა გაუჩნდა. ანტი-მიშას ფაქტორიც, ანუ „მგელი მოდის“ ძახილით წარმატების მიღწევა, ვფიქრობ, ამ არჩევნებით დასრულდა. ასე რომ, "ქართული ოცნების" საქმე, რეალურად არ მიდის კარგად. მაგრამ მიხვდებიან ამას? შეიძლება მიხვდნენ კიდეც, მაგრამ მგონია, რომ ისინი დიდწილად ვითარების მძევლები არიან და სურვილის შემთხვევაშიც კი ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლიათ.

იხილეთ ასევე: "მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის" - ივანიშვილის მადლობა ამომრჩეველს

(სპეციალურად საიტისთვის)