"სალომე საოცარ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი? - კვირის პალიტრა

"სალომე საოცარ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი?

28 ნოემბერს საქართველომ ახალი, რიგით მე-5 პრეზიდენტი აირჩია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52%-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48%-მა. მოკლედ, პრეზიდენტის პოსტს ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი დაიკავებს. როგორი მეგობარი და დიასახლისია საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი? - გვესაუბრება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი ნათელა მაჭავარიანი:

- ოპოზიცია სალომეზე საოცრებებს ლაპარაკობდა, ამდენ ბოღმას და შეურაცხყოფას, არ ვიცი, რომელი ქალი აიტანდა. მისი ქალობა და სიძლიერე ზუსტად ამაში ჩანს, როგორ ღირსეულად გაუძლო ამდენ რამეს! ასეთი ძლიერი ქალი და პიროვნებაა სალომე! ის არაჩვეულებრივი დედა და მეგობარია, პრინციპული და მართალი! არავითარ შემთხვევაში ტყუილს არ იტყვის. მისი უახლოესი მეგობარი ვარ და ყოველთვის მეუბნება, თუ სწორი არ ვარ და მართალ საქმეს არ ვაკეთებ. მეგობრობაც იცის, თავის საქმეც, დედობაც... ნათელა მაჭავარიანი და სალომე ზურაბიშვილი

ნახეთ რა შვილები ჰყავს! ბოდიშს გიხდით ჟურნალისტებს, მაგრამ ნახევარზე მეტი გამართული ქართულით ვერ საუბრობთ და რა გასაკვირია, სალომე ზურაბიშვილს ცოტა აქცენტი ჰქონდეს?! დედამისიც კი საფრანგეთში დაიბადა და როგორ იცავდა იგი ქართულ ენას, როგორი პატრიოტიზმით და სიყვარულით გაზარდა შვილები! სალომემ თქვა, ხუთი წლის ბავშვს მამაჩემი ქართულ წიგნებს, პირველ რიგში "ვეფხისტყაოსანს" გადმომიღებდა და მეუბნებოდა, ჯერ ქართული უნდა ისწავლო და მერე ფრანგულიო... როცა სალომე ზურაბიშვილი სამზარეულოში ტრიალებს. ფოტოები მისი პირადი 'ფეისბუკიდან'

სალომე იშვიათი დედაა, ნამდვილი დედა როგორიც უნდა იყოს ზუსტად ისეთი! სხვათა შორის, მკაცრიცაა, იმიტომაც ჰყავს ასეთი არაჩვეულებრივი შვილები! მკაცრში იმას კი არ ვგულისხმობ, შვილებს მათრახით დასდევდეს, უბრალოდ, ყოველთვის სწორ შენიშვნებს აძლევს... ვგიჟდები ორივეზე, მე და თეიმურაზი ვმეგობრობთ კიდეც...

- ქალბატონო ნათელა ყველას გვახსოვს რა რთული იყო თქვენი ცხოვრება.. დიდი ტრაგედია გადაიტანეთ, სალომე ამ დროს გვერდით გედგათ?

- ჩემი უბედურების პერიოდში სალომე ჯერ კიდევ საფრანგეთში იყო... ჯანრი კაშია და ჩემი პირველი მეუღლე - გეგას მამა ბავშვობის უახლოესი ძმაკაცები იყვნენ. ჯანრი ჩემთვისაც უახლოესი იყო და როდესაც სალომე საქართველოში ჩამოვიდა, მაშინ გამაცნო... იმის შემდეგ სალომესგან სულ სიკეთე მახსოვს! საქართველოს სხვადასხვა კუთხეები ერთად მოვიარეთ, მასთან საფრანგეთშიც არაერთხელ ვყოფილვარ...

- გვითხარით, რაც საზოგადოებამ მასზე არ იცის, მაგალითად, რამდენად კარგი მზარეულია? - არაჩვეულებრივი! საოცარ ქართულ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს, მწვადს... ყველაფერი ეხერხება... აღდგომას  უგემრიელეს პასკებსაც აცხობს, ისეთს, ბევრი სპეციალისტიც რომ ვერ გააკეთებს. ძალიან უყვარს სტუმრები, მათი გამასპინძლება... გამასპინძლების გარეშე სახლიდან არავის უშვებს... სალომე ზურაბიშვილი თონეში პურის ჩაკვრას სწავლობს ქართული ხასიათი მისი სტუმარ-მასპინძლობიდან ყველაზე მეტად ჩანს. თავიდან ძალიან მიკვირდა მისი ეს თვისება... როგორც მოგახსენეთ, მასთან საფრანგეთშიც თვეობით ვიყავი ხოლმე. ნამდვილი ინტელიგენტი იყო დედამისი, ზეინაბ კედია, 92 წლის ასაკშიც ულამაზესი... საფრანგეთში შეძლებისდაგვარად მეც ქართული კერძებით მიმასპინძლდებოდნენ, ფრანგულთან ერთად. მართალი გითხრათ, ქართული სულაც აღარ მინდოდა, ფრანგული უფრო მომწონდა, იმდენად მიყვარს იქაური სალათები...  უდიდესი პატივისცემა მახსოვს მათგან, სულ მომატარა სალომემ იქაურობა...

- კიდევ რა გამორჩეული თვისებები აქვს? - ძალიან უყვარს სახლის დალაგება და წესრიგი, მაგრამ ახლა თვითონ არ ალაგებს, დამხმარე ქალი ჰყავს... თვითონ 24 საათი გარეთ არის და სახლის საქმეებისთვის ბუნებრივია დრო აღარ რჩება. სულ მოწესრიგებულია! ძალიან უყვარს და უხდება სამკაულები. მე მაგალითად სულაც არ მიხდება ბევრი სამკაული ერთად და არც მიყვარს, სალომე კი ყველაფერს იხდენს. სალომე ზურაბიშვილი, ნათელა მაჭავარიანი, ჟანრი კაშია და სოფო ჯაჯანაშვილი

როგორც მოგახსენეთ, ძალიან პრინციპულია, ღირსი თუ არ ხარ, არც არაფერს გაგიკეთებს და მისი ეს თვისება მეც ძალიან გადმომედო... ყოველგვარი ბოდიშების გარეშე პირდაპირ უარს გეტყვის.

- ოპონენტებმა მისი პირადი ცხოვრებაც უარყოფითად განიხილეს, ამაზე რას იტყვით?

- მაგათი ლაპარაკი არაფერს ნიშნავს და საერთოდ "ნაციონალური მოძრაობა" ბოროტების სექტაა! იმიტომაც შეაზიზღეს ქვეყანას თავი... სალომეს ყოველი ნაბიჯი სიყვარულით სავსეა და ეს მხოლოდ მისასალმებელია!

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: მშობლები, შვილები, კარიერა, ქონება და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული - ყველაფერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შესახებ

(სპეციალურად საიტისთვის)