"აბა, იმას იტყვიან, იარაღი მიწაში ჩავმარხეთ და გამოვიქეცითო?" - კვირის პალიტრა

"აბა, იმას იტყვიან, იარაღი მიწაში ჩავმარხეთ და გამოვიქეცითო?"

აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გივი ლომინაძე ამჯერად იხსენებს, თუ ვისი რეკომენდაციითა და მხარდაჭერით გახდა ვლადისლავ არძინბა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თუ როგორ მოიპოვეს აფხაზებმა უპირატესობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, როგორ გამოიყვანა არძინბამ თბილისის დაქვემდებარებიდან აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურები, ვინ და როდის  განაიარაღა აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა და როგორ შეუვარდა კაბინეტში შეიარაღებულ ხალხთან ერთად ქართველებისგან შეგულიანებული ალექსანდრე ანქვაბი:

- ბატონო გივი, ქართულ-აფხაზური დაპირისპირების მიზეზად ბევრს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზების უმრავლესობით მოსვლა მიაჩნია?

- ზოგისაგან მსმენია, ქართულმა მხარემ შეცდომა დაუშვა, აპარტეიდული საარჩევნო კანონი მიიღო და აქედან დაიწყო ყველაფერიო. ხშირად მის მიღებას აკაკი ასათიანს აბრალებდნენ, ის იყო თანახმაო. ამ საარჩევნო კანონზე ლევან ალექსიძემ და ავთანდილ დემეტრაშვილმა იმუშავეს და მართლაც  შესანიშნავი კანონი იყო. ჩვენ ამით აფხაზებისადმი ნდობა გამოვხატეთ. სტატისტიკის მიხედვით, იმ დროს აფხაზეთში 93 ათასი აფხაზი და 247 ათასი ქართველი ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ამ კანონის თანახმად, აფხაზებს უმაღლეს საბჭოში 28 დეპუტატი ჰყავდათ, ქართველებს - 26, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს კი - 11. აფხაზებს მეტი დეპუტატი კი ჰყავდათ, მაგრამ კანონში იყო უამრავი დამცავი მექანიზმი, რომელთა წყალობითაც აფხაზები საქართველოს საწინააღმდეგო ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამდნენ. მაგალითად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და მინისტრები ხმების 2/3-ით უნდა დანიშნულიყვნენ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო აფხაზთა დეპუტაციის, სხვა ეროვნების წარმომადგენელთა და  მინიმუმ 7 ქართველი დეპუტატის ხმა. Kკანონი კი კარგი იყო, მაგრამ არძინბამ სანაგვე ყუთში მოისროლა. არსად მსმენია, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს (5 კაცს) მიეღოს კანონები, მაგრამ ამას არძინბა აკეთებდა. ამ თავზე ხელაღებული პოლიტიკოსის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო, მხოლოდ ტყვია თუ გააჩერებდა. კანონში ეწერა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ეროვნებით აფხაზი უნდა ყოფილიყო,  მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე კი ქართველი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აფხაზთა დეპუტაცია წარადგენდა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს კი ქართველები. ასე რომ, დამცავი მექნიზმები ფუჭი აღმოჩნდა, რადგან მათი დაცვა აფხაზებმა არ ისურვეს.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ქართული დეპუტაციის წინააღმდეგობამ არძინბა ვერ შეაფერხა. მხოლოდ თავისი მომხრეების მხარდაჭერით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს. ეს საქართველოში სამხედრო გადატრიალებამ განაპირობა, გამსახურდია გააქციეს. ყველაფერი აირია, ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავდა.

-  რამდენადაც ვიცი, არძინბამ სწორედ ქართველების წყალობით მიიღო თანამდებობა.

- მიამიტობა იყო არძინბას ნდობა. ეს იმას ნიშნავდა, მშიერი ქვეწარმავალი უბეში ჩაგესვა, მაგრამ... როდესაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კობახია გაათავისუფლეს, მის ადგილზე ქართველებთან, კერძოდ, ზვიად გამსახურდიასთან შეთანხმებული კანდიდატურა - არძინბა დასახელდა. არძინბას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი მურმან ომანიძე ლობირებდა. არძინბა საკავშირო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო აფხაზეთიდან და ცნობილი ანტიქართული გამოსვლებით. ამიტომაც მის კანდიდატურას  ქართული მხარე კატეგორიულად შეეწინააღმდეგა, მაგრამ საბოლოოდ ყველა დაიყოლიეს.

არძინბას არჩევის შემდეგ  ჯერი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევაზე მიდგა. ამ თანამდებობაზე ქართულმა მხარემ მე წარმადგინა, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ ჩემი კანდიდატურა არ დაამტკიცა. აფხაზებმა პირი გვიშალეს, მაგრამ ეს მხოლოდ  აფხაზების ბრალი არ იყო. იქაურ ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი კანდიდატურის ჩაგდებაში. ამის  გამო განაწყენებულმა უმაღლესი საბჭოს ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა და სხდომებს აღარ ესწრებოდა.

ხელფეხგახსნილმა არძინბამ უკანონოდ აღადგინა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუცია, თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და მთავრობის ჩამოყალიბება დაიწყო. არძინბამ და ანრი ჯერგენიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა შემომთავაზეს. კატეგორიული უარი განვუცხადე და ვუთხარი, - მზად ვარ დავტოვო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ოღონდ ახალი შს მინისტრი თბილისმა დაამტკიცოს-მეთქი. აფხაზები ჩემი მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობდნენ, მათ არძინბას დაქვემდებარებული შს მინისტრი სჭირდებოდათ. შს სამინისტროს ხელში ჩაგდებით არძინბას თავისი უკანონო  შეიარაღებული დანაყოფებისა და ფორმირებების  ლეგალიზება უნდოდა. თუკი მათ შს სამინისტროს დაუქვემდებარებდა, კანონიერ სტატუსს მისცემდა. ამის დაშვება არ შეიძლებოდა. ქართველი მოსახლეობა ისედაც  დატერორებული და დათრგუნვილი იყო.

რაკი თანამდებობაზე უარი ვუთხარი არძინბას, ჩვენ შორის ურთიერთობა გაწყდა. მხოლოდ ტელეეთერში ვაკეთებდით ერთმანეთის საწინააღმდეგო კომენტარებს. ამასობაში არძინბამ უარი თქვა პროკურატურისა და სასამართლოს თბილისიდან დაფინანსებაზე და რუსების ფულით თვითონ დაიწყო მათი დაფინანსება. მეც მთავაზობდა შს სამინისტროს დაფინანსებას, მაგრამ უარი ვუთხარი. ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც მაშინ თბილისიდან ფინანსდებოდა, შს სამინისტრო იყო. რაკი თბილისთან კავშირს არ ვწყვეტდი, არძინბამ  შს მინისტრად თვითნებურად დანიშნა ალექსანდრე ანქვაბი, მაგრამ სამინისტროში ვერ შემოდიოდა, რადგან მე ჩემს კაბინეტში ვიჯექი და მუშაობას ვაგრძელებდი. აფხაზებს განვუცხადე, - კი ბატონო, გყავდეთ მინისტრად ანქვაბი, მაგრამ კაბინეტში მაშინ შემოვუშვებ, როდესაც მას თბილისში შს სამინისტროს კოლეგია დაამტკიცებს. სანამ თბილისიდან ჩემი დათხოვნის განკარგულება არ მოვა, ქუჩიდან მოსულ კაცს კაბინეტს ვერ დავუტოვებ-მეთქი. ისიც კი შევთავაზე, ანქვაბს თბილისში გავყვები და დავეხმარები, რომ კოლეგიაზე გავიდეს-მეთქი. აფხაზებმა იუარეს და მალე ქართველების წაქეზებით თავს დამესხნენ.

- ვინ წააქეზა აფხაზები?

- დიდი თანამდებობის პირმა. ქართული მხარის მალული თანხმობით მოაწყვეს თავდასხმა ანქვაბმა, ბაღაფშმა და მათმა მხარდამჭერებმა. სამი დღით ადრე ერთმა აფხაზმა გამაფრთხილა, რომ ჩემზე თავდასხმა მზადდებოდა. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებითაც დადასტურდა. შს სამინისტრო ენგელსის ქუჩაზე იყო, მთელ პერიმეტრზე ჩემი შეიარაღებული თანამშრომლები იდგნენ. სამინისტროში საშვებით უშვებდნენ ხალხს. როგორც კი გავიგე მოსალოდნელი თავდასხმის ამბავი, დილემის წინაშე დავდექი, - ჩემს თანამშრომლებსა და უკანონო აფხაზურ ფორმირებებს შორის შეტაკება გარდაუვალი იყო. ამას კი ომი მოჰყვებოდა. ამიტომაც დაცვა მოვხსენი. 22 ივლისს კაბინეტში ჩემს მოადგილესთან ერთად დავჯექი და დაველოდე. მანამდე ბევრჯერ ვცადე დაკავშირება შევარდნაძესთან, მაგრამ უშედეგოდ. იმ დღეს თურმე დაგომისში ელცინს ხვდებოდა. ჯაბასა და კიტოვანს ხომ არ დავურეკავდი? ვიცოდი გვერდით, კა-გე-ბეში გამყიდველები იყვნენ და შეიარაღებული აფხაზების ნაწილი უკვე შენობაში იყო. ჩვენს სამინისტროებს ერთი კედელი ჰყოფდა. თუ დასჭირდებოდათ, კედელს გაანგრევდნენ და შენობას დაიკავებდნენ. Mმაგრამ რადგან დაცვა თვითონ მოვხსენი, ამის გაკეთება აღარ დასჭირდათ.

- უშიშროების მაშინდელი მინისტრი ავთო იოსელიანი ამ დროს სად იყო?

- შევარდნაძეს ახლდა დაგომისში. საკითხავია, რატომ შეირჩა შს სამინისტროში შემოსაჭრელად ის დღე, როდესაც არც შევარდნაძე იყო თბილისში და არც იოსელიანი. მოგვიანებით ინტერვიუში თქვა არძინბამ, რომ ყველაფერი ქართველებთან  შეთანხმებით მოხდა. ანქვაბი თბილისში, ცეკაში შევარდნაძესთან  ნამუშევარი კაცი იყო. ალბათ,  შევარდნაძემ იფიქრა, ჩვენს ინტერესებს გავატარებინებთო, მაგრამ მწარედ შეცდა. ამ ნაბიჯს გავამართლებდი, ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი რომ მოჰყოლოდა. როდესაც სასწორზე ქვეყნის ბედ-იღბალი დევს, ერთი კაცის ინტერესი ან სიცოცხლე რა მოსატანია, მაგრამ უბედურება ის იყო, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ხელისუფლებაში გაუთვლელად და ზედაპირულად იღებდნენ.

შეიარაღებული აფხაზები ჩემს კაბინეტში შემოიჭრნენ. ერთ ჯარისკაცს კაბინეტიდან რომ ვაგდებდი, მეორემ კონდახი ჩამარტყა კისერში. ძლიერი სისხლჩაქცევა მქონდა, დამიზიანდა სახმო სიმებიც, რის გამოც ხმაც გამიფუჭდა.

ვიცოდი, ბაღაფში და ანქვაბი კა-გე-ბეს შენობაში იყვნენ და თავდამსხმელებს მათი მოყვანა მოვთხოვე. 5 წუთში მოვიდნენ. ვუთხარი, დღეს უპატიებელი შეცდომა ჩაიდინეთ. თქვენ გამო მთელი ძალისხმევა, რომ აფხაზეთში დაპირისპირება მშვიდობიანად მოგვარებულიყო, წყალში ჩაიყარა. ამის გამო პასუხს მომავალი თაობა მოგკითხავთ და პასუხისმგებლობას ვერ ასცდებით-მეთქი... მეტი ლაპარაკის ძალა აღარ მქონდა. იმ დღესვე ექიმების თანხლებით თბილისში გადმომიყვანეს სამკურნალოდ.

აფხაზეთის  შს სამინისტრო დაიშალა. 2500-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ ორასიოდე კაცმა ისურვა ანქვაბთან მუშაობა. ქართველმა თანამშრომლებმა ქალაქის მილიციის სამმართველოში მოაწყვეს შტაბბინა. ჩემთან დელეგაციები ჩამოდიოდნენ, დაბრუნდი, მოგვხედეო. იმ ხალხს ვერ მივატოვებდი და როგორც კი გამოვჯანმრთელდი, სოხუმში დავბრუნდი. იქ ვიყავი ომის დაწყების მერეც.

მიუხედავად იმისა, რომ ისევ მინისტრი (თბილისიდან დანიშნული) ვიყავი, რადგან შენობა ანქვაბს ჰქონდა დაკავებული, სამინისტროში აღარ მივსულვარ. შეიქმნა "ეროვნული ერთიანობის საბჭო", მოვაწყვეთ შტაბი და იქ დავბანაკდით. მილიციის ქართული ნაწილი ისევ მემორჩილებოდა და მუშაობას ვაგრძელებდი.

- ომის დაწყება გარდაუვალი იყო?

- 14 აგვისტოს  ისე შემოვიდა კიტოვანი აფხაზეთში, არ გავუფრთხილებივართ. ეს მაშინ გავიგე, სოხუმში ტანკები რომ გამოჩნდნენ. შევარდნაძეს დავურეკე, მან კი, კიტოვანი ქალაქში  არ შემოუშვათო.

17 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართულმა დეპუტაციამ  საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის თავმჯდომარედ დამნიშნა. მთავაზობდნენ მინისტრთა საბჭოს აღდგენასა და მის თავმჯდომარეობას, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან აფხაზების შემორიგებისა და ერთობლივი საქმიანობის გაგრძელების იმედი მქონდა, მაგრამ არძინბა გუდაუთაში გაიქცა...

ჩემ თვალწინ გაიარა ომმა, გაგრის დაცემამ. ნოემბრის დასაწყისში სამხედრო თანამდებობებზე სოხუმში არაკომპეტენტური, შემთხვევითი ხალხი დანიშნეს და გამოსწორების ნაცვლად, მდგომარეობა გაუარესდა. ედუარდ შევარდნაძეს ვუთხარი, აქ დამრჩენი აღარა ვარ-მეთქი და წამოვედი. მით უმეტეს, უკვე პარლამენტის დეპუტატად ვიყავი არჩეული და არც მქონდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის უფლება.

- ჩემთან უთქვამთ, აფხაზეთის ომამდე ქართველები განაიარაღეს და ამას წინ არ აღუდგა შინაგან საქმეთა მინისტრი ლომინაძეო.

- ეს ბრალდებები მეც მსმენია. მეტსაც ამბობენ, თითქოს ქართველებს იარაღს ვართმევდი და აფხაზებს ვაძლევდი, რათა ქართველები დაეხოცათ. ასეთ ხალხს შური, ბოღმა და მიუღწეველი მიზანი ალაპარაკებს, პირადად ჩემზე არიან განაწყენებული და მმტრობენ. უსამართლო ბრალდებები მესმის მათგანაც, ვისაც სინდისი ქენჯნით მოღალატეობრივი ქმედებების გამო და ჩემთვის რაღაცების დაბრალებაში ხედავენ გამოსავალს.

ფერღანისა და სუმგაითის ტრაგედიების შემდეგ (როდესაც ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა ხოცვა-ჟლეტა) საკავშირო მინისტრთა საბჭოს დადგენილება გამოიცა, რომლის თანახმადაც, მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უნდა ამოღებულიყო მოსახლეობიდან იარაღი, სანადირო თოფებიც კი. ამ ბრძანების დუბლიკატი საქართველოშიც გამოიცა, - შს მინისტრის ბრძანება, მაგრამ იცით, მთავარი რა არის? როდესაც ბრალდებებს მიყენებენ, ავიწყდებათ, რომ ეს ბრძანება 1988 წელს გამოიცა და მაშინ მე თბილისში ვმუშაობდი. იარაღი აფხაზეთში ჩემს ჩასვლამდე ერთი წლით ადრე ამოიღეს და ვინც ამოიღო, ისიც არ არის დამნაშავე.

- მაგრამ როგორ დარჩათ იარაღი აფხაზებს?

- არ დარჩენიათ. გჯერათ, რომ მხოლოდ ქართველებისგან ამოიღეს იარაღი? ეს მშიშარა, გათახსირებული ვაიქართველების მონაჩმახია თავის გასამართლებლად, რათა თავიანთი სიმხდალე და არარაობა გაამართლონ. აფხაზეთში 250 ათასამდე ქართველი იყო. დუღდნენ და გადმოდუღდნენ, ისე ცხოვრობდნენ. ომის დაწყებამდე ყველა სოფელი ათ-ათჯერ მაინც მაქვს ფეხით შემოვლილი. ყველას ვაფრთხლებდი, "მერსედესს", პიანინოებსა და როიალს კი ნუ ყიდულობთ, იარაღი იყიდეთ, ხვალ-ზეგ თოფი და ავტომატი დაგჭირდებათ-მეთქი. მეტსაც გეტყვით, თავად შევიტანე იარაღი გუდაუთის რაიონის ქართულ სოფლებში! სამსახურებრივი მანქანის საბარგულსა და სალონს გავძეძგავდი იარაღით, დავჯდებოდი ზემოდან და მივდიოდი გუდაუთაში. ხუთი გზა იარაღი შევიტანე ასე. ვინ გაბედავდა იარაღის  შეტანას გუდაუთაში, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ, მაგრამ...  ქართველების ნაწილმა  მიწაში დამარხა იარაღი და ასევე დამარხული დარჩა. არადა მანამდე მეუბნებოდნენ, თუ თოფი და იარაღი არ გვექნა, აქედან ავიყრებით და წავალთ, აფხაზები ძალიან გვჩაგრავენო. მოსახლეობის ნაწილი მართლაც აიძულეს აფხაზებმა, აყრილიყო.

გუდაუთიდან პირველი დევნილები ჯერ კიდევ 1990-1991 წელს გამოვიყვანეთ და  გულრიფშის სანატორიუმებში შევასახლეთ. სხვებიც რომ არ გამოქცეულიყვნენ, ამიტომ ავიტანე იარაღი, მაგრამ რად გინდა? ზოგს, რა თქმა უნდა, ურჩევნია თქვას, იარაღი წაგვართვესო. აბა, იმას იტყვიან, იარაღი მიწაში ჩავმარხეთ და გამოვიქეცითო? ქართველების გადაყრილი იარაღი ფსოუდან ერთი კვირის განმავლობაში ამოჰქონდათ... ამაზეც ვილაპარაკო? არ მინდა.

(გაგრძელება იქნება)